"მთავრობამ უნდა გაიაზროს, რომ ცხოველები არ ვართ" - კვირის პალიტრა

"მთავრობამ უნდა გაიაზროს, რომ ცხოველები არ ვართ"

"როცა წვიმს, სახლში ბოტებით დავდივართ... ვის აღარ ვთხოვეთ დახმარება - პრემიერს, პარლამენტს, გამგეობას, გადავიღე სურათები და ყველა უწყებას დავუგზავნე - დალეწილი ფანჯრები და დაზიანებული სახურავი... მაგრამ არავის მიაქვს გულთან ჩვენი გასაჭირი"

რამდენიმე დღის წინ, ჩემს ნათესავ პატარა გოგონას მშობლებმა ნატვრა აუსრულეს და"თოჯინა ბარბი უყიდეს. ლიზი ახლა შემდეგ საჩუქარს ელის, რომელსაც მშობლები ალბათ, რომელიმე უცხოური საიტიდან გამოუწერენ... ლიზისგან განსხვავებით, სულ სხვა ოცნება აქვთ ლუიზა, ლიზი და გიორგი ჯანელიძეებს, რომლებიც მშობლებთან ერთად, ვანში, ყოფილი სასამართლოს შენობაში გაუსაძლის პირობებში არსებობისთვის იბრძვიან. შენობას ექსპლუატაციის ვადა ამოეწურა, გარეთ და შიგნით ერთნაირად წვიმს და თვეზე მეტია, ოჯახი ერთ პატარა, შედარებით უსაფრთხო ოთახშია შეხიზნული. ოჯახი სოციალურად დაუცველია, უფროს გოგონას ტვინის უჯრედები გათიშული აქვს, მუდმივ მედიკამენტურ მკურნალობას მოითხოვს, პატარებს, ნესტის გამო, ქრონიკული ბრონქიტი სჭირთ. ოჯახის უფროსს წლების წინ ხელში ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა და თითები დაკარგა. ოჯახი წლებია, დახმარებას ითხოვს, მაგრამ მხოლოდ ცრუ დაპირებები ესმით, ამ ზამთარს გადაიტანენ თუ არა, არ იციან.

ბესო ჯანელიძე: -"30 წელია, ვანში, რუსთაველის ქუჩის #N26-ში ვცხოვრობთ. სახლი, სადაც ჩემი ოჯახი ცხოვრობდა, არ მოგვაკუთვნეს, დედას თავის ნაყიდ ბინაში დროებითი მობინადრე ჩაუწერეს და ეს გახდა სახლის დაკარგვის მიზეზი.

შენობა, სადაც ვცხოვრობთ, სახელმწიფოსია. ბოლო 30 წელია, აქ ვცხოვრობ, დანგრეული და გაუბედურებული შენობა იყო, ვირთხები დარბოდნენ... შევარემონტე, მაგრამ დეპუტატმა შემომითვალა, - შენი არაა ეგ შენობა, ნუ აკეთებო და მეც თავი დავანებე.

ჩვენი უფროსი შვილი 9 წლისაა, შუათანა 4-ის და პატარა - 2 წლის. უფროსს ტვინის უჯრედების თანდაყოლილი პრობლემა აქვს. თუ მუდმივად წამალი არ მივაწოდეთ, გონება გაეთიშება, წამალს კი 250 ლარი სჭირდება. დანარჩენებს ქრონიკული ბრონქიტი აქვთ.

ჩვენი ოჯახის შემოსავალი ჩემი და უფროსი გოგონას ინვალიდობის პენსია და ოჯახის სოციალური დახმარებაა, სულ 280 ლარი. აქედან კომუნალური გადასახადის დაფარვისა და სამივე ბავშვის მედიკამენტების შეძენის მერე მხოლოდ 50 ლარი გვრჩება. ჯარში კაფსულა ამიფეთქდა და ხელის თითები აღარ მაქვს - ვინ მომცემს სამსახურს, ან როგორ ვიმუშავებ? ქვედა კიდურებზეც ოპერაცია დამჭირდა, ხერხემალიც დაზიანებული მაქვს. სანამ შემეძლო, მუშად ვმუშაობდი. ახლა კი...

დახმარება ვთხოვე ეკონომიკის სამინისტროს, პრემიერს, პარლამენტს, გამგეობას, გადავიღე სურათები და ყველა უწყებას დავუგზავნე - დალეწილი ფანჯრები და დაზიანებული სახურავი... მაგრამ არავის მიაქვს გულთან ჩვენი გასაჭირი. მითხრეს, პირად საკუთრებაში რომ გადმოგცეთ, აუცილებლად დევნილი უნდა იყოო, არ ვარ დევნილი და ამიტომ არ ვიმსახურებ?

არჩევნების წინ რასაც შემპირდნენ, ცარიელ სიტყვებად დარჩა. წინა მთავრობის დროს ამავე შენობაში მეზობელს გაუფორმეს ფართობი. მაშინ ბავშვი თურქეთში გვყავდა წაყვანილი და ასე ავცდი პირად საკუთრებაში გადმოცემის შესაძლებლობას.

არის დღეები, როცა ჩვენ, უფროსები კი არა, ბავშვებიც შიმშილობენ. მეშინია, ჩემი ისედაც დაჩაგრული შვილები ღია ცის ქვეშ არ დარჩნენ. თუ მთავრობა გაიმეტებს ჩემი ოჯახისთვის ამ ჩამოქცეულ შენობას, მეზობლები მოწესრიგებაში დამეხმარებიან.

ია ძაგნიძე: - როცა თეატრი საბავშვო ბაღში სპექტაკლს მართავს, მის სანახავად ჩემს შვილებს ორ ლარს ვერ ვაძლევთ. როცა წვიმს, საძინებელში ბოტებით დავდივართ. მთავრობამ უნდა გაიაზროს, რომ ცხოველები არ ვართ, ჩვენ ადამიანები და ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ. უმორჩილესად გთხოვთ, ხმა მიაწვდინოთ მთავრობას, დაგვეხმარეთ ამ სახლის გაფორმებაში.

აუქციონის წესით შესყიდვა რომ შეგვეძლოს, დახმარებას ხომ არ ვითხოვდით? ჩვენნაირ გაჭირვებულებს რომ სიმბოლურ ფასად გადმოგვცენ ეს შენობა, რა დაუშავდება სახელმწიფოს?

P.S. სამი ბავშვის მამა ცალი ხელით ვერაფერს აკეთებს, დედა კი, შშმ ქმარს, შშმ შვილს და კიდევ ორ ჯანმრთელობაშერყეულ ბავშვს ვერ ტოვებს - ვინ იცის, მისი არყოფნისას როგორ დამძიმდება რომელიმე მათგანის ისედაც რთული მდგომარეობა...

თორნიკე ყაჯრიშვილი