"ქვევრში ოქრო ეგონათ და ამიტომაც ანადგურებდნენ ასე გამეტებით"
27-11-2017
"ქვევრში ოქრო ეგონათ და ამიტომაც ანადგურებდნენ ასე გამეტებით"
ფიჭვნარში აღმოვაჩინეთ ძვ.წ. V საუკუნის ღვინისა და წყლის გასაზავებელი თასი, გარშემო 28 ელინური ღმერთის გამოსახულებით. მისი ანალოგი მსოფლიო მუზეუმებში მხოლოდ სამია: საფრანგეთში, იტალიასა და ინგლისში

"სოფელ კაპნისთავში დაახლოებით VI-XI საუკუნეების მარანი აღმოჩნდა 11 ქვევრით, - თითოეული ნახევარი ტონა ღვინის ტევადობისა"


იმ მძაფრმა რეაქციამ, რომელიც სოციალურ ქსელში ბათუმში არქეოლოგიური ქვევრის განადგურებას მოჰყვა, კვლავ დაადასტურა, რომ ქართველობისთვის წარსულის ღირებულებებს ვერაფერი შეცვლის. მძიმე სანახავი იყო, როგორ ანადგურებს მავანი საუკუნეებ­გამოვლილ ქვევრს ქვით და ექსკავატორით.
ექსპონატს საკანალიზაციო სისტემის მომწესრიგებელი ბრიგადა წააწყდა. ბევრი არ უფიქრიათ და...

სწორედ აქ, ქალაქ ბათუმის მიმდებარედ იყო უძველესი ქალაქი პორტუს არტუს, რომლის გარშემო მეღვინეობა და ღვინით ლხინი ყვაოდა. სწორედ ბათუმსა და მის მახლობლად აღმოჩნდა ქართველთა უძველესი მეღვინეობის დამადასტურებელი უნიკალური მარნები და ღვინის ჭურჭელი. ამით, შესაძლოა, ისიც
დადგინდეს, რომ ქართველებს მეღვინეობა იმაზე ადრეც კი გვქონდა, ვიდრე ამას დღევანდელი მსოფლიო აღიარებდა, ანუ 8 ათასი წლით ადრეც. აქ, სოფელ მახვილაურში, ძვ.წ. III ათასწლეულის სასმისებიც აღმოჩნდა. ყოველივე ეს ადასტურებს, რომ დასავლეთ საქართველოს უძველესი ქართული სამეფოები ისევე უვლიდნენ და ინახავდნენ ვაზს გამუდმებული ომებისას, როგორც აღმოსავლეთ საქართველოში. მშვიდობიანობისას კი იმ დიდებულ სასმისებში ჩასხმული ღვინით ილხენდნენ.

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი, პროფესორი ამირან კახიძე, რომელსაც განადგურებული ექსპონატის სანახავად პოსტფაქტუმ დაუძახეს, ბოლო წლებში ბათუმის ახლომახლო აღმოჩენილი უძველესი მარნებისა და ღვინის ჭურჭლის შესახებ საუბრობს და წუხს, რომ მიწის სამუშაოები ექსპონატებით მდიდარ ბათუმში არქეოლოგების დასკვნის გარეშე არ უნდა ჩატარდეს.

- ჩვენისთანა წარსულის ქვეყანაში შესაძლოა, უძვირფასესი ექსპონატი ყოველ ფეხის ნაბიჯზე აღმოაჩინო. ამიტომაც არის აუცილებელი მიწის სამუშაოებისას არქეოლოგების მიწვევა. მით უფრო ბათუმში და მით უფრო ბათუმის თამარის ციხის ახლოს, სადაც ქრისტემდე და ქრისტეს აქეთაც მართლაც ფასდაუდებელი ღვინის ჭურჭელია აღმოჩენილი. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროინდელია ის ქვევრიც, რომელიც განადგურდა. ზოგადად, ბათუმის ციხესთან აღმოჩენილ ღვინის ელინურ ჭურჭელს ამიერკავკასიაში სიძველით ანალოგი არ გააჩნია, მათ შორის ძვ.წ. VIII საუკუნის ჭურჭელიცაა.

- ეს ეპოქა ძველი კოლხეთის სამეფოს პერიოდია.

- დიახ. კოლხებს ამ დროისთვის და შემდგომშიც თავისი ნაწარმი მშვენიერი ჭურჭელი აქვთ ღვინის მისართმევად. ნელ-ნელა შემოდის ელინური სუფრის ფუფუნებაც. მაგალითად, ფიჭვნარში აღმოვაჩინეთ ძვ.წ. V საუკუნის ღვინისა და წყლის გასაზავებელი თასი, გარშემო 28 ელინური ღმერთის გამოსახულებით. მისი ანალოგი მსოფლიო მუზეუმებში მხოლოდ სამია: საფრანგეთში, იტალიასა და ინგლისში.

- ესე იგი, ამ დროისთვის იმდენად მდიდრები ვყოფილვართ, რომ მსოფლიოდან საუკეთესო ღვინის ჭურჭელი შემოგვქონდა სანადიმოდ, ლხინის ესთეტიკაც დახვეწილი გვქონია.

- სხვანაირად ვერ იქნებოდა. სანამ მსგავს საფუფუნებო ჭურჭლის შემოტანას დავიწყებდით, ვაზის მოვლა და მეღვინეობა ქართველებს რამდენიმე ათასწლეულით ადრე გვქონდა დაწყებული. სხვა ადგილებზე რომ არაფერი ვთქვათ, ბათუმის ახლოს, სოფელ მახვილაურში, ძვ.წ. III ათასწლეულის, სავარაუდოდ, ღვინოსთან დაკავშირებული ჭურჭელი გვაქვს აღმოჩენილი.
ბათუმი უძველესი ქალაქია. მას ძვ.წ. IV საუკუნეში არისტოტელე მოიხსენიებს როგორც "პორტუს არტუსს". არისტოტელე ქალაქს, ცხადია, ბერძნებთან ერთად მოადგა. ბერძნებს კი მისი დაპყრობის განზრახვაც ჰქონდათ და კულტურაც შემოჰქონდათ, რა თქმა უნდა, ღვინის ფუფუნების ჭურჭელიც.

თუმცა, აქ, ვაზის სამშობლოში, ამ ჭურჭლით ღარიბი არავინ იყო. მიუხედავად იმისა, უძველესი ქართული სამეფოები: დიაოხი და კოლხა უკვე დაშლილი იყო, დასავლეთ საქართველოს აღმოჩენებით დასტურდება, რომ აქ ხალხი ქვევრებსაც ყრიდა და საუკეთესო ღვინის ჭურჭელსაც აკეთებდა. მაგალითად, ფიჭვნარში აღმოვაჩინეთ ადგილობრივი ძვ.წ. V საუკუნის ღვინის საწური და ძვ.წ. III III საუკუნის მშვენიერი "ყურძნებიანი" დოქი.

ბოლო ხანებში ბათუმის მახლობლად ისეთი ქვევრებიანი ადგილები აღმოჩნდა, აღფრთოვანებას ვერ დამალავ. მაგალითად, ჩაქვში, იმ ადგილას, რომელსაც დღესაც ჩაქვის მარანს უწოდებენ, V-VI სს. გვიანანტიკური თუ ადრებიზანტიური მარანია აღმოჩენილი. შემდეგ მეორე, სოფელ კაპნისთავში დაახლოებით VI-XI სს. მარანი აღმოჩნდა 11 ქვერით, - თითოეული ნახევარი ტონა ღვინის ტევადობისა.

- იქ, სადაც ზღვა მიწასთან ძალიან ახლოსაა, ამხელა მარნები როგორ კეთდებოდა, ზღვის ნესტი ქვევრში არ აღწევდა?

- ქვევრში ასე ადვილად ვერც ნესტი შეაღწევს და ვერც სიცხე, ამიტომაც ჰქონდათ უძველეს ქართველებს ღვინის შესანახავად და გვაქვს დღესაც. ალბათ, მუდამ ასე იქნება - რაც მეტი ახალი ჭურჭელი შემოვიდა ღვინის დასაყენებლად, მით უფრო აქტიურად დაიწყო საუბარი ქვევრზე. ის არც გლეხს მიუტოვებია.

- ამიტომ არის გასაოგნებელი იმის ნახვა, როგორ ანადგურებენ უძველეს ქვევრს. თუ ამ ადამიანებმა არ იციან წარსულის მნიშვნელობა, ქვევრი ხომ ყველამ ვიცით. ნუთუ ასე ადვილად შეიძლება მისი მოსპობა?

- მათ ქვევრში ოქრო ეგონათ და ამიტომაც ანადგურებდნენ ასე გამეტებით. ალბათ იფიქრეს, ავშენდებითო, მაგრამ არ იცოდნენ, რომ ოქროს ქვევრში არ ინახავდნენ. თუმცა ინახავდნენ ოქროზე არანაკლებ ძვირფასს, ღვინოს, რომელსაც დასაბამიდან უფრთხილდებოდნენ და ელოლიავებოდნენ.

მართლაც ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა, ძალიან ძნელად აღსაქმელი და საყურებელი.

- მიკვირს, რომ ვიდეოფირში შველას ითხოვენ, - არიქა, ჩქარა, ექსპონატებს ანადგურებენო და ვიდეოს გადამღებს არ მოაფიქრდა პატრულის გამოძახება. ის ხომ უსათუოდ მოვიდოდა და ამ ვანდალიზმს შეაჩერებდა. მაგრამ სანამ ქვევრი ბოლომდე არ დალეწეს ექსკავატორით, მანამდე უკეთესი აზრი არავის მოსვლია.

- მართალია. სჯობდა, იმ ადამიანებს, რომლებმაც ექსპონატებით უმდიდრეს ტერიტორიაზე საკანალიზაციო თხრილების გაყვანა ისე დაგეგმეს, რომ არქეოლოგებს არაფერი შეატყობინეს, მათი დასკვნა საჭიროდ არ ჩათვალეს, ეფიქრათ ჩვენს ისტორიაზე.

სამწუხაროდ, განადგურებულ ექსპონატს მეცნიერება ვეღარაფერს უშველის - სავარაუდოდ, I-II საუკუნეების ქვევრის ნამტვრევები მიწასთან ერთად გადაყარეს. თუმცა, ამ ფაქტმა იმედი გაგვიჩინა, რომ ამიერიდან მსგავსი სამუშაოების დაგეგმვისას მეცნიერების დასკვნა იქნება აუცილებელი.

მეცნიერებას კი, წარსულის შენახვის გარდა, სხვა საზრუნავი ნამდვილად არა აქვს.

ეთერ ერაძე
...
13 დეკემბერი 2017 22:48
1971წელს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სამშენებლო ფაკულტეტზე შემოიღეს საგანი "ძეგლების დაცვა" სადაც ერთი სემესტრის განმავლობაში მომავალ ინჟინერ-მშენებლებს ასწავლიდნენ არქეოლოგიის საფუძვლებს. მიზანი იყო, რომ ნებისმიერი მცირე აღმოჩენისას ინჟინერს შეეტყობინებინა არქეოლოგებისათვის და მათ მოსვლამდე სამშენებლო სამუშაოები შეეჩერებინა.

რედაქტორის რჩევით