"დედა, მიშველე, ვკვდები!"
27-11-2017
"დედა, მიშველე, ვკვდები!"
დედა, მიშველე, ვკვდები, შენდობას ვითხოვ ყველაფრისთვის", - დედა გაოგნებული ისმენდა ერთადერთი შვილის ამ მოულოდნელ სიტყვებს, უცებ ვერ გაერკვა, რას გულისხმობდა მისი 22 წლის სიცოცხლითა და სიკეთით სავსე ბექა, ვითომ ხუმრობდა? თუმცა სასულიერო აკადემიის საუკეთესო მოსწავლე, სტიქაროსანი და სათნოებით გამორჩეული ბექა ასე როგორ შეაშინებდა მარტოხელა დედას?! მაშინ რა ხდებოდა? დედამ ხომ სულ ცოტა ხნის წინ სახლიდან თვითონვე გააცილა "ლეოგრანდის" ფიტნესკლუბში სავარჯიშოდ?!.. ქალს მოულოდნელი ზარის გამო ერთბაშად გაჩენილი კითხვებისგან თავბრუ დაეხვა, მაგრამ
როდესაც გაურკვევლობა დედის საზარელმა ინტუიციამ ჩაანაცვლა, მთელი ხმით დაიყვირა: - "ბექა, სად ხარ?"... ყურმილის მეორე მხარეს ხმას არავინ იღებდა, ტელეფონის ზარი კი კიდევ დიდხანს და ისტერიკულად რეკავდა სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩერებულ ლიფტში, სადაც ბექასთან ერთად სიცოცხლით სავსე
კიდევ შვიდი ახალგაზრდა უგონოდ იწვა, მათ უსულო სხეულებს კი ცეცხლის შავი კვამლი ეპატრონებოდა...

ხანძრის ქრონოლოგია


24 ნოემბერი კიდევ დიდხანს ემახსოვრება საქართველოს... კიდევ დიდხანს არ გაქრება შიშის, დაუცველობისა და უსუსურობის განცდა თითოეულ ჩვენგანში, ნელ-ნელა რომ გვეუფლებოდა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ სასტუმროში გაჩენილი ხანძრის ყურებისას.

ათი საქართველოს და ერთი ირანის მოქალაქე შეიწირა ხანძარმა, 21 კაცი კი მძიმედ დაშავდა, რომელთა ნაწილი ამ დრომდე საავადმყოფოშია. ჯერ კიდევ უცნობია მიზეზი, რა მოხდა 24 ნოემბერს სასტუმროში, რას შეეწირა ხუთვარსკვლავიან "ლეოგრანდში" სავარჯიშოდ და დასასვენებლად მისული ახალგაზრდების სიცოცხლე.

24 ნოემბერს სასტუმროში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შეტყობინება 20:01 საათზე შევიდა - სასტუმროს ერთ-ერთი თანამშრომელი "112"-ის ოპერატორს ატყობინებდა, რომ ცეცხლი "ლეოგრანდის" საუნას ეკიდა და ის შენობის მთელ ტერიტორიას სწრაფად ედებოდა. რეაგირებამ არ დააყოვნა - შემთხვევის ადგილას მივიდა 13 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. მოგვიანებით, ხანძრის ჩაქრობაში ჩაერთვნენ მეხანძრე-მაშველები და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა გურიისა და სამეგრელოს რეგიონებიდან, თუმცა, სანამ გარეთ მეხანძრეები ცეცხლის ჩასაქრობად ემზადებოდნენ, სასტუმროში­ ჯერ შუქი ჩაქრა, შემდეგ კვამლმა მეოთხე­ და მეხუთე სართული სრულად დაფარა, გაითიშა ლიფტი და ჩაიკეტა გასასვლელი­ კარი - სასტუმროს ფიტნესკლუბში მისულმა ადამიანებმა შენობიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს, გადარჩნენ მხოლოდ ისინი, რომლებიც ფიტნესკლუბისა და სასტუმროს საუნის ფლიგელში არ იმყოფებოდნენ. მათ შორის, "მის საქართველოს" კონკურსანტები, ორგანიზატორები და ჟიურის წევრები, რომლებიც კონკურსისთვის ბოლო რეპეტიციას გადიოდნენ. დაბნეული­ იყო სასტუმროს პერსონალიც, ვერც კი წარმოედგინათ, რომ სწორედ მათ ევალებოდათ სტუმრების საევაკუაციო გეგმის მიხედვით სამშვიდობოს გაყვანა, ისინი საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ. მეხანძრეებმა სასტუმროში მყოფი ადამიანების ნაწილი რესტორნის ტერასიდან სახანძრო მანქანების კალათებითა და კიბეებით, ნაწილი კი სპეციალური დერეფნით გამოიყვანეს, სულ 100-ზე მეტი კაცი გადაარჩინეს. სასტუმროს ორ სართულს ცეცხლი ოთხი საათის განმავლობაში ეკიდა.

"შუქი ჩამქრალა, ლიფტი კვამლით გავსებულა და..."


დაღუპულებიდან რვა ლიფტში, ერთი - აუზში, ორი კი სავარჯიშო დარბაზში იპოვეს, მათ შორის იყვნენ მარად შანთაძე, ზაურ აბულაძე, გიორგი ცინცაძე, დათო ქამადაძე, როინ ჯოყილაძე, დავით ლორთქიფანიძე და ბექა შათიკაშვილი. ბექას მსგავსად, ერთ-ერთი ტაძრის სტიქაროსანი იყო გიორგი ცინცაძეც, რომელიც "ლეოგრანდში" ხანძრის გაჩენამდე ერთი საათით ადრე სავარჯიშოდ მივიდა. მისი
ახლობელი, სალომე­ კოპალეიშვილი იხსენებს: "ცინცო" - ასე ვეძახდით მას მეგობრ­ები. საოცარი იუმორი ჰქონდა. ცოტა ხნის წინ დაოჯახდა, ულამაზესი მეუღლე და ტყუპი ბიჭები დაგვიტოვა. როდესაც სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, გიორგი და სხვა ახალგაზრდები ლიფტში შესულან, რომ როგორმე შენობიდან გამოეღწიათ, მაგრამ შუქი ჩამქრალა, ლიფტი კვამლით გავსებულა და გიორგი გაიგუდა. კიბე ვერ უპოვიათ დანარჩენებსაც, როგორც ვიცი, ერთ-ერთი მეზღვაური იყო და წინადღეს ჩამოსულა ნაოსნობიდან. სიბნელე იყო და ვერ ხვდებოდნენ, რომელ მხარეს უნდა გასულიყვნენ, გზას ვერ აგნებდნენ, კარიც ჩაკეტილა - ძლიერდებოდა დაკვამლიანება და ადამიანები იგუდებოდნენ. გარდაცვლილები 23, 26 და 27 წლისანი არიან.

"ლეოგრანდი" სათანადო პირობების უგულებელყოფის გამო დავაჯარიმეთ" (?!)


"ლეოგრანდი" ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა და ერთ-ერთ ძვირად ღირებულ და ფეშენებელურ სასტუმროდ ითვლება ბათუმში, ნომრის ფასი ერთი ღამით 4.000 ლარამდე აღწევს. ბუნებრივია, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს სტატუსი მომხმარებლისთვის მხოლოდ კომფორტული გარემოს შექმნას არ გულისხმობს, ასეთი სასტუმროს მენეჯმენტი ვალდებულია სტუმრების უსაფრთხოებაზეც იზრუნოს, თუმცა, როგორც ირკვევა, "ლეოგრანდი" სახანძრო უსაფრთხოების არარსებობის გამო დაუჯარიმებიათ. როგორც"ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე ამბობს, მერიაში არსებობდა ინფორმაცია, რომ სასტუმრო უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებდა:""პერიოდულად ყველა სასტუმროს ვამოწმებთ. "ლეოგრანდი" სათანადო პირობების უგულებელყოფის გამო დავაჯარიმეთ კიდეც. მალე გაირკვევა, არსებობდა თუ არა საევაკუაციო გეგმა­ ან რამდენად დაცული იყო სახანძრო უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები. ჩვენ გამოძიების დასკვნის შესაბამისად ვიმოქმედებთ და მკაცრ­ ზომებს მივიღებთ".

"არ გვაქვს უფლება, სადამსჯელო ზომები მივიღოთ"


სანამ ბათუმის ვიცე-მერი გამოძიებას ელოდება, შეგახსენებთ, რომ სასტუმროებსა და სხვა შენობა-ნაგებობებს ექსპლუატაციაში ქალაქის მერია იღებს, ამიტომ გაუგებარია, თუ სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო, რატომ მიიღეს სასტუმრო ექსპლუატაციაში. თენგიზ პეტრიძემ ამ შეკითხვაზე ასეთი პასუხი გაგვცა: "ექსპლუატაციაში მიღებისთვის რა დოკუმენტებიც არის საჭირო, "ლეოგრანდს" წესრიგში ჰქონდა, მაგრამ უსაფრთხოების ნორმები ჰქონდა თუ არა დარღვეული ან მართებულად მოხდა თუ არა შენობის ექსპლუატაციაში მიღება, საგამოძიებო სამუშაოების შემდეგ დადგინდება". აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი კი გვიყვება, რომ მერიას არა აქვს შესაძლებლობა­ სასტუმროს წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიიღოს:""2017 წელს "ლეოგრანდს" სარეკომენდაციო წერილი გაეგზავნა უსაფრთხოების ზომების მიღების შესახებ. მეტიც, 20 ნოემბერს შედგა სხდომა, სადაც საკითხი ფართოდ განვიხილეთ - მიუხედავად იმისა, რომ ხუთვარსკვლავიან სასტუმროსთან გვქონდა საქმე, ის გარკვეულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა, თუმცა ჩვენ არა გვაქვს უფლება სადამსჯელო ზომები მივიღოთ, მხოლოდ ჯარიმითა და რეკომენდაციებით შემოვიფარგლებით".

"დანაშაულია, ასეთ ადამიანებს ვანდოთ სახანძრო ექსპერტიზა


"ლეოგრანდი" თურქ ბიზნესმენ ეროლ ავგორენს ეკუთვნის. მან ბიზნესსაქმიანობა საქართველოში 2011 წლიდან დაიწყო. "ლეოგრანდი" კი, 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა. სასტუმრო, რომელშიც 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და 700 კაცი დასაქმდა, 180 ნომერსა და მსოფლიო კლასის მომსახურებას მოიცავდა. კომპლექსში­ განთავსებულია საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრი, თუმცა არა აქვს დაკვამლიანების კიბე, რომელიც ხანძრის შემთხვევაში შენობაში მყოფი პირების ევაკუაციისთვის გამოიყენება. როგორც მეხანძრე ალექსანდრე რეკვავა ამბობს, შენობაში სახანძრო უსაფრთხოების მინიმალური ზომებიც კი არ იყო: "მშენებლობისას უნდა ყოფილიყო პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა საევაკუაციო გეგმა. ფაქტია, ხანძრის დროს ქაოსურად მიმდინარეობდა ევაკუაცია. პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ მათაც, ვინც ასეთი მაღალი რისკის შემცველი შენობა ექსპლუატაციაში მიიღო. დღეს არ გვყავს სპეციალისტები, რომლებიც მსგავსი პროექტების ექსპერტიზას უზრუნველყოფენ, ორთვიანი ტრენინგებით კარგ სპეციალისტებს ვერ გავზრდით. დანაშაულია, როცა ასეთ ადამიანებს ვანდობთ შენობების სახანძრო ექსპერტიზასა­ და ექსპლუატაციაში მიღება-არმიღებას. ჯერ გამოძიებას არაფერი უთქვამს, თუმცა, ჩემი დაკვირვებით, შენობას არ ჰქონდა საგანგებო კიბის უჯრედი, სადაც კვამლი ვერ შეაღწევდა, არც ჰაერის ნაკადის მიწოდება იყო გათვალისწინებული... ამასთან, დიდი ალბათობით, სასტუმროს არ ჰქონდა ხანძრის ჯერ აღმოჩენის და შემდეგ ჩაქრობის სისტემები, ამიტომ გაუგებარია, როგორ მიანიIჭეს ასეთ შენობას ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს სტატუსი.

რუსუდან შელია
v.h.p.(ვაი ჩვენს პატრონს)
03 დეკემბერი 2017 16:33
რადგან თურქია პასუხისმგებლობაში არ მისცეთ...მაინც უცხოელებისაა საქართველო...ქართველი ბიჭები მიწაში ჩააწვინეთ... როდემდე უნდა გაგრძელდეს ქართველების განადგურება საქართველოში?!?!?! უნიათო მთავრობა...უნიათო ხალხი...

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები