"გვითხრეს, გათბობის სისტემის გადართვის დროს "ბაკი" აფეთქდაო" - რას ყვება ხანძარზე მოდელი ვიქტორია კოჩეროვა? - კვირის პალიტრა

"გვითხრეს, გათბობის სისტემის გადართვის დროს "ბაკი" აფეთქდაო" - რას ყვება ხანძარზე მოდელი ვიქტორია კოჩეროვა?

24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთაგან 10 საქართველოს, 1 კი ირანის მოქალაქეა. ცნობილია ისიც, რომ გარდაცვლილთაგან 5 ბათუმის მკვიდრია, ერთი გორელია. მაშინ, როცა სასტუმროში ხანძარი უეცრად გაჩნდა, ახალგაზრდები სასტუმროს სავარჯიშო დარბაზში იმყოფებოდნენ.

"ლეოგრანდში" ფიტნეს დარბაზში დადიოდნენ. ერთ-ერთი ჩვენს ეკლესიაში სტიქაროსანი იყო, ორი მათგანი, როგორც მითხრეს, ლიფტში კვამლისგან გაიგუდა კიდევ ერთი იყო სავარჯიშოდ, რომელმაც დედას დაურეკა, მიშველე ვიხრჩობიო. გარდაცვლილები 23, 26 და 27 წლისები არიან", - განაცხადა გარდაცვლილების მეგობარმა.

როგორც ცნობილია, სასტუმროში "მის საქართველოს" კონკურსანტები იმყოფებოდნენ. ჩვენ სამოდელო სააგენტო "იმიჯ ცენტრის" მენეჯერს მაცაცო გულუას ვესაუბრეთ:

"მის საქართველოს" მოსამზადებელი ეტაპები გვქონდა და ვახშამზე ვიმყოფებოდით, ეს მოვლენები წამებში განვითარდა. შემდეგ ჩაქრა შუქიც და პანიკა ატყდა. ჩვენს გარდა სასტუმროში უცხოელი დამსვენებლები იყვნენ, თურქები, ებრაელები და სხვა. დაახლოებით საათნახევარი მოგვიწია სასტუმროში ყოფნა და შემდეგ სამაშველო ჯგუფებმა გამოგვიყვანეს. ტექნიკურად რა მოხდა და რისგან გაჩნდა ეს ყველაფერი, ჯერჯერობით არ ვიცით. "მის საქართველოს" კონკურსანტები ყველა კარგად არის, უკვე სხვა სასტუმროში დავბინავდით და ველოდებით ოფიციალურ განცხადებას თუ რა მოხდა სასტუმროში".

ვიქტორია კოჩეროვა, "მის საქართველო 2016":

"იმ დროისთვის იქ არ ვიყავი, თუმცა როგორც ვიცი, საუნაში შეიქმნა პრობლემა. გვთხრეს, რომ გაზი გაითიშა, თავისთავად გათბობის სისტემაც გაითიშა და გადართვის დროს "ბაკი" აფეთქდა, მთელი კვამლი კი ვენტილაციით შენობაში შევიდა. როგორც ვიცი 7 ადამიანი ლიფტში დაიღუპა და სამი საუნაში, ერთი კიბეზე დაიღუპა. როგორც ჩანს, ვერ მოასწრო გაქცევა.

"მის საქართველოს" მონაწილე გოგონები გუშინ ვნახე და კარგად არიან. საღამოს საათები იყო, ყველა ღონისძიებისთვის ემზადებოდა და სასტუმროდან ხალათებში, ფეხშიშველები გამოიქცნენ, სამი საათი საშინელ სეტყვაში და უამინდობაში იყვნენ.

თავიდან სახანძრო განგაში რომ ჩაირთო, გოგონების ნაწილი რესტორანში იყო, ნაწილი კი ზემოთ სასტუმროში, თუმცა მოასწრეს ქვემოთ ჩამოსვლა. ტერასასთან ახლოს იყვნენ და გაუმართლათ".

ფოტო: ვიქტორია კოჩეროვა

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)