"გახშირდა მწუხრის ზარები: ხან ერთ საყვარელ კაცს ვკარგავ, ხან - მეორეს" - კვირის პალიტრა

"გახშირდა მწუხრის ზარები: ხან ერთ საყვარელ კაცს ვკარგავ, ხან - მეორეს"

- რომელია ღანირსკიო. მე ვარ, ბატონო ეროსი-მეთქი. გადამეხვია. მას მერე შემერქვა ღანირსკი...

მიშა მესხს ვერაფრით ვასწავლეთ სიტყვა "რეპეტიცია", მორჩა ტრენიროვკაო? - იკითხავდა ხოლმე

ძველებური ავეჯით გაწყობილ ოთახში ვსხედვართ. კედლებზე აფიშებია - ზოგი რუსთაველის თეატრის სპექტაკლების, რომლებშიც ჯემალ ღაღანიძე მონაწილეობდა, ზოგიც ნათია ღაღანიძის კონცერტებისა. შინაც ორნი არიან - მამა-შვილი. ნათია ცოტა ხნით არის ჩამოსული საქართველოში... ბატონ ჯემალს არ უყვარს უცხოეთში ყოფნა... მექსიკაში გასტროლები ახსენდება, მოულოდნელად, ერთი კვირით რომ გაუხანგრძლივეს უცხოეთში ყოფნა და ძალიან ეწყინა.

მაგიდაზე ლარნაკით ლეღვი აწყვია: ნაყიდი არ გეგონოს, მეზობლის ბაღისაა, დღეს დაკრიფაო, - ამბობს ჯემალ ღაღანიძე, მერე ძველებურ სავარძელში სწორდება, თავის ჭკვიან ძაღლს მითითებას აძლევს, ოთახი დატოვოს და საუბარს ვიწყებთ...

კარგად მესმის, რატომ არ გაუწევს გული უცხოეთისაკენ არასოდეს. იქ ხომ არც ეს პატარა ოთახია, ძველი ფოტოებითა და ავეჯით, არც ეს უბანი, მეგობარი ბიჭებით - 80 წლისანიც რომ ბიჭები იქნებიან, არც ეს მეზობლები, ლეღვს რომ არ დააგემოვნებენ უშენოდ... არაფერი შეედრება საკუთარ ქალაქში, საკუთარ სახლში ცხოვრებას და ფიქრს წარსულსა და მომავალზე...

ჩემი გარიჟრაჟი

- ჩვენს უბანს საბურთალოს ბაზრის უბანი ერქვა. სადაც ახლა სპორტის სასახლეა, იქ დიდი ბაზარი იყო, ყველაფერი იყიდებოდა. ათასი ჯურის ადამიანი იყრიდა თავს. ახლა სადაც "აჭარაა", იქ იყო ჩემი საბავშვო ბაღი. მისი ფანჯრებიდან მოჩანდა ხალხმრავალი ბაზრობა. დედა საბავშვო ბაღის პედაგოგი იყო. ამიტომ საბავშვო ბაღის დამთავრების შემდეგაც კარგა ხანს სკოლიდან მაინც ბაღში მივდიოდი. ერთხელ მახსოვს, მასწავლებლებმა დაიძახეს, გალაკტიონიო... გავიხედე და დავინახე: გაჩერებაზე წვერიანი კაცი იდგა, შავი პიჯაკი ეცვა და გულზე ლენინის ორდენი ჰქონდა დაბნეული.

ომის დროს ჩვენი სკოლა დაგვაცლევინეს და სამხედრო ჰოსპიტლად გადააკეთეს. მოსწავლეები მივყავდით დაჭრილებთან და კონცერტს გვამართვინებდნენ. მე და ჩემი უფროსი ძმა კარგად ვმღეროდით, ფანდურზეც ვუკრავდით. ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ ვმღეროდით ჰოსპიტალში. ისიც კი მახსოვს, რა სუნი იდგა იქ.

დაჭრილებისათვის კინოფილმები მოჰქონდათ. ჩვენ ძალიან გვინდოდა ფილმის ნახვა, ჯარისკაცები შეგვაპარებდნენ ხოლმე და სპორტულ დარბაზში ეკრანის უკან დაგვსხამდნენ. ვისხედით და უკუღმა ვუყურებდით ფილმებს.

სკოლაში ვცუღლუტობდი... ჩვენი დირექტორი მათემატიკოსი იყო. ჩემს ძმაზე იტყოდა ხოლმე: ეს ჩემი მოსწავლეაო, მაგრამ ჯემალი ვინ არის, ვერ გეტყვით, მაგას ფანდური უნდა მისცე ხელში, ამღერო და აცეკვოო...

მახსოვს ძველი თბილისი: კურტნის მუშები, "ლინეიკები", ფაეტონები...

ძალიან ადრე - V კლასში მოვწიე პირველი სიგარეტი. ახლა რომ ვახუშტის ხიდია, იქ საცალფეხო გადასასვლელი იყო სტადიონამდე, გადავიდოდით, შევიდოდით და იქ ვეწეოდით...

ასე პატარა როგორ ვბედავდი? აბა, ახლა ნახეთ მეხუთე-მეექვსეკლასელები რას ბედავენ! ჩვენ არაფერს ვაშავებდით მაინც... სიგარეტის ამბავი კი იცით, როგორ დასრულდა? უკვე თეატრში ვიყავი, რეპეტიცია მქონდა. უბანში ყველას ყურადღების ცენტრში ვყავდი. გავედი გრძელი ბუკლეს პალტოთი და თეთრი შლაპით. უზმოზე ვიყავი, პაპიროსი გავაბოლე და... თურმე წავქცეულვარ. რომ გამომაფხიზლეს, ვიკითხე, რა მოხდა-მეთქი და, მოდიოდი, უცებ ფეხი აგერია და წაიქეციო. მაშინ დავიგინე: მომწევის ასე და ისე-მეთქი. მას შემდეგ არც ერთი ღერი აღარ მომიწევია.

ჩემი დილა

VII კლასში გადავწყვიტე, რომ მსახიობი გამოვიდოდი. ერთხელ ჩემმა დამრიგებელმა კლასიდან გამაგდო თურმე. მოვბრუნებულვარ და მითქვამს, დრო დადგება, ჩემს სპექტაკლებზე ბილეთის რიგში დადგებით-მეთქი. გავიდა ხანი, არტისტი გავხდი. "ხანუმაზე" ბილეთები არ იშოვებოდა. ჩემი მასწავლებლისთვის უთქვამთ, ჯემალი ხომ შენი მოსწავლე იყო, წადი, სთხოვე ბილეთიო. არაო... ეგ ჯერ კიდევ VII  კლასში დამემუქრა, მაგასთან ვერ მივალო...

თეატრალურ ინსტიტუტში მაშინ მიღება წელგამოშვებით იყო. თუ თერთმეტ კლასს დავამთავრებდი, ვერ ჩავაბარებდი. ერთ დღეს ოჯახში პროფესორი ჯანაშვილი გვესტუმრა (მან ქართული სკოლა გახსნა კახში, საინგილოში). მამაჩემს უთხრა, იქ სახლ-კარი მაქვს, წავიდეს ჯემალი და ერთი წელი ისწავლოსო. აზერბაიჯანში სკოლა 10 კლასით მთავრდებოდა და მეც თეატრალურ ინსტიტუტში გამოცდების ჩაბარებას მოვახერხებდი.

წავედით მე და ჩემი კლასელი გივი რაზმაძე. მას ნათესავები ჰყავდა ჯუგაანში, მისი ბიძაშვილი ანზორიც შემოგვიერთდა და ყველამ ერთად დავამთავრეთ კახის სკოლა. ანზორის მამა გვამარაგებდა პროდუქტებით... ბევრი კარგი მახსოვს იმ წლებიდან. იქაურ კლუბში თეატრი გავხსენით, სპექტაკლებს ვდგამდით და ჩემს მეგობრებს, კლასელებსა და მასწავლებლებს ვათამაშებდით... რეჟისორი, მხატვარი, მუსიკალური გამფორმებელი მე ვიყავი. რომ წამოვედი, ტიროდნენ...

მისაღები გამოცდები თუ მახსოვს? ისტორიის გამოცდა მახსოვს. საბუთები ჩვენი ხელით შეგვქონდა და გამომცდელს ვუდებდით მაგიდაზე. ატესტატი ორი მხრიდან იყო შევსებული: რუსულად და ქართულად, ჩემი ატესტატი - რუსულად  და აზერბაიჯანულად. ვიდრე გამომცდელთან შევიდოდი, გამაფრთხილეს, ერთი გამომცდელი ისტორიკოსია, მეორე - რუსულის სპეციალისტი. მეორესთან დაჯექი, ნიშნებს ადვილად წერსო. შევედი.  ის მეორე საშა კიკნაძე აღმოჩნდა. გადააბრუნა ჩემი ატესტატი და ეს რა არისო... ვუამბე საინგილოს ამბავი. მეკითხება და მეკითხება საინგილოზე... ერთი საათი აღარ გამომიშვა. ისტორიიდან არც უკითხავს რამე... კარგ ჯგუფში მოვხვდი. გიგა ლორთქიფანიძე იყო ახალი ჩამოსული მოსკოვიდან და მისი პირველი ჯგუფი ვიყავით.

თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტები ბევრს ქეიფობდნენ და ჩხუბობდნენ? - კი ბატონო, ქეიფი არ გვაკლდა, მაგრამ ჩხუბი უფრო ჩვენზე ერთი წლით უფროსმა სტუდენტებმა იცოდნენ. ოთარ მეღვინეთუხუცესის ჯგუფელები იყვნენ მუშტი-კრივის ხალხი.

მაშინ მოდაში იყო შეკერილი კოსტიუმები. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე რომ იყო, ზურაბ პატარიძე, იმისი დედა კერავდა. დავდიოდით და ვაკერინებდით... მახსოვს, შავი კრეპის პიჯაკები შემოვიდა მოდაში და მთელი თბილისი გადაშავდა. მეც მქონდა კრეპის პიჯაკი...

ჩემი შუადღე

გიგა ლორთქიფანიძე ქუთაისის თეატრის მთავარ რეჟისორად დანიშნეს და ჩვენი ჯგუფის წაყვანა მოინდომა. ჯერ სადიპლომო სპექტაკლი არ გვქონდა ნათამაშები, რომ მე და ზინა კვერენჩხილაძეს მიხეილ თუმანიშვილმა შემოგვთავაზა რუსთაველის თეატრის ერთ სპექტაკლში თამაში. ეს რამხელა ამბავი იყო ჩვენთვის! გამოვეყავი ჯგუფს... მოღალატე ხარო, კი მეძახეს... ვუთხარი, ბატონო გიგა, თქვენ თბილისში გადმოგიყვანენ, ჩვენ კი იქ უნდა ჩავრჩეთ-მეთქი... ისე გაუმართლდეს ყველას, როგორც ეს გამართლდა. გიგა გადმოვიდა თბილისში და სხვები ჩარჩნენ... მერე ნელ-ნელა დაბრუნდნენ თბილისში...

თეატრალურ ინსტიტუტში შექსპირის "მეთორმეტე ღამე" ვითამაშეთ. მოვიდნენ თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრები, აინტერესებდათ, როგორი გამოშვება იყო. მაშინ ეროსი მანჯგალაძე თეატრის პარტკომიც იყო და საბჭოს თავმჯდომარეც... მე არ ვიცნობდი. ისე, ერთი სოფლიდან კი ვიყავით. ორივეს სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირში გვქონდა ფესვები. ჩემი გვარი რომ წაუკითხავს, უთქვამს, ეს ღანირელი იქნებაო. სპექტაკლის შემდეგ შემოვიდა და აბა, რომელია ღანირსკიო. მე ვარ, ბატონო ეროსი-მეთქი. გადამეხვია. მას მერე შემერქვა ღანირსკი.

გურამ საღარაძე ჩემი მეგობარია. სულ ამბობს, შენისთანა კვიმატი და ცოცხალი კაცი კარტს არ თამაშობდეს, არ მინახავს, როგორ ვერ გადაგიბირეო... არასოდეს მითამაშია. მე უფრო სპორტისკენ, ფეხბურთისკენ მიმიწევდა გული.

ჩვენი თეატრის პირდაპირ ბორჯომის წყლები იყიდებოდა. იმ შენობაში ცხოვრობდა ფეხბურთელი ავთო ხელაძე და ხშირად მოდიოდა სპექტაკლებზე. მისგან გავიცანი სხვა ბიჭები: მიშა მესხი, კოტრიკაძე... ძალიან მოსწონდათ დედაჩემის გამომცხვარი ხაჭაპურები. მოიტანდნენ ფქვილს, ყველს და აბა, სოფიკო დეიდა, გამოგვიცხვეო...

33 წლისა ვიყავი, ცოლი რომ შევირთე. მიშა მესხი ჩემი ხელისმომკიდე იყო. ცეკვა და სიმღერა არ იცოდა, მაგრამ ისე მოილხენდა, იმის ყურებას არაფერი სჯობდა...

მიშა მესხი და ეროსიც დამეგობრდნენ. გვაკითხავდა თეატრში. ვერაფრით ვასწავლეთ სიტყვა "რეპეტიცია", მორჩა ტრენიროვკაო? იკითხავდა ხოლმე. დაგველოდებოდა, მერე ჩაგვსხამდა "ვოლგაში" და მივყავდით საქეიფოდ. რუსეთში რომ მიდიოდა თამაშებზე, მანქანას მე მიტოვებდა. მიხაროდა, მიშას "ვოლგით" რომ დავდიოდი. 11 ნომრით თამაშობდა, მანქანის ნომერიც 11-11 ჰქონდა. უბნის ბიჭები მთხოვდნენ ხოლმე, ჯემალ, დაგვაპატიჟებინე მიშა, მაგასთან გვაქეიფეო და მეც ვაწყობდი ამ საქმეს. არ ყოფილა შემთხვევა, მათთვის გადაეხდევინებინა ფული, ისე ახერხებდა, რომ სულ თვითონ იხდიდა. გულიანი ბიჭი იყო!..

...იყო ასეთი სპექტაკლი "დაკარგული ბარათი". მოხუც ქალაქის მერს ვთამაშობდი. ეროსი მედგა გვერდით. დაიძახებდა, "ყოჩაღო" და ზურგზე ხელს მირტყამდა. იმხელა ხელი ჰქონდა, რომ დამცხებდა, ლამის თავი დამერტყა სცენაზე. თვითონ კი იცინოდა. ერთხელაც დასარტყამი ინსტრუმენტის რკინის მრგვალი თეფში ვიპოვე. ჩამოვიკიდე კისერზე თოკით, ბეჭებზე გადავიგდე და მოსასხამის ქვეშ დავმალე. დამარტყა ეროსიმ და ისეთი ხმა იყო, კინაღამ გული გაუსკდა... ვაი, შენ რა გითხარიო...

ჩემი მიმწუხრი

მოხუცი როგორ წარმომიდგენია თავი? როგორიც ახლა ვარ, ეგრე. სარკეში ვიხედები და ვხედავ მოხუც ჯემალს. მუხლები მტკივა, თორემ გონებრივად ძველებურად ვარ. ახლა "კავკასიური ცარცის წრე" რომ აღადგინონ, თამაში გამიძნელდება. მე სულ პლასტიკაზე მქონდა ყველაფერი აწყობილი, ვცეკვავდი... როგორც უნდა დაატანო თავს ძალა, ის აღარ ხარ, რაც იყავი.

ცხოვრება მიდის. ხან ერთ საყვარელ კაცს ვკარგავ, ხან - მეორეს. ძალიან ბევრი მეგობარი დავკარგე. პირველი მწუხრის ზარი სკოლაშივე გვქონდა, - ჩვენი მეგობარი გურამ გუჯაბიძე გარდაიცვალა. მერე და მერე გახშირდა მწუხრის ზარები.

სასიხარულო რა ხდება ჩემს ცხოვრებაში?

მიხარია, რომ ჩემმა შვილიშვილმა სანდრიკამ ჩემი პროფესია აირჩია. რაც მე მაგის გამოსაშვებ სპექტაკლზე ვინერვიულე! ვინც ნახა, ყველამ შეაქო...

წელს 53-ე სეზონს ვხსნი რუსთაველის სახელობის თეატრში.

ბევრი რამ მომცა თეატრმა. რომ მივდივარ სპექტაკლზე, ხანდახან მგონია, ვერც კი გავივლი სცენაზე. მერე ყველაფერი კარგად მიდის. დამთავრდება სპექტაკლი და ისევ გტკივა, ისევ ცუდად ხარ... ეს არის ჩვენი ცხოვრება...