"ადამიანმა ამდენ ხანს არ უნდა იცოცხლოს, დავიღალე, აღარ შემიძლია" - ბლიცინტერვიუ - კვირის პალიტრა

"ადამიანმა ამდენ ხანს არ უნდა იცოცხლოს, დავიღალე, აღარ შემიძლია" - ბლიცინტერვიუ

მარიამ ლორთქიფანიძე, აკადემიკოსი:

ჩემ შესახებ...

-"ბოლშევიკები, როგორც ჩემი ბებიები და ოჯახის წევრები უწოდებდნენ,"ბალშევიკები,"1921 წელს შემოვიდნენ, მე 1922 წელს დავიბადე და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება "ბალშევიკების" ხელში გავატარე. ძალიან გვიჭირდა, ეს ადვილი არ იყო.

მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

- ჩემს ცხოვრებაში არაერთი მოვლენა იყო. მაგალითად, მოვლენა იყო ისიც, რომ ამდენი ლექცია მქონდა წასაკითხი. მე მქონდა ტელევიზიაში კურსი "საქართველოს ისტორია" და როდესაც სახლიდან უნივერსიტეტამდე ფეხით მივდიოდი, ისეც ხდებოდა, რომ ვიღაცა მოვიდოდა და მადლობას გადამიხდიდა, ეს ნამდვილად მოვლენა იყო.

პირველი ნაბიჯები უნივერსიტეტში

- სკოლა 1939 წელს დავამთავრე და როდესაც უნდა გადამეწყვიტა, სად ჩამებარებინა, გოგი ფუთურიძის მამის, ბატონი ვლადიმერ ფუთურიძის რჩევით, რომელიც ცნობილი ირანისტი გახლდათ, სწავლა თბილისის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე ახალგახსნილ ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილებაზე ვარჩიე. სწავლის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ დაიწყო ომი, ხუთწლიანი სწავლება შეცვალეს ოთხწლიანით და ფილოსოფიის ფაკულტეტთან გაგვაერთიანეს. დამამთავრებელ გამოცდაზე, რომლისთვისაც ძალიან ვემზადებოდით, სიმონ ჯანაშია მომიბრუნდა და საქართველოს იტორიის განხრით ასპირანტურაში სწავლის გაგრძელება შემომთავაზა. ძალიან გავოცდი."არ გინდაო? - მკითხა და, რა თქმა უნდა, დავთანხმდი.

ცხოვრებაში მთავარია...

- ყველა ადამიანმა თავისი ქვეყნისთვის უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია, მაგრამ ამას ყველა არ აკეთებს.

ყველაზე მძაფრი მოგონება...

- ჩემს ძმასთან, გიგასთან ბიჭები მოვიდნენ და უთხრეს, ჩასასვლელში რომ ბლის ხე დგას, ბალი დამწიფდა და ვჭამოთო. ბიჭები ხეზე აგურის კედლის მეშვეობით ავიდნენ, მაგრამ გიგას ჯერი რომ დადგა, აგური ჩამოვარდა და ფეხზე დაეცა. სასწრაფოდ მოირბინეს ჩემთან, ვინაიდან დედა სამსახურში, მამა კი ჩვენთან აღარ იყო, და მითხრეს, რომ გიგამ ფეხი მოიტეხა. თაბაშირი დაადეს და თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ ცოტა ხანში მოვიდა დეიდაჩემი თამარა, რომელიც ექიმი გახლდათ და გვითხრა,"ახლავე მოხსენით თაბაშირიო!

გიგას ღია ჭრილობა ჰქონდა, ფეხზე განგრენის მანიშნებელი ლაქებით. ეჰ, რომ გამახსენდება, რა საშინელება იყო! დედაჩემი შუა კორიდორში მუხლებზე იდგა და ლოცულობდა. გიგა საოპერაციოდ გაიყვანეს, უკან გამოიყვანდნენ თუ არა, არ ვიცოდით... ამან ძალიან მძიმე გავლენა იქონია ჩემი ოჯახისა და ახლობლების ცხოვრებაზე.

ვნანობ...

- ბევრი რამ ისე ვერ გავაკეთე, როგორც უნდა გამეკეთებინა. ახლა აპირებენ ჩემი ნაშრომების ერთი ნაწილის კრებულის გამოცემას. ჩემი ნაშრომების მიმართ ადრე უფრო სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, ვიდრე ახლა.

სამწუხაროა, რომ...

- საბჭოთა ხელისუფლების დროს ძალიან დიდი ბრძოლა დაგვჭირდა საგანგებო სხდომებზე, რათა აქაც და განსაკუთრებით მოსკოვში, საქართველოს ისტორია უმაღლესი სასწავლებლების ყველა ფაკულტეტზე წაკითხულიყო. დღეს, როდესაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, თითქოს არავინ გვებრძვის და არც უნდა გვებრძოდეს, ამას ვეღარ მივაღწიეთ. ადამიანმა უპირველესად თავისი ქვეყნის ისტორია უნდა იცოდეს, რომ შემდეგ სხვა ქვეყნის ისტორია გაიგოს.

თაობათა დამოკიდებულება ისტორიისადმი

- როდესაც უნივერსიტეტში ლექციების კითხვა დავიწყე, ძალიან მაღალი დონის სტუდენტები იყვნენ. განსაკუთრებით, ისტორიის ფაკულტეტზე. მიუხედავად იმისა, რომ ლექციაზე ყოველთვის კარგად მომზადებული შევდიოდი, მაინც სულ გული მისკდებოდა. მერე ნელ-ნელა ყველაფერი ისე შეიცვალა, რომ შენი ისტორია აღარავის უნდა.

რჩევა მომავალ თაობას

- უპირველესი სამშობლოს სიყვარული უნდა იყოს, რასაც მაინცდამაინც ვერც ვხედავ და ვერც ვგრძნობ. ახალგაზრდებს წიგნის კითხვის დაწყებას ვურჩევდი, სხვანაირად ადამიანი განათლებული და საქმის გამკეთებელი ვერ გამოვა. კიდევ ახალგაზრდებს შვილების გაჩენას ვურჩევდი. ჩვენ, სხვა დანარჩენთან ერთად, აქამდე მრავალშვილიანი ოჯახების წყალობით მოვაღწიეთ.

დრო ჩემთვის არის...

- ადამიანმა ამდენ ხანს არ უნდა იცოცხლოს, საკმარისია, დავიღალე, აღარ შემიძლია. აი, ეს არის ჩემთვის დრო.