"სინათლეც ჩაქრა, გზა ვეღარ გაიკვლიეს და კვამლის გამო გაიგუდნენ" - ვინ არიან ახალგაზრდები, ვინც ბათუმში ხანძრისას დაიღუპნენ? - კვირის პალიტრა

"სინათლეც ჩაქრა, გზა ვეღარ გაიკვლიეს და კვამლის გამო გაიგუდნენ" - ვინ არიან ახალგაზრდები, ვინც ბათუმში ხანძრისას დაიღუპნენ?

24 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია დაღუპულთა შორის არის 10 საქართველოს და 1 ირანის მოქალაქე. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილთაგან 5 ბათუმის მკვიდრი იყო.

ცნობილია რამდენიმე დაღუპულის სახელი და გვარი: მარად შანთაძე, ზაურ აბულაძე, გიორგი ცინცაძე, დათო ქამადაძე, როინ ჯოყილაძე, დავით ლორთქიფანიძე, ბექა შათიკაშვილი. ეს უკანასკნელი დაღუპულებს შორის ყველაზე ახალგაზრდა - 22 წლისაა, ის ბათუმში სასულიერო სემინარიის სტუდენტი იყო და ღვთისმშობლის ტაძარში სტიქაროსნად მსახურობდა.

ფოტოზე: ზაურ აბულაძე, დავით ლორთქიფანიძე, დათო ქამადაძე

"ჩემი ახლობლები, 29 და 33 წლის ბიჭები, სავარჯიშო დარბაზში დაახლოებით, 1 საათის მისულები იქნებოდნენ, ინტენსიურად დადიოდნენ და ვარჯიშობდნენ. ერთ-ერთი მეზღვაური იყო, 1 კვირის წინ დაბრუნდა ნაოსნობიდან. როგორც ვიცი, საუნადან გავრცელდა ხანძარი. სინათლეც ჩაქრა, გზა ვეღარ გაიკვლიეს და კვამლის გამო გაიგუდნენ", - განაცხადა ახლობელმა.

"ლეო გრანდში" ფიტნეს დარბაზში დადიოდნენ. ერთ-ერთი ჩვენს ეკლესიაში სტიქაროსანი იყო, ორი მათგანი, როგორც მითხრეს, ლიფტში კვამლისგან გაიგუდა. კიდევ ერთი იყო სავარჯიშოდ, რომელმაც დედას დაურეკა, მიშველე ვიხრჩობიო. გარდაცვლილები 23, 26 და 27 წლისები არიან", - განაცხადა გარდაცვლილების მეგობარმა.

ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილები პროზექტურიდან უკვე გადაასვენეს ოჯახებში.

მთავარ ფოტოზე: გიორგი ცინცაძე, როინ ჯოყილაძე, მარად შანთაძე