"ყველაფერი მოასწრო, გმირობაც - თავის საქმეს და სამშობლოს ინტერესებს შეეწირა" - კვირის პალიტრა

"ყველაფერი მოასწრო, გმირობაც - თავის საქმეს და სამშობლოს ინტერესებს შეეწირა"

"თამუნამ იცოდა, რომ იმ დღეს ვანო იქ იყო. ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ ასეთი უბედურება თუ დაატყდებოდა თავს, რას იფიქრებდა! ჩვეულებისამებრ ელოდა, მეუღლე როდის დაბრუნდებოდა შინ..."

"როგორი ადამიანი იყო?.. უღალატო, ბრმად რომ ენდობოდი, საიმედო, ძალიან სწრაფი, გულიანი, პროფესიონალი", - ასე ახასიათებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მებრძოლს ვანო გოლოშვილს მისი მეგობრები.

22 ნოემბრის ღამეს თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე ანტიტერორისტულ ოპერაციას 41 წლის სპეცრაზმელი ვანო გოლოშვილი ემსხვერპლა, მას ორი მცირეწლოვანი შვილი - 5 წლის მარიამი და 2 წლის გიორგი დარჩა.

დაღუპულის მეუღლემ, თამუნა ხელაიამ, საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა: "ჩემმა ქმარმა სამშობლოს, ხალხს შესწირა თავი, საყვარელი ცოლ-შვილი ობლად დაგვტოვა... საუკეთესო მეუღლე და მამა იყო... ის ყოველთვის ჩემთან იქნება, ისე გავაგრძელებ ცხოვრებას, როგორც მას უნდოდა... მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის", - წერს ის.

დავით გოლოშვილი, ბიძაშვილი:

- არც კი ვიცოდი, ვანო ძალოვან უწყებაში თუ მუშაობდა. ოჯახმა შეიძლება იცოდა, ყველას არ უყვებოდა სამსახურის შესახებ...

საოცრად კარგი ბიჭი იყო, თბილი, მეგობრისთვის სულს არ დაიშურებდა, სიტყვა ეთქმოდა და პატივს სცემდნენ...

დუშეთის სოფელ მილისწყაროში აქვს მამისეული სახლი. მისი დარდი ჰქონდა. როგორც კი ცოტა გაიმართა წელში, ამბობდა, - იქაურობას უნდა მივხედო, სახლი უნდა შევაკეთოო.

თბილისში ბინა ჰქონდა ნაგირავები, ბანკიდან გამოიტანეს გირაოს თანხა... დუშეთში ხშირად დადიოდა - იქ მოხუცი დედა და დასაოჯახებელი ძმა ჰყავს. ვერავინ იტყვის, ვანოსგან სითბო და ყურადღება დამაკლდაო... პატარაობისას, არდადეგებზე, ბიძაჩემს მივყავდი ხოლმე სოფელში. სასიამოვნოდ მაგონდება ის ბედნიერი დრო... ვანო და მისი ძმა დუშეთის ინტერნატში სწავლობდნენ... ძალიან მშრომელი ბიჭი იყო. უყვარდა სოფელი. ჩემი საძვალე მეძახისო, - იტყოდა, - ცოტაც და, პენსიაზე გავალ, ნაკვეთს ავიღებ, საქონელს ვიყოლიებო.

9 დეკემბერს 42 წლის ხდებოდა...

ვანო და-ძმაზე უფროსი იყო და ყველაზე ზრუნავდა. ცოლ-შვილზე გადაგებული იყო. გვიან შექმნა ოჯახი, ძალიან კარგი გოგონა შეირთო ცოლად, ორი ულამაზესი შვილი ჰყავს...

ამ მოკლე ხანში, ყველაფერი მოასწრო, გმირობაც - თავის საქმეს და სამშობლოს ინტერესებს შეეწირა.

ირმა გოლოშვილი, ბიძაშვილი:

- ძალიან კეთილშობილი ბიჭი იყო. ოჯახი გვიან შექმნა და თითქოს გული უგრძნობდაო, უნდოდა, ყველაფერი მოესწრო, ცოლ-შვილისთვის არაფერი მოეკლო...

ცდილობდა, შვილებისთვის კარგი მომავალი შეექმნა. გაისად გოგონა სკოლაში მიდის და ერთად გეგმავდა ცოლ-ქმარი, რომელ სკოლაში უნდა შეეყვანათ. ბინის შეძენას ფიქრობდნენ, რომ შვილებს საკუთარი ჭერი ჰქონოდათ და ამისთვის თავდაუზოგავად მუშაობდა.

მამის გარდაცვალების მერე უფრო ზრუნავდა დედაზე. კეთილშობილი, პატიოსანი, წესიერი მშობლები ჰყავდა, ასეთად გაზარდეს ვანოც. სულ ვარჯიშობდა, სულ ფორმაში იყო, სულ კარგად გამოიყურებოდა...

- იმ დღეს ოჯახს არ უთხრა, რომ კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობდა?

- თამუნამ იცოდა, რომ იმ დღეს ვანო იქ იყო. ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ ასეთი უბედურება თუ დაატყდებოდა თავს, რას იფიქრებდა! ჩვეულებისამებრ ელოდა, მეუღლე როდის დაბრუნდებოდა შინ... როდესაც გავიგე, სპეცრაზმელი დაიჭრა და სიკვდილს ებრძვისო, გავიფიქრე, - ნეტავ გადარჩეს-მეთქი. რა მნიშვნელობა ჰქონდა, ვიცნობდი თუ არა, ვერ წარმოვიდგინე, რომ ის ჩემი ვანო იქნებოდა...

ჯერ კიდევ გონს ვერ მოვსულვართ. მეუღლე, მით უმეტეს. ორი შვილით დარჩა მარტო... არც კი ვიცი, რით ვანუგეშო...

ლალი პაპასკირი