"ყველაფერი ერთად დამატყდა თავს, მარტო ვიყავი" - კვირის პალიტრა

"ყველაფერი ერთად დამატყდა თავს, მარტო ვიყავი"

"სრულიად უცხო ადამიანები მიდგანან მხარში და მეხმარებიან"

21 წლის ნათია თოდუამ გერმანულ მუსიკალურ პროექტ "ვოისში" მონაწილეობით ჟიურის წევრები აღაფრთოვანა და გერმანელი მსმენელისკენაც გაიკვლია გზა...  "რთული და ეკლიანი გზა იყო", - ამბობს ნათია საქართველოდან გერმანიამდე გავლილ გზაზე საუბრისას. იმედგაცრუებული მომღერლის თქმით, საქართველო არ აღმოჩნდა ის ადგილი, სადაც წარმატებას მიაღწევდა.

- გარდა იმისა, რომ მღერი, კიდევ რას საქმიანობ?

- 2013 წელს კავკასიის უნივერსიტეტში ჩავირიცხე. სამჯერ გამოვიცვალე ფაკულტეტი, საბოლოოდ კი ჯანდაცვის მენეჯმენტისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე შევაჩერე არჩევანი. მე-4 კურსზე ფინანსური პრობლემების გამო აკადემიური ავიღე, რადგან თანხის გადახდა აღარ შემეძლო.

- მშობლები გიხდიდნენ სწავლის საფასურს?

- ვმუშაობდი ჯგუფ "ვაკის პარკთან" ერთად და მქონდა გარკვეული შემოსავალი.

- როგორ აღმოჩნდი გერმანულ "ვოისში"?

- უნივერსიტეტში აკადემიურის აღების შემდეგ, 2017 წელს წამოვედი გერმანიაში. ოჯახში ვმუშაობდი, პარალელურად ვსწავლობდი გერმანულს, რომ აქაურ უნივერსიტეტში გამეგრძელებინა სწავლა იმ ფაკულტეტზე, სადაც თბილისში ვსწავლობდი. მუსიკალურ კარიერაზე აღარც ვფიქრობდი. ჩემს დაბადების დღეზე, როცა ინტერნეტში რაღაცებს ვეძებდი, The Voice of Germany-ის შესარჩევი ტურის რეკლამა ვნახე და დამაინტერესა. დავრეგისტრირდი და შიდა შესარჩევ ტურზე დამიბარეს. გასაუბრებისას მითხრეს, შენი ვიზით პროექტში მონაწილეობის უფლება არ გაქვს. თუ გინდა, უბრალოდ, შენი სიამოვნებისთვის იმღერეო. მერე გიტარაზეც დავუკარი და ვიმღერე. გაოცდნენ. მითხრეს, გარკვეულ დროს მოგცემთ და თუ ვიზის პრობლემებს მოაგვარებ, შეგვეხმიანეო... მოკლედ, გამიმართლა, გერმანიაში გათხოვილი ქართველი ქალბატონი დამიკავშირდა და მისი დახმარებით, ვიზა გამიგრძელეს. ბედნიერი და გახარებული ვარ. მჯერა, მიზანს მივაღწევ, ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი.

- ვისთან ერთად ხარ ახლა გერმანიაში?

- სრულიად უცხო ადამიანები მიდგანან მხარში და მეხმარებიან ჩემი მიზნების განხორციელებაში. ამჟამად ვცხოვრობ ნათია მხეიძისა და მისი მეუღლის, რაინერ შმიდტის ოჯახში, სადაც თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარი სახლში. ეს ადამიანები ისე მექცევიან, როგორც შვილს.

ნათია მხეიძე "ჯგუფ ვაკის პარკის" წევრების ბავშვობის მეგობარია. ის ჯერ კიდევ თბილისში, ბარში სიმღერისას გავიცანი. გერმანიაში ჩამოსულს დახმარების ხელი გამომიწოდა და შემომთავაზა, მასთან მეცხოვრა. უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე, მასთან ვიქნები, შემდეგ კი გადავალ იმ ქალაქში, სადაც სასწავლებელია.

- გერმანიაში საკუთარი შემოსავალი გაქვს?

- კი, მაგრამ სტაბილურად მუშაობას ვერ ვახერხებ.

- და არასტაბილურად სად მუშაობ?

- ბარში ვღერი ან ძიძად ვმუშაობ.

...

- რთული იყო გზა, რომელიც გამოიარე?

- რა თქმა უნდა, რთული იყო. კონკრეტულ მაგალითებზე ვერ ვისაუბრებ. ცხოვრება რთულია, მაგრამ საინტერესო. ყველაფერი ერთად დამატყდა თავს, მარტო ვიყავი, გვერდით თითქოს არავინ მყავდა, მაგრამ კეთილი ადამიანების დახმარებით, დღეს შედარებით უკეთესად ვარ. ცხოვრებისეული სირთულეები ადამიანებს გვზრდის, გამოცდილებას გვაძლევს, გვაძლიერებს და ბევრ რამეს გვასწავლის. (იხილეთ სრულად)

სოფო ჭონიშვილი