"დაშავებულები ცდილობდნენ ფანჯრები გაეღოთ და ესუნთქათ" - რას ჰყვებიან თვითმხილველები? - კვირის პალიტრა

"დაშავებულები ცდილობდნენ ფანჯრები გაეღოთ და ესუნთქათ" - რას ჰყვებიან თვითმხილველები?

"ხანძარი გაჩნდა სპა-სალონში და ვენტილაციის მხრიდან ავიდა ნომერშიო"

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 11 ადამიანი, 15-ზე მეტი კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილი არიან ბათუმის კლინიკებში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

თვითმხილველები მომხდარის დეტალებზე საუბრობენ.

"პირველადი ვერსია მე როგორც ვიცი, არის ის, რომ ხანძრის გაჩენას მოკლე ჩართვას აბრალებენ. უცებ გაითიშა შუქი, მაგრამ ეს არ არის ოფიციალური ვერსია. იყვნენ დაშავებულები ცდილობდნენ ფანჯრები გაეღოთ და ესუნთქათ, ზოგი სასწრაფო დახმარებას ეძახდა. დაკვამლიანება იყო საკმაოდ სერიოზული", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელიც "მის საქართველოს" კონკურსანტებს ახლდა თან.

კიდევ ერთი თვითმხილველის, ირაკლი მეტრეველის თქმით, მათ კვამლი უცებ შენიშნეს.

"ყველაფერი უცებ მოხდა, კვამლის გაჩენის მერე სასტუმროს თანამშრომლები პანიკაში ჩავარდნენ, მე ვიყავი რესტორნის სართულზე, კვამლის გაჩენის შემდეგ გამოვედით ვერანდაზე. ვერსია, რომელიც მე ვიცი არის ის, რომ ხანძარი გაჩნდა სპა-სალონში და ვენტილაციის მხრიდან ავიდა ნომერშიო. სახანძრო გასასვლელი სასტუმროში ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ და ველოდებოდით მეხანძრეებს", - ამბობს ირაკლი მეტრეველი.