"სერიალიდან წასვლას არ ვფიქრობდი, უბრალოდ, გაუგებრობა მოხდა" - კვირის პალიტრა

"სერიალიდან წასვლას არ ვფიქრობდი, უბრალოდ, გაუგებრობა მოხდა"

"ალექსანდრე 3 წლისაა, ლილიკო - 1-ის. მშვიდი ბავშვები არიან, ზომიერად ცელქები. ჩემს სახლში ვერ ნახავთ მიყრილ-მოყრილ სათამაშოებს. კი ცელქობენ, დარბიან, მაგრამ ხმაურიანები არ არიან. ერთმანეთს სულ ეფერებიან. ერთმანეთს ძალიან ჰგვანან გარეგნულად, ხმითაც კი ერთნაირად ტირიან და იცინიან"

რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ მსახიობი ლელა მებურიშვილი ეკრანს დაუბრუნდა და "იმედის" არხზე მეგაშოუს "ჩვენ ვარსკვლავები ვართ" ერთ-ერთ წამყვანად მოგვევლინა. პროექტის დაწყებამდე, მსახიობმა მეუღლესთან ერთად ქორწინების მეოთხე წლისთავი იტალიაში მოგზაურობით აღნიშნა. ამბობს, რომ ეს იყო პირველი გამგზავრება შვილების გარეშე. ოჯახისა და კარიერის დეტალებზე ცნობილი მსახიობი "კვირის პალიტრასთან" ისაუბრებს:

- "იმედზე" "დღის შოუს" წამყვანად გადმოვედი. მერე მქონდა პაუზა. ახლა მეგაშოუს "ჩვენ ვარსკვლავები ვართ" წამყვანი ვარ. ეს პროექტი ძალიან მიყვარს. ყოველთვის ვგულშემატკივრობდი, იმიტომ, რომ ის ჩემს კარიერაში პირველი სატელევიზიო შოუა, რომელიც წლების წინ წავიყვანე.

- თეატრში რა სიახლეებია?

- ველოდები ახალ შემოთავაზებას.

- ბავშვების გამო გაქვთ აღებული ტაიმ-აუტი და იმიტომ არ მუშაობთ ახალ როლზე?

- პაუზა ბავშვებს არ უკავშირდება. გაზაფხულზე ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონდა და ყველას ვერ შევეჭიდებოდი, დრო არ მეყოფოდა. ახლა კი პირიქით, როლის მოლოდინში ვარ. ამჟამად ორ მხატვრული ფილმზეა ლაპარაკი და ვნახოთ, რა გამოვა.

- "ჩემი ცოლის დაქალებში" თქვენს კატოს ძალიან შეეჩვია მაყურებელი.

- ძალიან სასიამოვნო იყო "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაში. მიყვარს ყველა და გული მწყდება, რომ აღარ ვარ მათთან.

- რთული არ იყო გადაწყვეტილების მიღება, როდესაც სასწორის ერთ მხარეს ტელეიმედი, მეორე მხარეს კი სერიალი იდო?

- არც ვფიქრობდი სერიალიდან წასვლას, უბრალოდ, გაუგებრობა მოხდა. ტელევიზიაში წასვლაზე როცა შევთანხმდით, ირაკლი საღინაძეს ველაპარაკე და მითხრა, შეგიძლია აქაც იმუშაოო. მერე კი როცა დავიწყე "იმედში" მუშაობა, პრობლემებმა იჩინა თავი და მთხოვეს წამოვსულიყავი "იმედიდან". მე გადაწყვეტილება "იმედის" სასარგებლოდ მივიღე.

- ისევ ადევნებთ თვალს სერიალს?

- როცა ვახერხებ. ყოველთვის ვგულშემატკივრობ, მინდა, რომ დიდხანს გაგრძელდეს.

- თქვენ ახლახან დაბრუნდით იტალიიდან...

- ზაფხულში წყნეთში მყავდა ბავშვები და მეგობრებმა შემომთავაზეს, იტალიაში მივდივართ და ხომ არ შემოგვიერთდებითო. ეს მოგზაურობა ჩვენი ქორწინების მეოთხე წლისთავს დაემთხვა. სულ სხვა მარშრუტი გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ რადგან მეგობრები მიდიოდნენ, ჩვენც იტალიისკენ ავიღეთ გეზი. ეს იყო ჩვენი პირველი მოგზაურობა ბავშვების გარეშე.

ალექსანდრე 3 წლისაა, ლილიკო - 1-ის. მშვიდი ბავშვები არიან, ზომიერად ცელქები. ჩემს სახლში ვერ ნახავთ მიყრილ-მოყრილ სათამაშოებს. კი ცელქობენ, დარბიან, მაგრამ ხმაურიანები არ არიან. ერთმანეთს სულ ეფერებიან. ერთმანეთს ძალიან ჰგვანან გარეგნულად, ხმითაც კი ერთნაირად ტირიან და იცინიან.

- თქვენი მეუღლე როგორი მამაა?

- კარგი, ამ ბოლო დროს კი უფრო უკეთესი. ბავშვები რომ იზრდებიან, უფრო და უფრო ერთვება ყველა საკითხში.

- როგორც ვიცი, მარტო ცხოვრობთ.

- ძალიან მომწონს, როდესაც ოჯახში რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს. ოჯახი სავსეა, მხიარულებაა. როდესაც გასვლა გინდა სადმე, არ ფიქრობ, ბავშვი ვის დაუტოვო. ჩვენ თავიდანვე ცალკე ვცხოვრობთ. თუ გასვლას ვაპირებთ, ხან ძიძა რჩება, ხან დედები გვეხმარებიან. თუ მე გადაღება მაქვს, ბაჩოც იტოვებს ბავშვებს.

- კმაყოფილი ხართ თქვენი პროფესიული არჩევანით?

- საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩაბარებაზე ვოცნებობდი, მაგრამ, ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე. ჩემი საქმე მიყვარს. ბავშვობაში მე და ჩემი ძმა სტუდია "ბერიკებში" დავდიოდით. დროდადრო მსახიობი და რეჟისორი ციცინო კობიაშვილი - მეორე დედას ვეძახი, იმდენად მიყვარს - სხვადასხვა სპექტაკლში გვათამაშებდა და ამ პერიოდმა განსაზღვრა ჩემი მოულოდნელი არჩევანი. მეც და ჩემმა ძმამაც სამსახიობოზე ჩავაბარეთ. ჩემი ძმა არ გაჰყვა ამ პროფესიას, სარეკლამო სფეროში მუშაობს.

- საუკეთესო ფორმას როგორ ინარჩუნებთ?

- ალბათ, გენეტიკის დამსახურებაა. ამასთანავე, მიყვარს ჯანსაღი საკვები, ჰაერზე ყოფნა, ბევრს დავდივარ. დილაობით კუს ტბაზე ავდივარ ბავშვებთან ერთად. ვჭამ ბევრ ხილს და ვცდილობ სწრაფი კვების ობიექტებში არ ვიარო. ჩემს სახლში არასდროს არის გაზიანი და ტკბილი სასმელი. ამიტომაც ბავშვები სხვაგანაც რომ მიდიან, არ უჩნდებათ გასინჯვის სურვილი. ტკბილეულსაც არ ეტანებიან. ლილიკოს ჯერ შაქარი ან თაფლი არ გაუსინჯავს. ფაფას ხილით ჭამს.

ეკა სალაღაია