"აი, გიორგობისთვეც გაილევა და ზამთარიც კარზე მოგვიკაკუნებს"
27-11-2017
"აი, გიორგობისთვეც გაილევა და ზამთარიც კარზე მოგვიკაკუნებს"
"იმ დღეს ტყის პირას კენკრის საკრეფად მთელი ოჯახი წასულა, თან სურათებს იღებდნენ თურმე. ჰოდა, მგელი მისულა - მეც გადამიღეთო, შეუყმუვლია. უარი ვეღარ უკადრებიათ და "ჩაუკარტოჩკებიათ"

გიორგობისთვე საზამთროდ სამზადისის თვეცაა, ქართლ-კახეთის იმ სოფლებში, სადაც ჯერ კიდევ არ შესულა გაზსადენი, მოსახლეობა საწვავად შეშა-ფიჩხს იმარაგებს. ბერიკაცები არაყს ხდიან და ღვინოს აწმინდავებენ, უფრო ღონიერები - სახლის სახურავებს ამოწმებენ, თუნუქს ღებავენ, კრამიტ-შიფერსა და სხვენის ძელ-ქვას ასწორებენ, ღობეებს ამაღლებენ და ამაგრებენ. ბოლო დროს წვრილფეხა მტაცებლებმა შეუტიეს
სოფელს და ბევრი საქათმეც დაარბიეს, მგლებმაც მოუხშირეს სტუმრობას, განსაკუთრებით მცირერიცხოვან დასახლებებში. თუმცა მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია, ფუსფუსებს დიდი და პატარა ძველებურად, ყმაწვილები მინდვრებზე ქათამ-ინდაურს მწყემსავენ, ბერდედები დოვლათს აბინავებენ, ახალგაზრდები კი ნადირობა-თევზაობით იქცევენ თავს. აი, გიორგობისთვეც გაილევა და ზამთარიც კარზე მოგვიკაკუნებს, მთასა და ბარში კაციც,
საქონელიც და მტაცებელიც ყველა თავისებურად ეგებება ზამთარს...

კახეთში გახურებული ნადირობის სეზონია. ივრის ჭალებში ჭარმაგი მონადირეების საუბარს შევესწარი:

- მთასა და ბარში ერთნაირად აცივდა, კაცოო...

- სადღა გაქვს მთა!.. ვერ გაიგე, როგორ გადიწვა და გაპარტახდა.

- მაშ, ტყუილადღა ვამბობთ, ჩვენს მთაგორიან ქვეყანას გაუმარჯოსო? ნახევარზე მეტი მთა-გორაა და უარი უნდა ვთქვათ ნახევარ სამშობლოზე?

- ნადირობა რომ სპორტის სახეობად აქციეს, ეგ როგორ მოგწონს? ჩემს დღეში არ მამიკლამს გასართობად ნადირ-ფრინველი. ჩვენი მამა-პაპა შიმშილის მოსაკლავად ნადირობდა, ზამთრის სარჩოს იმარაგებდა. მსხვილ ნადირზე, ხალხს მათგან საფრთხე თუ ემუქრებოდა, მთელი სოფელი მიდიოდა. ახლა კი, საკუთარი ბუნების მეკობრეობაში ლომის წილი ბევრ ჩვენებურ მუცელღმერთას მიუძღვის, - ეუბნება მეგობარს ჯემალა ღვინაშვილი და დასძენს, ახალგაზრდებისა გამკვირვებია! გული ერჩით, მაგრამ ხანდახან ჭკუა უკან რჩებათ. ნახორბლარსა და ზვარში საწყალ მწყერ- ხოხობს რო არა სდიონ, მამალი მგლების დასახვედრად მოემზადონ არა სჯობია?

- სოფლები რომ დღითი დღე ცარიელდება, ეს ხომ იმის მაუწყებელია, რომ მტაცებელი იმ თითო-ოროლა შინაურ პირუტყვსა და ფრინველს შეუტევს, - საუბარში ერთვება იოსებ დიღმელაშვილი.

- მე მეშინია, ადამიანებზეც არ გაიწიონ. იმ დღეს ტყის პირას კენკრის საკრეფად მთელი ოჯახი წასულა, თან სურათებს იღებდნენ თურმე. ჰოდა, მგელი მისულა - მეც გადამიღეთო, შეუყმუვლია. უარი ვეღარ უკადრებიათ და `ჩაუკარტოჩკებიათ~. ხუმრობა იქით იყოს და, თურმე იქვე ახლოდან უთვალთვალებდათ. ეტყობა, ბევრნი რომ იყვნენ, ვერ გაბედა თავდასხმა. თუ არა გჯერათ, ეგე, ჩემს დისშვილს დავუძახოთ, ტელეფონში აქვს მგლის სურათი.

- მარტო არ იქნებოდა ეგ მურდალი, შეიძლება სხვებიც იყვნენ განაბულები, გამოჩენა კი ერთმა გაბედა, ალბათ ხროვის თავია... კახეთიდან მარტყოფი-თბილისის შემოვლითი გზით დავბრუნდი. ცივმა ნოემბერმა ცხვარ-ძროხაც ჩამორეკა ბარში, ფარა-ჯოგებმა ზამთრის საძოვრებისკენ უტიეს, მტკვარ-არაგვის შესართავთან, ჯვრის მონასტრის ძირში მდგარი მეცხვარეები ქალაქში შესასვლელად ემზადებოდნენ.

- ფარა ვიწროდ უნდა დავაწყოთ, ბაწარივით გავაბათ, რომ ტრასაზე საცობი არ შეიქმნას, მარტყოფში აგვყავს, - მეუბნება მწყემსი, - აქეთ გამოვლა გვიხარია, წლიდან წლამდე დანატრებულები ვართ ადამიანებს. სანამ ქალაქს გადავივლით, ოჯახებისთვის სანოვაგეს ვყიდულობთ, მერე კი ჩამომთევებას ვზეიმობთ.­ დასანიშნი ბიჭები გვირევია, სილამაზისკენ თვალი მიურბით. ეხლა კი დაიფიცეს, - მთელ ზაჰესს ისე გავივლით, თვალს არ ავიღებთ ტრასიდან, ემანდ ქალიშვილებზე მიშტერებისთვის არ დაგვიჭირონ და ცხვარ-ოჯახი უპატრონოდ არ დაგვრჩესო. შეუტყვიათ რაღაც კანონის შესახებ. განა ეგრე გვაქვს საქმე, ქაღალდმა უნდა გვასწავლოს, როგორ ვიცხოვროთ? ამას წინათ ერთი ჩემი სოფლელი თბილისში იყო ჩამოსული, მონადირე ბიჭია, თავისი დღე პატიოსნად ცხოვრობს, ქამარზე გასაღებებთან ერთად პატარა საფხეკელა დანა ჰკიდებია. პოლიციას გაუჩერებია და ერთწლიანი პირობითი მიუცია 2000-ლარიან ჯარიმასთან ერთად, როგორ გგონია, ის აქეთ კიდევ გამოიხედავს?

მტკვარზე უწყინრად მოთევზავე მებადურებს ჩავუარე და წერილსაც მათი მონათხრობით დავასრულებ:

- სუფთა წყალში თევზაობა გვენატრება. შეიძლება გაზაფხულზე ადიდდეს მდინარეები, მაგრამ ოთხივე სეზონზე მღვრიე მეტისმეტია... მხოლოდ მტკვარი კი არა, ახლომახლო ყველა მდინარე ასეა, დაჭერილ თევზსაც ეტყობა, რომ არ არის ჯანსაღი, უგემურია. ადამიანები ნაგვის ურნებს რომ ჩავუვლით, ცხვირზე ვიფარებთ ხელს, თევზმა რაღა ქნას, ხმას რომ ვერ იღებს და პირში წყალი აქვს ჩაგუბებული? ქვირითიც და ლიფსიტებიც მალე ავადდებიან და იღუპებიან. მხოლოდ კალმახი შემორჩა მდინარეებს, იმიტომ რომ აღმა მიუყვება წყალს, ჯერ კიდევ იბრძვის გადარჩენისთვის.

კახა მჭედლიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით