გილაური-ნიჟარაძის "ცოლქმრული ტანდემი" და ვითომ შეყვარებული "ჯულიეტა" - კვირის პალიტრა

გილაური-ნიჟარაძის "ცოლქმრული ტანდემი" და ვითომ შეყვარებული "ჯულიეტა"

"პაველ ბურემ ბეჭედიც კი გამიკეთა თითზე, თუმცა..."

პირველი, ვინც ოჯახში სიმღერა პროფესიად აირჩია, თავად იყო. დედა და მისი წინაპრები ექიმები არიან, მამა - ინჟინერი. მამის მამა შესანიშნავად მღეროდა, სიმღერის ნიჭი სწორედ მისგან ერგო. არც ახსოვს, როდის გააცნობიერა, რომ არაფერი უნდოდა სიმღერის გარდა - სხვა პროფესიაზე არასდროს უფიქრია.

პირველად თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად იმღერა ფილმისთვის "იავნანამ რა ჰქმნა?!", მერე იყო იტალიური ფესტივალი "ბრავისიმო"; "ბასტი-ბუბუ" და გასტროლები ბევრ ქვეყანაში; მერე კონკურსი "ბროლის ნოტი" და თორმეტი წლის ასაკში მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილება - რადაც უნდა დასჯდომოდა, გნესინების მუსიკალურ აკადემიაში ჩაებარებინა. ოჯახის წევრებს არც კი სჯეროდათ, რომ კონკურენციას გაუძლებდა და მათი შვილი აკადემიაში ჩაირიცხებოდა, მაგრამ სოფო მუსიკალური აკადემიის სტუდენტი გახდა და მოსკოვში დარჩა.

მალე სოფო თეატრალური აკადემიის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

ერთხელ ქართულ რესტორანში ვახშმობდა, სადაც ნუგზარ კვაშალიც იყო. საერთო ნაცნობმა "დამწყები" ნიჟარაძე "გამოცდილ" კვაშალს ასე წარუდგინა: "ეს გოგონა დიდი მომღერალი გახდება!" სოფო კასტინგზე დაიბარეს  და "ჩხიკვთა ქორწილში" მთავარ როლზე მიიწვიეს.

KvirisPalitra.Geბევრი დაბრკოლება და გაჭირვება გამოიარა. ახლა, როცა იხსენებს გადატანილ-ატანილს, გული უჩუყდება. ოჯახში განებივრებულმა მოსკოვში ჩასვლისთანავე ნირი იცვალა, დამოუკიდებელი გახდა, - საკუთარი მონაპოვრით ცდილობდა არსებობას.

მარჯვენა ხელი ახლაც სტკივა - ეს შეჭირვებული სტუდენტობის დაღია. "ჩხიკვთა ქორწილში" ერთ-ერთი მთავარი არია ყინულზე უნდა შეესრულებინა. სრიალი არ იცოდა. ფულის დაზოგვის მიზნით მწვრთნელი არ აუყვანია, საციგურაო მოედანზე მარტო ვარჯიშობდა. ასწავლეს, დაცემისას თავი რომ არ დაეზიანებინა, ხელი შეეშველებინა. ბევრჯერ წაიქცა. ხელმა თავი კი გადაურჩინა, მაგრამ... ასე იყო თუ ისე, სამ დღეში სრიალი აითვისა.

რეპეტიციის შემდეგ გულამოვარდნილი გარბოდა, მეტროს ბოლო რეისისთვის რომ მიესწრო. ტაქსის ფული სად ჰქონდა?!

გარეგნობის წყალობით ბევრჯერ აღმოჩენილა ყურადღების ცენტრში. ჯერ კიდევ "ჩხიკვთა ქორწილში" სოფო ნიჟარაძე შეამჩნია კატერინა ფონ გეჩმენ-ვალდეკმა - გავლენიანი ქალი მიუზიკლების ჯადოსნურ სამყაროში მისი პროდიუსერი გახდა და შესთავაზა ესმერალდას როლი "ნოტრდამ დე პარიში". ამ სპექტაკლით დასმა მთელი რუსეთი მოიარა.

ნიჟარაძის გვარმა მაშინაც გაიჟღერა, როცა ასობით ლამაზსა და ნიჭიერს შორის ფრანგმა რეჟისორებმა მთავარი როლისთვის  მიუზიკლში "რომეო და ჯულიეტა" სწორედ სოფოზე შეაჩერეს არჩევანი. "ძალიან მოგვწონს, მაგრამ ერთი პრობლემაა - ქართველია", - უთქვამთ ფრანგებს. თუმცა, პროფესიონალიზმი სხვა რა არის, თუ არა ნიჭის დაფასება?! - სოფო ნიჟარაძე როლზე დაამტკიცეს.

ჯულიეტა სიყვარულისა და რომეოს გარეშე წარმოგიდგენიათ? ჰოდა, არც ჯულიეტა-სოფო აღმოჩნდა გამონაკლისი - იმ პერიოდში რუსული პრესა და ინტერნეტსაიტები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ის რომეო-ანდრეის (ანდრეი ალექსანდრინი) გაჰყვა ცოლად, მალულად! ვიკიპედიაშიც, სოფო ნიჟარაძის შესახებ განთავსებულ ოფიციალურ მონაცემებში, იმავეს წაიკითხავდით, მაგრამ ბოლო პერიოდში ინფორმაცია გაქრა.  რატომ? "ჩვენი დაქორწინება მხოლოდ კარგად დაგეგმილი და გამიზნული პიარი იყო. მიხარია, თუ ხალხმა დაიჯერა, რომ მე და ანდრეი, რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარია, ცოლ-ქმარი ვიყავით".

KvirisPalitra.Geცნობილ ჰოკეისტ პაველ ბურესთან რომანს  არ უარყოფს. "ჩანასახი? ჩანასახი კვირტად იქცა და ლამის აყვავილდა, სულ ცოტაღა დააკლდა", - ასე ხატოვნად აღწერს თავიანთ ურთიერთობას. ბურეს ხომ მოსწონდა, მაგრამ არც სოფო იყო გულგრილი. იყო შეხვედრები, საჩუქრები, სილაღე და სითბო - როგორც ხდება ხოლმე.

ბეჭედიც კი გაუკეთა თითზე პაველმა სოფოს, მაგრამ... გზები გაიყო. ბოლოს, ბურემ მასთან დასამშვიდობებლად დარეკა - ამერიკაში მიემგზავრებოდა. შეხვედრაც კი ვერ შეძლეს. სოფომ ცხოვრება ძველებურად განაგრძო. ერთხელაც, როცა კვლავ გარდაისახა ჯულიეტად სცენაზე, უზარმაზარი თაიგული მიართვეს - ბარათს მოჰკრა თვალი, იცნო! ეს პაველ ბურეს სავიზიტო ბარათი იყო, რომელზეც მისივე ხელით ოქროსფერი ასოებით ეწერა: "Блистательной Джульиетте - Софии!" ის ბარათი ახლაც შენახული აქვს...

სწავლის დასრულების შემდეგ მოსკოვიდან წამოსვლას არ ფიქრობდა, რომ არა ის ავბედითი დღეები და რუსეთ-საქართველოს ომი. ბევრი ახალი თუ ძველი წარმატებული პროექტი მიატოვა და წამოვიდა. ომის დაწყებიდან ზუსტად სამ დღეში სოფო თბილისში გაჩნდა. არ დაბრუნებულა იმისთვის, რომ პატრიოტიზმის გამო ვინმეს შეექო ან გაეკიცხა, გააკეთა ის, რაც  სწორად მიაჩნდა. არ ნანობს!

საქართველოში დაბრუნებული სოფო ნიჟარაძე სათანადოდ დააფასეს, იმდენად, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისთვის გამართულ ოფიციალურ მიღებაზე ამღერეს და უფრო მეტიც - ლამის პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურზე დააქორწინეს. ყველაფერი კი ჯოზეფ ბაიდენს ჩასაფრებული "უკბილო" ჟურნალისტების მიერ კბილებით დაჭერილ ხუმრობას უკავშირდებოდა. მოკლედ, რამდენიმე თვის განმავლობაში გილაური-ნიჟარაძის სავარაუდო ცოლქმრული ტანდემი ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე აქტუალური თემა იყო. შედეგად მივიღეთ ის, რომ ნიკა გილაურმა არც აცია, არც აცხელა და ცოლად სხვა ქალი შეირთო. "ყველაფერს ხაზი გადაუსვა, წავიდა და მიღალატა", - ხუმრობს სოფო.

ახლა შეყვარებულია. მასზე არ ლაპარაკობს, გასაიდუმლოებულია... თან, ევროვიზიის გამო დროებით ყველას მოსწყდა - მშობლებს, მეგობრებს, საყვარელ მამაკაცს...

ბათუმში გამართულ პომპეზურ საახალწლო კონცერტზე ხოსე კარერასთან დუეტის შესრულების შემდეგ ევროვიზიისთვის შედგენილმა ჟიურიმ კონკურსზე საქართველოს წარდგენა სოფო ნიჟარაძეს მიანდო.

ოსლოში ჩასული ქართველთა დელეგაცია განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. Google-ს რეიტინგით ქართველები მეორე ადგილზე იყვნენ, კონკურსის საბოლოო შედეგებით კი მეცხრე ადგილი არგუნეს. მომღერალი გააოცა იმ ფაქტმა, რომ ქვეყნებმა (ბულგარეთი, ლატვია...), რომლებმაც საქართველოს კონკურსის ნახევარფინალში უმაღლესი ქულები მიანიჭეს, ფინალში ქულა საერთოდ არ აღირსეს. კონკურსამდე, ტურნეს ფარგლებში, ჰოლანდიაში ჩასულ სოფოზე მთელი ქვეყანა ლაპარაკობდა, მაგრამ მათ ნულ ქულაზე მეტი ვერ გამოიმეტეს. წლევანდელი კონკურსის შეცვლილი წესებიც "აგვიმხედრდა" - უკანასკნელი თხუთმეტი წუთის ნაცვლად, მთელი კონცერტის მსვლელობისას შეიძლებოდა ხმის მიცემა... "ნაკლები შანსია, პატარა ქვეყანამ ამხელა ქვეყნებს მოუგოს მოპოვებული ხმების ოდენობით", - ამბობს სოფო.

მომღერალს ღიმილს ჰგვრის და აკვირვებს სკანდალიც, რომელიც გამარჯვებულ გერმანელ კონკურსანტს უკავშირდება: "ვერ ვხვდები, რატომ გამოიწვია ამხელა რეზონანსი სასიყვარულო სცენამ აუზში? პორნოგრაფია თუ არსებობს, სწორედ გერმანიიდან მოდის, ამაში გასაოცარი და განსაკუთრებული არაფერია".

რაც შეეხება მუსიკალურ ნომერს, რომელიც საქართველოს სახელით სოფო ნიჟარაძემ ევროპულ სცენაზე გაიტანა: "საკონკურსოდ ბევრი სიმღერა შემოვიდა, თუმცა ხალხმა სწორედ ის აირჩია, რომელიც მეც მოვიხდინე, მოვირგე და გავითავისე. რაც შეეხება სცენოგრაფიას, არაფერია ცუდი იმაში, რომ იწვევ ისეთ გამოცდილ ქორეოგრაფს, რომელიც მაიკლ ჯექსონთან, დაიანა როსისთან, ელტონ ჯონსა და სხვა ვარსკვლავებთან მუშაობდა.

მოცეკვავეებისა და ბექვოკალისტების ჩაცმულობაზე ქართველმა დიზაინერმა თეონა ელიზბარაშვილმა იზრუნა, ჩემთვის კი "დოლჩე და გაბანას" წითელი კაბა შევარჩიეთ - მართალია, თბილისშიც გვყავს რამდენიმე კარგი დიზაინერი, მაგრამ ხარისხითა და დახვეწილობით "დოლჩე და გაბანა" სულ სხვაა...

კრიტიკულად ვუდგები ჩემს ყოველ გამოსვლას სცენაზე. რა თქმა უნდა, იყო მცირე ხარვეზები, მაგრამ საერთო ჯამში საქართველო მაინც ღირსეულად წარმოვადგინეთ".

სალომე დოლიძე