აღმოჩენილია 3000-მდე მეტრის მღვიმე, რომელიც, შესწავლის შემდეგ, შეიძლება ქვეყნის უგრძესი მღვიმე აღმოჩნდეს - კვირის პალიტრა

აღმოჩენილია 3000-მდე მეტრის მღვიმე, რომელიც, შესწავლის შემდეგ, შეიძლება ქვეყნის უგრძესი მღვიმე აღმოჩნდეს

უმნიშვნელოვანესი და ულამაზესი მღვიმეებით სავსე ჭიათურის კლდეები ბოლო პერიოდში დიდ სპელეოოცნებად იქცა. თითქოს, ნელ-ნელა ყველა მღვიმის კარს გვიხსნის და საიდუმლოებებსაც ააშკარავებს.

ახლახან საქართველოს სპელეოლოგთა კლუბისგან კიდევ ერთი ინფორმაცია შევიტყვეთ: სოფელ სვერთან ახლადაღმოჩენილი 3000 მეტრამდე სიგრძის "დათას მღვიმემ" არათუ მანდაეთის მღვიმეს გაუსწრო სიგრძით, სიმაღლითა და მოცულობით, არამედ ადამიანის შეღწევისა და წვდომის თვალსაზრისით, საქართველოს კარსტულ მღვიმეებს შორის სიგრძით მესამე ადგილს იკავებს, დღეს უგრძესად 4500-მეტრიანი საკიშორეს მღვიმე მიიჩნევა, მომდევნო კი, 3285-მეტრიანი ახალი ათონის მღვიმეა.

ჩვენს მკითხველებს, ალბათ, გახსოვთ, აგვისტოში ახალგაზრდა სპელეოლოგების, გია ციცვიძისა და ლადო მუმლაძის აღმოჩენის შესახებ რომ გიამბეთ, მათ სოფელ სვერში, კოტიას კლდის მღვიმიდან 400 მეტრის მოშორებით, 40 მეტრის სიღრმის ულამაზესი კარსტული ჭა აღმოაჩინეს. მოსახლეობა ამ ადგილს "დათას ჭას" უწოდებდა და, თურმე, ნაგავს ჰყრიდა შიგ. სპეციალური აღჭურვილობით ბიჭებმა იქ ჩასვლა მოახერხეს და ლამაზი სტალაქტიტები, სტალაგმიტები, სტალაგნატები, მიწისქვეშა ტბები და მიწისქვეშა მდინარე დახვდათ. იქვე გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში ჭას საფუძვლიანად გამოიკვლევდნენ.

ნიკა კაპანაძე და გუგა დაბრუნდაშვილი

მახსოვს, მაშინვე მანდაეთის მღვიმესთან გაივლო პარალელი და ითქვა: რაკი მანდაეთშიც თავდაპირველად მხოლოდ ჭის არსებობის შესახებ იცოდნენ და მერე უზარმაზარი მღვიმე აღმოჩნდა, არავინ ვიცით, რა სიურპრიზებს დაგვახვედრებს "დათას ჭაო".

სიურპრიზიც ასეთი უნდა: ახალგაზრდა სპელეოლოგების, საქართველოს სპელეოკლუბის წევრების, ჭიათურელი ნიკა კაპანაძისა და ლადო მუმლაძის, ასევე, თბილისელი მეკლდეურისა და მთამსვლელის, გუგა დაბრუნდაშვილის კვლევების შედეგად, "დათას მღვიმის" სიგრძე 3000 მეტრამდე "გაიზარდა". ჯერჯერობით მღვიმის უცნობი დერეფნებისა და განშტოებების დაზვერვითი სამუშაოები მიმდინარეობს და ლადო მუმლაძე მიერ გადაღებული ფოტოები გარკვეულ შთაბეჭდილებებსაც გვიქმნის მის სილამაზეზე. სპელეოლოგები ვარაუდობენ, რომ მღვიმისგან სიურპრიზებს კიდევ უნდა ველოდოთ და მისი სიგრძის მასშტაბიც გაცილებით მეტი იქნება. კვლევები გაგრძელდება და სავსებით შესაძლებელია, "დათას მღვიმემ" საქართველოს უგრძესი კარსტული მღვიმის სტატუსიც კი მიიღოს.

იმედია, ჭიათურის ახლად არჩეული ხელისუფლება ახალგაზრდების ამ ექსპედიციასა და, ზოგადად, რაიონის უდიდეს ტურისტულ სპელეოპოტენციალს საგანგებო ყურადღებას დაუთმობს და მომავალი სეზონისთვის ჭიათურას იმაზე მეტი ტურისტი ეწვევა, ვიდრე 2017 წელს უმასპინძლა.

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)