"ერთ - ერთმა დედას დაურეკა, მიშველე ვიხრჩობიო" - "ლეო გრანდის" კოშმარი - კვირის პალიტრა

"ერთ - ერთმა დედას დაურეკა, მიშველე ვიხრჩობიო" - "ლეო გრანდის" კოშმარი

"სავარჯიშოდ იყვნენ ბიჭები მისულები და გაიგუდნენ დაკვამლიანებისგან. ამაზე საშინელი და უსამართლო სიკვდილი არსებობს?"

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 10 საქართველოს, 1 კი ირანის მოქლაქეა. როგორც ირკვევა გარდაცვლილთაგან 5 ბათუმის მკვიდრია. ახალგაზრდები სასტუმროს სავარჯიშო დარბაზში იმყოფებოდნენ, როდესაც ხანძარი გაჩნდა.

ეს ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილების ახლობლებმა დაუდასტურეს.

დაღუპულებიდან ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ლიფტში იპოვეს, ორი კი სავარჯიშო დარბაზთან.

"ჩემი ახლობლები, 29 და 33 წლის ბიჭები, სავარჯიშო დარბაზში დაახლოებით, 1 საათის მისულები იქნებოდნენ, ინტენსიურად დადიოდნენ და ვარჯიშობდნენ. ერთ-ერთი მეზღვაური იყო, 1 კვირის წინ დაბრუნდა ნაოსნობიდან. როგორც ვიცი, საუნადან გავრცელდა ხანძარი. სინათლეც ჩაქრა, გზა ვეღარ გაიკვლიეს და კვამლის გამო გაიგუდნენ", - განაცხადა ახლობელმა.

გარდაცვლილი 6 მამაკაციდან 5 ბათუმელი იყო, ხოლო ერთი - გორიდან.

"ლეოგრანდში" ფიტნეს დარბაზში დადიოდნენ. ერთ-ერთი ჩვენს ეკლესიაში სტიქაროსანი იყო, ორი მათგანი, როგორც მითხრეს, ლიფტში კვამლისგან გაიგუდა. კიდევ ერთი იყო სავარჯიშოდ, რომელმაც დედას დაურეკა, მიშველე ვიხრჩობიო. გარდაცვლილები 23, 26 და 27 წლისები არიან", - განაცხადა გარდაცვლილების მეგობარმა.

ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილები პროზექტურიდან უკვე გადაასვენეს ოჯახებში.

"სავარჯიშოდ იყვნენ ახალგაზრდა ბიჭები მისულები და გაიგუდნენ დაკვამლიანებისგან. ამაზე საშინელი და უსამართლო სიკვდილი არსებობს? იმიტომ აღარ არიან დღეს, რომ ყველანაირი გამოსავალი ჰქონდათ დახშული გასულიყვნენ ქუჩაში. როგორც ამბობენ - არც ფანჯარა, არც კიბე. ასე გადაუწყვიტა მათ სასტუმროს მშენებელმა. ცეცხლი არ ყოფილა მასშტაბურიო. მაგრამ დაკვალიანება იყო ძალიან დიდიო. ექსპერტობა არ სჭირდება ამ ამბავს, რომ ვერ მიხვდე რაღაცეებს. 40- მილიონიანმა სასტუმრომ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა იმ დონეზე დაიკიდა, რომ ლამის "ზამეკანიას" ამდენი ხალხი ემსხვერპლა. "ზამეკანია" ვისაც ყურში მოხვდა - ჩვენ ვსაუბრობთ რაღაც ზეაღმატებულ-გრანდიოზულ სასტუმროზე, რომლისთვისაც ასეთი ცეცხლი მართლა "ზამეკანია" უნდა ყოფილიყო", - წერს "ფეისბუკის" ერთ-ერთი მომხმარებელი. (წყარო)

შეგახსენებთ, ბათუმში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო "ლეო გრანდი" 2015 წლის ივნისში საქართველოს იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. როგორც იმჟამინდელი პრესა იუწყებოდა, ამ პროექტის განხორციელებაზე 40 მილიონი დოლარის თურქული ინვესტიცია დაიხარჯა. სასტუმროში 180 ნომერია. მისი მშენებლობა 2012 წლის სექტებერში დაიწყო და ის გაშენენებულია 6000 კვადრატულ მეტრზე, პროექტის ავტორია ცნობილი თურქი ინჟინერი აშქინ ჰიზმანი.