"ქოხი" ცაში
04-12-2017
"ქოხი" ცაში
"ტურისტებს მოსწონთ, რომ აქაურობა სამყაროს მოწყვეტილია და საშუალება ეძლევათ, გაუკვალავ თოვლში ისრიალონ"

სვანეთში, მესტიაში, ქორულდის ტბებისკენ მიმავალ გზაზე, ზღვის­ დონიდან 2300 მეტრზე პატარა კოტეჯი დგას. ნიკოლოზ ფალიანმა­ უჩვეულო ადგილას, ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის კოტეჯი თავის ხელით ააშენა­ და ტურისტებისთვის საყვარელ ადგილად აქცია.

- იდეა დიდი ხნის წინ დაიბადა, როდესაც ძველ, ბაბუას აშენებულ ფარდულში­ ამოვდიოდი ზაფხულის არდადეგებზე, შემდეგ ტურიზმში ჩავერთე და ზამთარში 3-4-კაციან ჯგუფებთან ერთად მომიწია რამდ­ენჯერმე ღამის გათევამ. ექსტრემალური სპორტის მოყვარული
ვარ. გამომდინარე იქიდან, რომ ზამთრისა და ზაფხულის ტურებზე უკვე დიდი მოთხოვნა იყო, სერიოზულად დავიწყე ფიქრი და მზადება­ ამ პროექტზე - იაფი არ ჯდებოდა ასეთ მიუვალ ადგილას კოტეჯის აშენება, ამას რთული­ სამუშაო პირობებიც ერთვოდა, მაგრამ მაინც შევძელი და დღეს უკვე ვამაყობ ჩემი ნაშრომით.

ეს ადგილი მემკვიდრეობით
ბაბუისგან გადმომეცა. მამამ და ბაბუამ 30 წლის წინ აქ პატარა ფარდული იმისთვის ააშენეს, ზაფხულობით პირუტყვს საბალახოდ რომ გაუშვე­ბდნენ, თავშესაფარი ჰქონოდათ. მე კი ზამთარში სასრიალოდ დავდიოდი... ჩემს მეგობრებს აქვთ მსგავსი კოტეჯები ავსტრიასა და გერმანიაში, საქართველოში კი ეს პრაქტიკა ფართოდ გავრცელებული არ არის, არადა, ექსტრემალებს ნამდვილად ჰქონდათ მსგავსი სერვისის დეფიციტი.

- პირველი სტუმრები თუ მიიღე?
კოტეჯს ძირითადად სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულები სტუმრობენ. უკვე მივიღე რამდენიმე ჯგუფი - როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრები აღმოსავლეთ ევროპიდან. მოსწონთ, რომ აქაურობა სამყაროს მოწყვეტილია და საშუალება ეძლევათ, განიტვირთონ, ზამთარში კი გაუკვალავ თოვლში ისრიალონ.

კოტეჯთან ახლოს გვაქვს წყარო, სადაც დავაყენეთ საქაჩი და პერიოდულად ვავსებთ ნახევარტონიან რეზერვუარს... რაც შეეხება გზას, ზაფხულში მაღალი გამავლობის მანქანით შეიძლება კოტეჯამდე მისვლა, ზამთარში კი, მხოლოდ თხილამურებით არის შესაძლებელი. საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ამ სფეროს განვითარებისთვის, მთავარია, ჩვენ მოვინდომოთ!

ნინო წიფურია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები