"იქნებ გამომეხმაუროს ჩემი შვილიშვილის დედა და ჩემს ცხოვრებას აზრი მისცეს" - კვირის პალიტრა

"იქნებ გამომეხმაუროს ჩემი შვილიშვილის დედა და ჩემს ცხოვრებას აზრი მისცეს"

უთუოდ შეამჩნევთ კლინიკის მეხუთე კორპუსის პირველი სართულის ფანჯარაზე გამოკრულ ორ ფოტოსურათს. ეს რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილი 54 წლის გიორგი აბაშიძის ფოტოებია. სარკმლიდან ეზოში მომზირალი პორტრეტები ახლა მხოლოდ ერთ ემოციას იწვევს, ემოციას, რომელსაც ბანალური სათაური აქვს: "აქ ცხოვრობდა, აქ იყო, აქ იბრძოდა გადარჩენისთვის..."

თუ ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ერთხელ მაინც ყოფილხართ, აუცილებლად შენიშნავდით კლინიკის მეხუთე კორპუსის პირველი სართულის ფანჯარაზე გამოკრულ ორ ფოტოსურათს... ეს რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილი 54 წლის გიორგი აბაშიძის ფოტოებია. სარკმლიდან ეზოში მომზირალი პორტრეტები ახლა მხოლოდ ერთ ემოციას იწვევს, ემოციას, რომელსაც ბანალური სათაური აქვს: "აქ ცხოვრობდა, აქ იყო, აქ იბრძოდა გადარჩენისთვის..."

გიორგი აბაშიძე დედასთან ერთად წლების განმავლობაში ჯერ ინფექციურ საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ სეფსისის ცენტრში მკურნალობდა. ოჯახს თუ რამე გააჩნდა, მას მოახმარა. წასასვლელი რომ აღარსად ჰქონდათ, საავადმყოფოს იმ პალატაში დარჩნენ საცხოვრებლად, რომელშიც გიორგი მკურნალობდა. ასე გახდა საავადმყოფო აბაშიძეების თავშესაფარი. ამ ოთახში ახლა 74 წლის ზანდა ბერულავა ცხოვრობს.

ზანდა ბერულავა: - სანამ შვილთან ერთად საავადმყოფოს კედლებს ვაფარებდი თავს, ქუთაისში სახლი გაგვიძარცვეს. ფანჯრის ჩარჩოებიც კი ამოღებულია. უკვე ნასახლარს ჰგავს. აღარც დენი, წყალი და აღარც ბუნებრივი აირი. ამ კედლებში ოდესღაც უზრუნველად ვცხოვრობდით. მოიპარეს მამაჩემის მემორიალიც. როგორც "დინამოს" პირველ კაპიტანს, მშენებელ-ინჟინერსა და ფეხბურთის საკავშირო ფედერაციის საპატიო წევრს, მეგობრების თაოსნობით გაუკეთეს. ხელს ამის თაობაზე კოტე მახარაძე, სოფიკო ჭიაურელი, ბორის პაიჭაძე და კიდევ სხვა მრავალი ცნობილი ადამიანი აწერდა.

- ახლა რა არის თქვენი შემოსავალი?

- პენსია, სხვა რა უნდა მქონდეს, მაგრამ ახლა ჩემთვის მხოლოდ ერთი რამ არის მთავარი, შვილის საფლავი უნდა გავაკეთო, რომ არავინ თქვას, გიას დედა არ ჰყოლიაო. სანამ ცოცხალი ვარ, მინდა, ერთი პატარა ოთახი მქონდეს და კიდევ, ძალიან მინდა, ისეთ საქართველოს მოვესწრო, გიას რომ უნდოდა და მისთვის რომ იბრძოდა.

"იყო დრო, ბედნიერი ქალი ვიყავი"

იყო დრო, ბედნიერი ვიყავი. მამაჩემი, გიორგი ბერულავა,"1925 წლიდან "დინამოს" პირველი კაპიტანი იყო. ქუთაისის "ტორპედოს" დასაარსებლად ბევრი რამ გააკეთა.

დედა წყალტუბო-ბროწეულას სარკინიგზო მაგისტრალის მშენებელთა ჯგუფის უფროსი გახლდათ. სამწუხაროდ, დედმამიშვილი არ მყოლია. სკოლა ქუთაისში დავამთავრე. პარალელურად ვსწავლობდი საფორტეპიანო და ვოკალურ მუსიკალურ სასწავლებელში, შემდეგ კონსერვატორიაში. ქუთაისის საოპერო თეატრში 23 წლის განმავლობაში არ მყოლია შემცვლელი. სცენაზე ისეთი სირთულის ნაწარმოებებს ვასრულებდი, როგორიცაა "ჯამბაზები", "ტრუბადური", "ტოსკა" და ა.შ. საქართველოში ამას მხოლოდ ცისანა ტატიშვილი და მე ვმღეროდით. პარტნიორობას მიწევდნენ კორიფეები: ზურიკო ანჯაფარიძე, ზურიკო სოტკილავა, პეტრე ამირანაშვილი, ალეკო ხომერიკი.

ჩემმა მეუღლემ მე და გია მიგვატოვა და ჩვენც ჩემი მშობლების იმედად დავრჩით. განშორების მიზეზი ბოლოს მე დამბრალდა, თითქოს ჩემს სასიმღერო კარიერას გადავაყოლე ოჯახი. ჩემმა ყოფილმა მეუღლემ მეორე ოჯახი შექმნა. მას მეორე ქორწინებიდან ორი გოგონა ჰყავს, ჩემი გიას დები.

ერთადერთი შვილის ცხოვრების გზა

"გიამ ქუთაისის რუსული სკოლა დაამთავრა, მისი სამაგიდო წიგნი შექსპირის სონეტები იყო. გამორჩეულად უყვარდა ვაჟას შემოქმედება. სანამ უმაღლესში ჩასაბარებლად მოემზადებოდა, ქუთაისის შრომითი რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს სთხოვა, ყველაზე რთულ სამუშაოზე გამიშვით სამედიცინო დაწესებულებაში, ექიმი უნდა გავხდეო. ბაბუამისი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აბაშიძე, ათეული წლების მანძილზე ირანსა და გერმანიაში სამხედრო ქირურგად მუშაობდა. გიამ ქუთაისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სანიტრად დაიწყო მუშაობა და იმ პერიოდში დაიწყო ეროვნული მოძრაობა. გია, როგორც თავისი ქვეყნის პატრიოტი, თანამოაზრეებთან ერთად მოძრაობაში ჩაება. მუდამ იქ იდგა, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა. იცით, როგორ შეეძლო სხვისი გაჭირვების გაზიარება? 1989 წლის 21 ივნისს სამხედრო მანქანა რძის პროდუქტებით გაავსო და სრულიად უსასყიდლოდ ტამიშში ჩვილ ბავშვებს ჩაუტანა. ჩემი მამამთილის ნაჩუქარი ძვირფასი ნივთები გაყიდა და მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს დაეხმარა. გია პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ერთგული იყო. ერთხელ ქუთაისში, მესხიშვილის თეატრთან, ზვიად გამსახურდია სიტყვით რომ გამოდიოდა, ჩემმა შვილმა ვიღაც იარაღით შენიშნა და პრეზიდენტს გადაეფარა, თავისი სიცოცხლე სასწორზე დადო... არ არსებობდა, გამსახურდიას გაევლო დასავლეთის გზაზე და ჩვენთან არ მოსულიყო, გია არ მოეკითხა. "

მკურნალობა და ტრაგიკული აღსასრული

"1999 წელს საბედისწერო დღე გამითენდა. გიას ფანჯრის რაფაზე ფეხი აუსრიალდა, მეორე სართულიდან გადავარდა და ხერხემალი დაუზიანდა, გადარჩა, მაგრამ საწოლს მიეჯაჭვა. რომ იცოდეთ, როგორ ოცნებობდა გავლაზე! როცა ჩემი რესურსი ამოვწურე, გვერდით დამიდგნენ ადამიანები, რომელთაც მადლობა მინდა გადავუხადო. როცა გიასთვის ელემენტარულ საჭირო ნივთებსაც ვეღარ ვყიდულობდი, სწორედ მაშინ მიგზავნიდა წამლებსა და ჭრილობის საფენებს პაატა კურტანიძე, ინფექციური საავადმყოფოს ექიმები. თამარ ბოჭორიშვილი სულ ამბობდა, გიამ ამ კედლებში უნდა გაიაროსო, ქირურგები გია თავბერიძე, მაია კანაშვილი და მანანა მახვილაძე ახლაც მპატრონობენ. მამა იოსები და მამა დავითი, ფულსა და საჭმელს დღემდე მიგზავნიან. საქველმოქმედო ფონდის დახმარებით გერმანიაშიც ვიყავით სამკურნალოდ, ჩემმა თანაკურსელმა, ანსამბლ "ქართული ხმების"" ხელმძღვანელმა რობერტ გოგოლაშვილმა მიშუამდგომლა ერთ ქველმოქმედთან, რომელმაც 12.000 ევრო გადმოგვირიცხა, მაგრამ აზრი არაფერს ჰქონია... ამ ზაფხულს, 15 ივლისს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩემი იმედი.

2001 წლიდან ინფექციურში ვცხოვრობდით, ბოლო სამი წელი სეფსისის ცენტრში. ყველა დავალიანებას ამ საავადმყოფოს მფლობელი ფარავს. არ მინდა, ვინმეს უმადური ვეგონო, არ მინდა, იფიქროს ვინმემ, რომ შვილი გარდამეცვალა და დამავიწყდა მათი პატივისცემა.

ბოლო იმედის ნაპერწკალი

საავადმყოფოში გავიგე, რომ შვილიშვილი მყავს. ახლახან გოგონას ფოტო ვნახე გიას ნივთებში ჩამალული, გული მწყდება, რომ გიამ არაფერი მითხრა. იქნებ გამომეხმაუროს ის მშვენიერი ქალი და მისცეს ჩემს ცხოვრებას აზრი.

ქართველი ხელოვანი, დამსახურებული არტისტი, ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრის, გიორგი აბაშიძის დედა ზანდა ბერულავა ღია ცის ქვეშ რჩება. საზოგადოება ძალიან ბევრჯერ გაერთიანებულა მიუსაფრების დასახმარებლად. ალბათ, არც ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი.

თორნიკე ყაჯრიშვილი