ფარული "ეკლესიები" - კვირის პალიტრა

ფარული "ეკლესიები"

"კახის საფლავებიდან ზოგი თითქმის ორი საუკუნისაც არის"

"დამპყრობლები გამაჰმადიანებულ ქართველს (ჰერს) "იანგილოს" ეძახდნენ, რაც თურქულად ახლად მორჯულებულს ნიშნავს. აქედან წარმოსდგება "ინგილო" და "საინგილო". ჰერები რწმენას ვწირავდით თავს და "ინგილოს" ხსენება სულაც არ გვსიამოვნებს"

ჰერეთი (საინგილო) ქართველობის კიდევ ერთი მოუშუშებელი იარაა. ვინ იტყვის, ჰერისთვის რა ტვირთი იყო საუკუნეების მანძილზე სამშობლოს შენახვა იქ, სადაც საფლავის ქვებსაც ქართველობის შენარჩუნების მისია დააკისრეს, სადაც ეკლესიის ნანგრევის ლოდიც უფრო მეტს ჰყვება წარსულზე, ვიდრე მრავალი ადამიანი ერთად…- როცა უძველეს ჰერებს ეკლესიებში შესვლა სამუდამოდ აუკრძალეს, ნანგრევები და საფლავები აქციეს სალოცავებად! მტერი აზრზე ვერ მოდიოდა, რატომ დადიოდნენ ასე ხშირად იქ ჰერები, თორემ უსათუოდ დასჯიდა - უცნაურია, მაგრამ ორთოდოქს კავკასიელ მუსლიმანებში უფრო მკაცრი იყო მუსლიმანური რწმენის დარღვევისთვის სასჯელი, ვიდრე თურქეთსა და სპარსეთში. თუმცა, ჰერებს არც ეს უკანასკნელი დამპყრობლები დაჰკლებიათ: აქაურობა 17-ჯერ მოითარეშა თემურ-ლენგმა, სამჯერ - შაჰ-აბასმა, ბოლოს, დაღესტნელმა ფეოდალებმა. მათვე დაიწყეს აოხრებულ ჰერეთში ლეკების ჩამოსახლება, ჰერებს კი ქართულად დაწერა საფლავების ქვებზეც აუკრძალეს - მკვდრებისაც ეშინოდათ. ჰერებმა მოიფიქრეს და საფლავებზე არაბულ ასოებს შორის ქართულს იმდენად შეუმჩნევლად ატანდნენ, მტერი ვერაფერს მიმხვდარიყო. ასე მდუმარედ გრძელდებოდა ბრძოლა სამშობლოსთვის!

კახის მკვიდრი ვანია თოფალაშვილი ჰერული ძეგლების ისტორიას გვიყვება:

- აქ ქრისტიანობისთვის მებრძოლი ჰერების წამებას საზღვარი არ ჰქონდა. მამა იოანე კახის ეკლესიის წინამძღვარი იყო. მასაც ებრძოდნენ, ის კი დიდხანს უძლებდა: კახის სამაროვნებზეც დიდი ამაგი აქვს - ეკალბარდებს გლეჯდა, ხელით იღებდა საფლავის ქვებს მიწიდან. კახის საფლავებიდან ზოგი თითქმის ორი საუკუნისაც არის.

- სწორედ ასეთ სამაროვნებზე ვნახე ის წარწერები, სადაც არაბულს შორის არაბულივით დახვეულ-დაგრეხილი ქართული ასოებია.

- რათა ავ თვალს არ მოხვედროდა და ჭირისუფლები არ დაეხოცათ. ჰერის გარდა არავინ იცის, რა ტკივილთან იყო დაკავშირებული აქ ქრისტიანობის შენახვა. ფარული სალოცავების შენახვისა და საფლავებზე ქართული წარწერების გაკეთების გარდა, რაღა დარჩენოდათ - დაავიწყეს ქართული ცეკვა-სიმღერა, ქართული ტანსაცმელი, ყველაფერი ქართული. მაგრამ საფლავის წარწერები მხოლოდ უბრალოდ ქართული ასოები კი არა, ქრისტიანობის აღიარება იყო. მსგავსი ნიშნებისთვის სასტიკად სჯიდნენ.

ყველა ჰერი მოგიყვებათ, თუ როგორ აწამეს ჭარელმა დედაკაცებმა ჰერი ზილფი ჯანაშვილი, როცა სანთლის დანთებისას მიუსწრეს - შამფურებით წამებით მოკლეს.

- 1614 წელს, შაჰ-აბასის შემოსევას მთელ ჰერეთში ერთადერთი სოფელი, კაკი გადარჩენია...

- ასე იყო. შემდეგ ეს დაცლილი სოფლები დაღესტნელებმა ააოხრეს და ყველგან ლეკები ჩამოასახლეს. კაკის ამბავი ლეგენდად დარჩა: როცა შაჰ-აბასთან ბრძოლაში სოფლის მამაკაცები გაწყდნენ, ქალები, ბავშვიან-მოხუცებიანად ტყეებში გაიხიზნენ და სპარსელების წასვლის შემდეგ დაბრუნდნენ. გახიზვნა-უკან დაბრუნებამ ამ სოფლის ქალებს კიდევ ბევრჯერ მოუწიათ, მაგრამ სოფელი გადაარჩინეს;

მერე კი, უკაცო სოფელმა მამასახლისობა დედაბერს ჩააბარა, მას დარეჯანი რქმევია. ენითაუწერელმა ჭირმა კაკელი ქალები ისე გაამაგრა, რომ ქრისტიანობის შენახვის საიდუმლო გზებზე ფიქრი გაბედეს - ალბათ, აქ შეიქმნა პირველი სამლოცველო კიდობანი, რომელიც დღევანდელი ქრისტიანობისთვის შეიძლება უცნაურიც კი იყოს. კიდობანი შეჭედეს, ეკლესიებში დაწვას გადარჩენილი სიწმინდეები ჩააბრძანეს და სალოცავად აქციეს. მერე ასეთი სალოცავები მთელ კახში გავრცელდა. თითოეულ ქრისტიან ჰერს ამ კიდობნის სახით თავისი ფარული "ეკლესია" ჰქონდა. ეს კიდობნები დღესაც არის ჰერეთში...

კახი, ერთ-ერთ სამაროვანზე არაბული წარწერების ქვევით ქართული წარწერაა: ჯანაშვილი 1816

დამპყრობლები გამაჰმადიანებულ ქართველს (ჰერს) "იანგილოს" ეძახდნენ, რაც თურქულად ახლად მორჯულებულს ნიშნავს. აქედან წარმოსდგება "ინგილო" და "საინგილო". ჰერები რწმენას ვწირავდით თავს და "ინგილოს" ხსენება სულაც არ გვსიამოვნებს... ჰერმა ქალებმა მართლაც გადაარჩინეს რწმენა. საფლავებზე საკმევლის კმევაც კი მათ ევალებოდათ. რწმენის შენახვის სიმძიმე იმ დღიდან იტვირთეს, როცა ჰერეთში კაცი გაწყდა. ასეთ ქალებს ბებრევს უწოდებდნენ. დღეს არავინ იცის, ეს სიტყვა მართლაც ხანდაზმულ ქალს ნიშნავს, თუ იმ ქალების წოდება იყო, რომლებიც ჰერეთში მონაზვნობის დარად ინახავდნენ რწმენას. კახში, უძველეს სამაროვანზე, დღესაც არის შემორჩენილი ცალკე "ბებრევი სამარუანი", რომელსაც უდიდესი მოკრძალებით ვექცევით. სხვა სამაროვნის ქვებისაგან განსხვავებით ბებრევი სამაროვანზე სახელებიც კი არა წერია. იქნებ იმიტომ, რომ თავად სიტყვა "ბებრევი" იყო ჰერებისთვის სიწმინდე და ასეც დარჩა.

კიდობნებთან დაკავშირებით მართლაც სასწაული მოხდა ჰერეთში - რამდენიმე საუკუნე სრულიად საიდუმლოდ დარჩა მტრისთვის, არადა, ყველა ქრისტიანულ ოჯახში იყო და რომ შეეტყოთ, მთელ ჰერეთს გადაწვავდნენ.

- ეს ამბავი ნოეს კიდობანს ჰგავს, რომელმაც წარღვნის შემდეგ ადამიანი შეუნარჩუნა კაცობრიობას.

- წარღვნა იყო ჰერებისთვის ქრისტიანობისთვის ბრძოლაც. განა მარტო კიდობნები, ეკლესიის ნანგრევები და ნაეკლესიარებზე ამოსული ხეებიც სიწმინდეებად იქცა. ნახეთ, რას აკეთებდა ჰერი მარხვისას, როცა თათარ-ბეგი ეწვეოდა: სტუმრის პატივსაცემად თათრულ წესზე დიდ ქვაბში ფლავს ხარშავდა. ამ დიდ ქვაბში კი სპილენძის ორი პატარა ქვაბი ედგა. ერთში სტუმრის დასანახად ერბოს ჩადებდა, მეორეში კი კაკლის ზეთს და ასე დაიცავდა სამარხვო წესებს. მომაკვდავის ზიარებისთვის კახეთიდან სეფისკვერი და ნათლისღების წყალი მოჰქონდა. იმ წყალს, სეფისკვერს და ნაცარს ერთად გათქვეფდა და შეინახავდა. თუ სოფელში მომაკვდავის ზიარება დასჭირდებოდათ, წყალში გახსნიდა და დაალევინებდა, იმ ქვეყნად კი სიწმინდის გარეშე არ გაისტუმრებდა.

ფარული სამლოცველო

- მართალია, რომ ჰერები დღესაც ისეთივე წესით კრძალავენ მიცვალებულებს, როგორც მეთორმეტე საუკუნეში?

- მართალია. და ესეც იმის ნიშანია, რომ ჰერები მხოლოდ დამპყრობელმა მოწყვიტა სამშობლოს და არა ცნობიერებამ. ჰერები კვლავაც ქვით ამოშენებულ აკლდამებში ვკრძალავთ მიცვალებულებს. ისევე როგორც ჩვენი წინაპარი ქართველები. მაგალითად, კახეთში ბევრ ადგილზეა აღმოჩენილი XII საუკუნის ისეთივე აკლდამები, როგორიც დღეს ჰერეთშია. ზუსტად ასევე შევინახეთ მოკრძალებული წარწერა საფლავის ქვაზე: "უფალო შეიწყალე მონა შენი". ჰერებისთვის ეს იმის ნიშანიც არის, რომ მარადიული არაფერია, მათ შორის არც განსაცდელი. ჰერების - ქართველების უძველეს ნაკვალევს ამ მიწაზე აზერბაიჯანი ალბანურს არქმევს - ასე სჭირდება აზერბაიჯანის ხელისუფლებას! ამ დროს ჰერეთში უძველეს ქართულ კვალს ქართველი მეცნიერები უნდა სწავლობდნენ და აგებინებდნენ მსოფლიოს. რატომ არ აკეთებენ ამას, არ ვიცით. ნუთუ ამ ნაბიჯების გადადგმა უფრო ძნელია, ვიდრე საუკუნეების მანძილზე ჰერების ტანჯვა-წამება სამშობლოს შენახვისთვის. არადა, ჩვენ ეს შევძელით!

ეთერ ერაძე