"სტალინს თუ ჩამოასვენებენ, სად უნდა დაკრძალონ მთაწმინდაზე, დედის - კეკეს გვერდით?" - კვირის პალიტრა

"სტალინს თუ ჩამოასვენებენ, სად უნდა დაკრძალონ მთაწმინდაზე, დედის - კეკეს გვერდით?"

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა მორიგი სკანდალური განცხდება გააკეთა. "ინტერფაქსთან" ინტერვიუში კადიროვმა სტალინის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, თუ სტალინის ნეშტი საქართველოს დაუბრუნდება.

"რაც შეეხება სტალინის ნეშტს, ვფიქრობ, კეთილი ნება უნდა გამოვიჩინოთ და ის საქართველოს გადავცეთ. საქართველო საბჭთა კავშირის ნაწილი იყო, რომელსაც იოსებ სტალინი ხელმძღვანელობდა. ამიტომ, ლოგიკური და ამავე დროს სამართლიანიც იქნება, რომ საქართველოს გაუჩნდეს შანსი, სტალინის ნეშტი საქართველოში გადაასვენოს, ხოლო რუსეთის მილიონობით მცხოვრები კი თავისუფლად ამოისუნთქავს მაშინ, როცა ეცოდინებათ, რომ სტალინის სულმა რუსეთი დატოვა", - განაცხადა ინტერვიუში კადიროვმა.

რამდენად რეალურია სტალინი საქართველოში გადმოსვენება?

გრიშა ონიანი, საერთაშორისო ორგანიზაცია "სტალინის" თავმჯდომარე:

"მაშინ, როცა რუსეთს ბევრად ვერაფრით აშინებს ამერიკელების მიერ მოჭრილი ქაღალდის ვეფხვი ეკონომიკური სანქციების სახით, მათ რუსეთისთვის ახალი იდეოლოგიური სანქციების შექმნა განიზრახეს, რომელშიც პოლიტიკაში ნაკლებ გაცნობიერებული კადიროვის ჩართვა განიზრახეს და უკვე მეორეჯერ გააკეთებინეს განცხადება, რომლის განხორციელების არავითარი შანსი არ არსებობს.

არაფრით არ შეიძლება ეს რომ მოხდეს. მან შექმნა დიდი რუსეთის იმპერია, ამიტომ საქართველოში სტალინს არაფერი ესაქმება.

სტალინმა იმდენი მოახერხა, რომ ის უკვე ღმერთს უტოლდება, მას საერთოდ არ სჭირდება არც ძალით დადგმული ძეგლი და არც ასეთი საფლავი. როგორც ღმერთის საფლავი არ ვიცით, ასევე არ არის საჭირო მისი საფლავის ცოდნა, მოვა დრო და მას საზოგადოება ისე გაიხსენებს".

ჯემალ ჭკუასელი, სახელმწიფო ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი:

"კადიროვმა გამოთქვა აზრი, მაგრამ კადიროვს ვინ ჰკითხავს?! არ ვიცი, რამდენად არის შესაძლებელი და რას იტყვიან მოსკოვში, ჩემი აზრით, ის უდიდესი პიროვნება იყო, რა გააკეთა და რა გააფუჭა, ეს ცალკე თემაა, ის ამხელა იმპერიის მმართველი იყო, ჩემი აზრით, მოსკოვში უნდა დარჩეს. სტალინის პიროვნება ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, არ ვიცი როგორ შეაფასებს მას ისტორია. თუ ჩამოასვენებენ, სად უნდა დაკრძალონ მთაწმინდაზე დედის - კეკეს გვერდით?"

იხილეთ ასევე: კადიროვი: "კეთილი ნება უნდა გამოვიჩინოთ და სტალინის ნეშტი საქართველოს გადავცეთ"

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)