"მეგონა, რომ დარბაზში კიდევ იყვნენ სხვები, შევბრუნდი და ვიძახდი" - ბიჭი, რომელიც სასტუმროში ხანძრისას არაერთ ადამიანს დაეხმარა - კვირის პალიტრა

"მეგონა, რომ დარბაზში კიდევ იყვნენ სხვები, შევბრუნდი და ვიძახდი" - ბიჭი, რომელიც სასტუმროში ხანძრისას არაერთ ადამიანს დაეხმარა

რუსლან შავაძე ქობულეთის მცხოვრებია, ის 7 წლის განმავლობაში ძიუდოში ვარჯიშობდა, ბოლო ერთი წელი კი სასტუმრო "ლეოგრანდში" ფიტნეს ინსტრუქტორად მუშაობდა. 24 ნოემბერს ჩვეულებისამებრ დარბაზში მოსულ სტუმრებს ავარჯიშებდა, როცა ტრაგედია დატრიალდა... სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არა ის, ხანძარი, რომელიც სასტუმროში გაჩნდა, კიდევ უფრო მეტ ადამიანს იმსხვერპლებდა.

რუსლან შავაძე:

- უკვე ერთი წელია სასტუმრო "ლეოგრანდში" ფიტნეს ინსტრუქტორად ვმუშაობ. მაშინაც, როცა ეს ამბავი მოხდა, დარბაზში ვიყავი და რამდენიმე ადამიანს ვავარჯიშებდი. დარბაზში დაახლოებით 10 ადამიანი იყო, მათგან სამი გოგონა. ჩვენთან კვამლი ჯერ არ ჩანდა, მაგრამ უცებ შემოვარდა ჩემი მეგობარი და მითხრა, ყველგან საშინელი კვამლია და სასწრაფოდ გარეთ გამოვსულიყავით. გამოვიყვანე ყველა დარბაზიდან, რადგან კვამლი თანდათან სპორტდარბაზშიც შემოდიოდა. მახსოვს, რომ პირველ რიგში, კიბისკენ გავიქეცი, რადგან ვიცოდი სად იყო გასასვლელი.

მეექვსე სართულზე ვიყავით და ზუსტად არ ვიცოდი ქვედა სართულებზე რა ხდებოდა... ყველაზე ნაკლები კვამლი ლიფტებთან იყო, ამიტომ ლიფტი გამოვიძახე და ჯერ პერსონალის 2 გოგონა გავუშვი, შემდეგ კი ის გოგო- ბიჭები, რომლებიც ჩემს დარბაზში ვარჯიშობდნენ.

ლიფტით ყველანი რომ გავუშვი, მეგონა, დარბაზში კიდევ იყვნენ სხვები, შევბრუნდი და ვიძახდი ვინმე ხომ არ იყო. ლიფტს ჩემი მეგობარი იჭერდა და ამ დროს ორი ბიჭი მოვიდა, ირგვლივ არავინ ჩანდა და ხმაც არ ისმოდა, შველასაც არავინ ითხოვდა და არავინ გამოგვეხმაურა, ამიტომ ბოლოს ჩვენ ოთხნი ჩამოვედით.

- პერსონალმა არ იცოდა, რომ ამ დროს ლიფტის გამოყენება საშიშია?

- კვამლმა სასტუმროს სართულები ძალიან მცირე დროში მოიცვა. გარეთ რომ გამოვედი, შემდეგ მივხვდი, რომ ამ დროს ლიფტის გამოყენება ყველაზე საშიში იყო, თუმცა კიბეები რომ გამოგვეყენებინა, უფრო მეტი მსხვერპლი გვეყოლებოდა, რადგან კვამლი ქვედა სართულებზე უკვე ძალიან მასშტაბურად იყო გავრცელებული. დაახლოებით 4 წუთში კვამლმა მეოთხე და მეხუთე სართული სულ დაფარა.

- უკვე ცნობილია, რომ 7 ადამიანი ლიფტში დაიღუპა, სამი საუნაში, ერთი კი კიბეზე. ვერ მოახერხეს საუნიდან ხალხის გამოყვანა?

- სასტუმროში სხვადასხვა სახის საუნა იყო და ის ადამიანები, რომლებიც საუნაში დაიღუპნენ, იყვნენ თურქულ ჰამამში, დაახლოებით ორი ან სამი კარი უნდა გაიარო ამ საუნაში რომ მოხვდე, ისინი გარეთ ატეხილ ხმაურს ვერ გაიგებდნენ თუ ვინმე სპეციალურად არ მივიდოდა და არ გააფრთხილებდა. სადაც გამათბობლები იყო, ყველა მხრიდან საშინელი კვამლი გამოდიოდა. რის გამო მოხდა ეს ამბავი, ჯერ კიდევ უცნობია.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ლეოგრანდი" 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა. სასტუმროში, რომელშიც 40 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა და 700 ადამიანი დასაქმდა, 180 ნომერია. სასტუმრო კომპლექსში განთავსებული იყო საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი, სპაცენტრი, კაზინო. 24 ნოემბერს "ლეოგრანდში" მომხდარი ტრაგედიის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 21 კი დაშავდა. გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის 27 ნოემბერი, საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა. დღეს კი ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ხანძრისას დაღუპულთა პანაშვიდი გაიმართა.

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)