ეკრანს შემორჩენილი თბილისის ქუჩები - გუშინ და დღეს
27-11-2017
ეკრანს შემორჩენილი თბილისის ქუჩები - გუშინ და დღეს
ძველ ქართულ ფილმებში გადაღებულ თბილისურ ქუჩებს თუ გადავხედავთ და დღევანდელ მდგომარეობას შევადარებთ, მივხვდებით, რა შეიცვალა, რა დაიკარგა და რა შენარჩუნდა წლების განმავლობაში. შევეცადე, ქართული ფილმებიდან კადრები გამეცოცხლებინა, მენახა ყველა ის ადგილი, სადაც ფილმებია გადაღებული. "კვირის პალიტრის" მკითხველს შეუძლია "თბილისური ამარკორდი" გაიხსენოს.

"მონანიება"


- პარლამენტის შენობას რომ გასცდებით და აღმართს დაადგებით, არის ის პატარა ქუჩა, რომელსაც მიუყვება ვერიკო ანჯაფარიძე
და კითხულობს, - "ეს გზა ღვთისმშობლის ტაძრამდე მიგვიყვანს?" - მეუბნება ნანა ჯანელიძე და მიხსნის, როგორ მივიდე იმ ადგილას, სადაც ფილმის ბოლო კადრი გადაიღეს.

მას შემდეგ 33 წელი გავიდა. ეს ქუჩა დღეს ზუსტად ისეთია, როგორიც ფილმ "მონანიების" გადაღებების დროს იყო.

"ვერის უბნის მელოდიები"


რადიკალურად განსხვავებულია მეიდნის შემოგარენი, განახლებული ერეკლეს მოედანი. 1973 წელს ზუსტად ამ ადგილას დაარიგა ფილმ "ვერის
უბნის მელოდიების" ფოსტალიონმა "ცნობის ფურცელი" და თბილისელებს ახალი ამბავი აუწყა.

გიორგი შენგელაია, კინორეჟისორი:
"ძველი იერსახიდან დღეს აღარაფერი დარჩა. ფილმის უმეტესი ნაწილი პავილიონშია გადაღებული, მაგრამ ბაზრის და "ცნობის ფურცელის" დარიგების სცენა შუა ქალაქშია დადგმული, სანაპიროდან რომ ამოუხვევ, სანამ ძველ თბილისში ახვალ. ეს ამჟამინდელი მეიდნის ტერიტორიაა. ახლა ეს ადგილი სრულიად შეცვლილია, ამოცნობაც კი შეიძლება გაგიჭირდეთ, გარშემო უამრავი კაფეა.

"კუკარაჩა"


ფილმ "კუკარაჩას" უმეტესი ნაწილი ვერაზე გადავიღეთ, მაგრამ დასაწყისი და ის მონაკვეთი, ინგა რომ სეირნობს, ზანდუკელის და ძმები კაკაბაძეების (მაშინ მოსკოვის ქუჩა ერქვა) ქუჩებზე გადავიღეთ, - იხსენებს კინორეჟისორი ქეთი დოლიძე.

ასე გამოიყურება დღეს "კუკარაჩას უბანი", თითქოს ამ ქუჩაზე დრო გაჩერდა.

"მზე შემოდგომისა"


- ამ უბნიდან კაცი საბურთალოზე გადავა? - მაყურებელს კარგად ახსოვს ფილმში "მზე შემოდგომისა" გივი ბერიკაშვილი-პლატონის დანანებით ნათქვამი ფრაზა, როდესაც მედეა ჯაფარიძის გმირს, ეკას, ბინას უცვლის. მხატვარი მეუღლის ხელშეწყობის მიზნით ეკა საბურთალოდან თბილისის ძველ უბანში, გომის ქუჩაზე გადავიდა. ცისფერი, რიკულებიანი კიბე და სახლი, საიდანაც თბილისის ულამაზესი ხედი იშლება, რეკონსტრუქციის შემდეგაც პირვანდელი სახისაა.


ნინო წიფურია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით