"პატრიარქმა ყველას გასაგონად თქვა, აი, ჩემი რჩეული, მეუფე შიო"
27-11-2017
"პატრიარქმა ყველას გასაგონად თქვა, აი, ჩემი რჩეული, მეუფე შიო"
"მეუფე შიო ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა ბერად აღიკვეცა და მას მერე დაუღალავად და უშურველად მოღვაწეობს საქართველოს ეკლესიაში"

"ეს არის ისტორიული გიორგობა. წმინდა გიორგიმ ინება, რომ გვყავდეს მოსაყდრე და ასეთი არის მეუფე შიო. მეუფე შიოს ვულოცავ ამ მაღალ წოდებას და იმედი მაქვს, რომ გაამართლებს დაკისრებულ საქმეს", - ბრძანა საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გიორგობის დღესასწაულზე და ქორეპისკოპოსი, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი მეუფე შიო მოსაყდრედ გამოაცხადა.
ბევრის აზრით, ამ ნაბიჯით პატრიარქმა საპატრიარქოს შესახებ მითქმა-მოთქმას წერტილი დაუსვა და მომავალ პატრიარქად თავისი რჩეული დაასახელა.

თავად პატრიარქის რჩეული მიტროპოლიტი მეუფე შიო ამბობს, რომ პატრიარქის გადაწყვეტილება გიორგობის ღამეს შეიტყო."მისმა უწმინდესობამ ისეთი დიდი პატივი მარგუნა წილად, რომ ვღელავ, რამეთუ ეს უდიდესი ჯვარია. მე იმედი მაქვს ღვთის
მადლის, შეწევნის, წმინდა გიორგის მფარველობისა და მისი უწმინდესობის მამობრივი ხელმძღვანელობის და ლოცვა-კურთხევის. ნამდვილად უღირსად მიმაჩნია თავი ამ მსახურებისთვის", - განაცხადა მეუფე შიომ.

დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი, საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე:
- მეუფე შიოს კარგა ხანია ვიცნობ, განათლებული, კულტურული, თავისი ქვეყნისა და ეკლესიის პატრიოტია. თავდადებულია თავისი ბერული მოღვაწეობით. ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა ბერად აღიკვეცა და მას მერე დაუღალავად და უშურველად მოღვაწეობს საქართველოს ეკლესიაში. რაც შეეხება უწმინდესის ბრძანებულებას, ეს ნამდვილად სიურპრიზი იყო განა მარტო ჩემთვის, მღვდელმთავრებისთვისაც.
მისი უწმინდესობის ამ გადაწყვეტილებას ვუწოდებ ბრძნულს, გამომდინარე იქიდან, რომ ამით ყველანაირი საჭორაო თემა ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრილია, რომ თითქოს რაღაც საიდუმლოებები არსებობს, რომელსაც პატრიარქი ქამარზე ჩამოკიდებული გასაღებით დაატარებს.

პატრიარქმა ყველას გასაგონად თქვა, "თუ ასეთი მაღალი ინტერესია საზოგადოების, აი, ჩემი რჩეული, მეუფე შიო". ყველაფერი ცხადზე ცხადია, პატრიარქს თავის ხალხთან დასამალი არაფერი აქვს.

- პატრიარქმა მომავალი პატრიარქი დაინახა მასში?

- პატრიარქი არა მარტო სულიერი ლიდერია, ის მამაა საქართველოსი, პატრიარქი ადმინისტრაციული მმართველიც არის. ეკლესიის ადმინისტრაციულ მართვას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება. ასაკიდან გამომდინარე, მის უწმინდესობას ჯანმრთელობა ძველებურად აღარ უწყობს ხელს. შესაბამისად, მას სჭირდება გვერდში მყოფი და ვფიქრობ, მეუფე შიო ნამდვილად ის პიროვნებაა.

- რა ფუნქციები ექნება მეუფე შიოს?

- საეკლესიო კანონმდებლობით ჩვენ ვიცით, რა ფუნქცია აქვს მოსაყდრეს პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში, მაგრამ რა ფუნქცია აქვს მის თანამოღვაწეობასთან ერთად, ეს საეკლესიო კანონებით განსაზღვრული არ არის. ეკლესია კანონებით, მსოფლიო საეკლესიო კრებებით, ადგილობრივი კრებების კანონებით იმართება. ამ კანონების მიხედვით გაიწერება, თუ რა ფუნქციები დაეკისრება მას. უშუალოდ, რა ლოცვა-კურთხევას მისცემს მას პატრიარქი და რისი უფლებები ექნება, ეს მალე საჯარო გახდება.
მოსაყდრეობა არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი მეუფე შიო იქნება, პატრიარქს საეკლესიო კრებაზე ირჩევენ და არა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. მოქმედი პატრიარქი სხვა პატრიარქს ვერ დანიშნავს.

- სინოდის წევრები როგორ შეხვდნენ პატრიარქის გადაწყვეტილებას?

- სინოდის წევრებთან ამაზე არ მისაუბრია, მაგრამ არა მგონია, ვინმე ეწინააღმდეგებოდეს პატრიარქის გადაწყვეტილებას.
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: "მოსაყდრის დანიშვნა იმას ნიშნავს, რომ პიროვნება შეიძლება მას დაეხმაროს, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას პატრიარქი მართავს. მოსაყდრის განსაკუთრებულ უფლებამოსილებებზე ლაპარაკი არ არის და ეს არც იმას ნიშნავს, რომ ის ავტომატურად საქართველოს მომავალი პატრიარქი იქნება".

საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში, რომელიც გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ 1995 წელს მიიღო, ნათქვამია, რომ კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისთვის მოვალეობების შესრულებას, ეკლესიას მართავს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე, საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზეც აირჩევენ სრულიად საქართველოს პატრიარქს. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით უნდა იყოს ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება; ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არა უმეტეს სამოცდაათი წლისა, უნდა იყოს ბერი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება. გაფართოებული კრების წინ მოსაყდრე იწვევს წმინდა სინოდს საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად. წმინდა სინოდი გაფართოებულ კრებაზე წარსადგენ სამ კანდიდატს ირჩევს. სინოდის ყველა წევრს აქვს უფლება წარმოადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის, თავისი თავიც. სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, კენჭს იყრიან გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატები. გაფართოებული კრების ყველა მონაწილეს აქვს უფლება გამოთქვას აზრი კანდიდატთა შესახებ. კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები და კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, გაიმართება ხელმეორე კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომლებიც პირველ კენჭისყრაში მიიღებენ ხმათა უმრავლესობას. კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად, სამუდამოდ (კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებამდე) ხდება. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების თანახმად, ის საეკლესიო კრება, რომელიც არ მოუწვევია კათოლიკოს-პატრიარქს ან მოსაყდრეს, უკანონოა.

რადგან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მოსაყდრედ დაასახელა, სპეციალისტების თქმით, პატრიარქის მიერ ანდერძით მოსაყდრის დატოვების საკითხი აქტუალური აღარ არის. მან უკვე თქვა, რომ მისი რჩეულია მეუფე შიო, მაგრამ დებულებით, კათოლიკოს-პატრიარქს აქვს უფლება, თუ საჭიროდ ჩათვლის, შეცვალოს გადაწყვეტილება და ახალი მოსაყდრე დანიშნოს. თავის მხრივ, სურვილის შემთხვევაში, მოსაყდრესაც შეუძლია გადადგომა. ასეთ დროს პატრიარქმა შეიძლება მოსაყდრე კვლავ გამოაცხადოს ან ანდერძი დატოვოს.

ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა გიორგი თევდორაშვილი:

- მეუფე შიო მუჯირი ჩემი უფროსი მეგობარია. ის ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გახლდათ. პატრიარქის გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მეუფე შიო მართლაც გამორჩეული მღვდელმთავარია სულიერებით, განვლილი ცხოვრებით, ინტელექტით. პატრიარქმა ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეუფე შიო მომავალი პატრიარქია, რადგან ძალიან ბევრი რამ არის წინ. თუმცა მისი პატრიარქობაც არ არის გამორიცხული, პირადად ჩემი და ბევრის სურვილია, საბოლოოდ აღსრულდეს ეს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

კონსერვატორიიდან ბერობამდე


ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი დაიბადა თბილისში, 1969 წლის 1-ლ თებერვალს. დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა. 1988 წლიდან სწავლა თბილისის კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში გააგრძელა. 1991 წელს ელიზბარ მუჯირი შიომღვიმის მონასტერში მორჩილად წავიდა. 24 წლის ასაკში, 1993 წლის 5 იანვარს, ბერად აღიკვეცა. საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ ბერდიაკონი შიო 1996 წელს მღვდლად აკურთხა. ერთ წელიწადში იგი თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1998 წელს ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია დაამთავრა და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე განაგრძო. ამავე წლის 3 აპრილს იღუმენის წოდება მიენიჭა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის მღვდელმსახური იყო. მალე ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 2001 წლის ოქტომბრიდან მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში. 2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო ახალშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის წინამძღოლად გამოარჩია. 7 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ის ეპისკოპოსად აკურთხა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. 2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო წმინდა გიორგის ორდენით დაჯილდოვდა, 2009 წელს კი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს. 2010 წელს მიტროპოლიტი გახდა.

მოსაყდრეობის ისტორიიდან


1925 წელს ციხიდან გამოსულმა კათოლიკოსმა ამბროსი ხელაიამ, ტახტის მოსაყდრედ დაადგინა კალისტრატე ცინცაძე. ამის მიზეზი იმ დროს საქართველოს ეკლესიაში შექმნილი მძიმე ვითარება იყო, მაგრამ მაშინ კალისტრატე ცინცაძე საქართველოს ეკლესიის მეთაური ვერ გახდა, პატრიარქის ტახტი ეპისკოპოსმა ქრისტეფორე ციცქიშვილმა დაიკავა. პატრიარქის ტახტზე კალისტრატე ცინცაძე ხუთი წლის შემდეგ ავიდა.

ეკლესიის ისტორიაში ყოფილა სხვა შემთხვევაც, როდესაც მოსაყდრე ეკლესიის წინამძღოლად არ აურჩევიათ. მაგალითად, პატრიარქმა მელქისედეკმა მოსაყდრედ ეპისკოპოსი დავით დევდარიანი დატოვა, მაგრამ კრებამ 1960 წელს კათოლიკოს-პატრიარქად ეფრემ სიდამონიძე აირჩია.

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით