როგორ გამოვიყენოთ მზის ენერგია
27-11-2017
როგორ გამოვიყენოთ მზის ენერგია
"რაც კერძო სასტუმროების ბიზნესი განვითარდა, ინტერესიც გაიზარდა მზის ენერგიაზე"

ალბათ, ერთხელ მაინც გიბანავიათ ზაფხულში მზით გამთბარი წყლით - ეს ჩვენს ყოველდღიურ რეალობად შეიძლება ვაქციოთ და კომუნალური ხარჯები საგრძნობლად შევამციროთ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მზის ენერგიის გამოყენების მსურველთა რიცხვი იზრდება. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. როგორ გამოვიყენოთ მზის ენერგია და როგორ აისახება ეს ჩვენს ბიუჯეტზე, ამ კითხვით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, ენერგოაუდიტორ ნანა მეფარიშვილს მივმართეთ.

- ჩვენი ქვეყანა მზიანია, აღმოსავლეთ საქართველოში უფრო
მეტი მზის ენერგიის მიღებაა შესაძლებელი, ვიდრე დასავლეთ საქართველოში, რადგან აღმოსავლეთში უფრო მაღალი მზის რადიაციაა.

- კომუნალურ გადასახადებზე რამდენად აისახება მზის ენერგიით მიღებული სარგებელი?

- ორი ვარიანტია - თუ მხოლოდ ცხელი წყლით მომარაგებისთვის გამოვიყენებთ, წლის განმავლობაში ათ თვეს მოთხოვნას სრულად დაგვიკმაყოფილებს. დანარჩენი ორი თვე კი 40-გრადუსიანი
წყლის მიღებას ცხელი წყლის დამატება დასჭირდება, რადგან ზამთარში მზიანი ამინდები ცოტაა საიმისოდ, რომ თბილი წყლის მისაღებად გვეყოს.

მზის ენერგიით წყლის გასათბობად დაახლოებით 20-ლიტრიანი ავზი უნდა გვქონდეს თერმოსტატითY. თუ წყლის ტემპერატურა დაბალი იქნება, დანადგარი თბილ წყალს დაამატებს, "თერმექსის" მუშაობის პრინციპის მსგავსად. ჩვეულებრივ, ეს მოხდება ზამთრის დღეებში.
მეორე ვარიანტით, მზის ენერგიით გამომუშავებული ცხელი წყალი შეგვიძლია მივუერთოთ ცენტრალურ გათბობის სისტემასა და წყლის გათბობის ქვაბს, ანუ ადაპტირებულ სისტემას (ასე ეწოდება, როცა ორივე გაერთიანებულია). გათბობის ქვაბი გაცილებით ნაკლებ ენერგიას დაგიხარჯავს - წყლის ტემპერატურა, რომელიც ზამთარში ონკანიდან მოდის, 7 ან 8 გრადუსია, მზის ენერგიით კი 20 გრადუსამდეც რომ შეთბეს, მაინც მოგებას ვნახავთ.

მთელი წლის განმავლობაში ადაპტირებული სისტემა სხვადასხვა თვეში განსხვავებულ ეკონომიას მოგვცემს, წელიწადში კი საშუალოდ 30%-იანი დანაზოგი გამოვა. ამდენითვე შემცირდება ჩვენი კომუნალური გადასახადი მთელი წლის განმავლობაში.

- რა ჯდება ამ მოწყობილობის დამონტაჟება?

- არიან კომპანიები, რომლებსაც შემოაქვთ მზის ენერგიის მოწყობილობები. ფასები 1000-დან 2000 ლარამდე მერყეობს. გაწეულ ხარჯებს მალე ამოიღებთ - თუ მხოლოდ ცხელი წყლისთვის გამოიყენებთ სისტემას, დაახლოებით წელიწადსა და ერთ თვეში, მაგრამ თუ გათბობისთვისაც გამოიყენებთ, მაშინ დაახლოებით სამ წელიწადში.

- მრავალბინიან კორპუსში როგორ მონტაჟდება მზის ენერგიის მიმღები მოწყობილობა?

- მოწყობილობა მონტაჟდება კორპუსის თავზე ან უფანჯრო გვერდზე მზიანი მხრიდან. მოხმარების აღსარიცხავად, ყოველ ოჯახში მაგრდება მრიცხველები შემომავალი გაცხელებული წყლის მილზე. დათვლილია, რომ თბილისში 295 დღე მზიანია. ჩვენ გვაქვს სამშენებლო კლიმატოლოგია, სადაც გაწერილია, საქართველოს ტერიტორიაზე სად რა სიმძლავრის ენერგია შეგვიძლია მივიღოთ.
მზის ენერგიის გამოყენების მსურველთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. კერძო სასტუმროებში ცხელ წყალს დიდი რაოდენობით მოიხმარენ და სასტუმროს მეპატრონეები მიხვდნენ, რომ მზის ენერგიის გამოყენება გაცილებით მომგებიანია. რაც კერძო სასტუმროების ბიზნესი განვითარდა, ინტერესიც გაიზარდა მზის ენერგიაზე.

- წყალმომარაგების გარდა, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ მზის ენერგია?

- ჩვენ ძალიან კარგი კანონი გვაქვს - 100 კილოვატამდე სიმძლავრის ალტერნატიული დანადგარი, ანუ ქარის, მზის ან ორივე ერთად, - შეგვიძლია პირდაპირ ჩავრთოთ ელექტროქსელში. არსებობს ე.წ. დუალ ანუ ორმაგი მრიცხველი (ფასი 200 ლარის ფარგლებშია). ის ითვლის: როცა იქით ვაწვდი ქსელს ენერგიას, დაახლოებით 10 თეთრად ყიდულობს ჩემგან სისტემა, ხოლო თუ ენერგიას ვიღებ, როგორც წესი, ღამით, 17 თეთრად ვყიდულობ. წლის ბოლოს ხდება დაანგარიშება და თუ მე მეტი ენერგია მივაწოდე, განსხვავებას დამიბრუნებენ და თუ მეტი მოვიხმარე, მაშინ სხვაობას დავფარავ. მოკლედ, ამ მეთოდით შესაძლებელია ენერგიის მოხმარების განულება.
აქამდე მზის ენერგიის სისტემების მოწყობა სირთულეებს უკავშირდებოდა, რადგან ღამით ან უმზეო დღეებში სისტემის სტაბილურობისთვის საჭირო იყო აკუმულატორების შეშველება, ეს კი დამატებით ადგილსა და ხარჯს ნიშნავს. საერთო ელექტროქსელში ჩართვა კი ამ სისტემას აიაფებს და ის ადვილად მოსახმარებელიც ხდება.

მზის ენერგიით დამუხტული "მარწყვის ხე"


თუ ბელგრადში გაისეირნებთ, ტელეფონზე არ იდარდოთ, რადგან მზის ენერგიით დამუხტულ "მარწყვის ხეზე" შეგიძლიათ დამუხტოთ და აქვე WI-FI დაიჭიროთ, რომელიც ასევე მზის ენერგიაზე მუშაობს. "მარწყვის ხეები" (შტრაწბერრყ თრეე) მზის ენერგიაზე მომუშავე სოციალური სადგურებია და ბელგრადის ქუჩებში, მოედნებზე, კაფეებსა და პარკებშია დამონტაჟებული. "მარწყვის ხეში" მზის ენერგია დღის განმავლობაში გროვდება და ინახება ღრუბლიან ამინდსა და ღამის საათებში გამოსაყენებლად. ყოველ ხეს უფასო პორტები აქვს, რომლებიც 10-15 წუთში მუხტავს მობილურ ტელეფონებსა და სხვა მოწყობილობებს.

ნინო წიფურია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით