"ჩვენი მიზანია, ვიყოთ პირველები!" - კვირის პალიტრა

"ჩვენი მიზანია, ვიყოთ პირველები!"

"ამბიციური იდეა რეალობად ვაქციეთ - შევძელით მოგვეპოვებინა მაყურებლის ნდობა და სიყვარული, დაგვეკავებინა ანგარიშგასაწევი ადგილი ქართულ ტელესივრცეში"

"მადლობას ვუხდით თითოეულ მაყურებელს, რომ ისინი სწორედ "პალიტრანიუსს" ირჩევენ"

ზუსტად ორი წლის წინ, 30 ნოემბერს, "პალიტრანიუსის" გუნდმა მიზნად დაისახა ამბიციური იდეა - ქართულ მედიასივრცეში სრულიად განსხვავებული ფორმატის ტელევიზია შეექმნა. იდეა რისკთან იყო დაკავშირებული, რადგან რთული იყო განსაზღვრა, როგორ მიიღებდა მაყურებელი განსხვავებულ "პალიტრანიუსს", თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა - პალიტრანიუსელებმა მალე შეძლეს საზოგადოების ნდობისა და სიყვარულის მოპოვება, ანგარიშგასაწევი ადგილიც დაიმკვიდრეს ქართულ მედიასივრცეში.

"პალიტრანიუსის" მარკეტინგის მენეჯერი თამთა ასათიანი "კვირის პალიტრასთან" იხსენებს გზას, რომელიც ტელევიზიამ ორი წლის განმავლობაში გაიარა და იმ სიახლეებსაც გვიმხელს, რომელიც მაყურებელს ელოდება:

- ორი წლის წინ მართლაც ამბიციური იდეა დავისახეთ მიზნად - შეგვექმნა ტელევიზია, რომელიც 24 საათი იქნებოდა ეთერში და მაყურებელს მიაწვდიდა ყველა სიახლეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ბუნებრივია, 24-საათიანი მუშაობა ნებისმიერი ჟურნალისტისა თუ პროდიუსერისთვის რთულია, თუმცა გუნდის ყველა წევრმა ეს სირთულე დასძლია. დიახ, ასეთი ფორმატის ტელევიზია საქართველოში პირველებმა ჩვენ შევქმენით - ტელევიზიას არ აქვს ფილმები, სერიალები და საათში ერთხელ განახლებულ საინფორმაციო გამოშვებას ვთავაზობთ მაყურებელს, თუმცა "პალიტრანიუსის" პირველი ეთერიდან ორი წლის შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამბიციური იდეა რეალობად ვაქციეთ, შევძელით, მოგვეპოვებინა მაყურებლის ნდობა და სიყვარული, დაგვეკავებინა ანგარიშგასაწევი ადგილი ქართულ ტელესივრცეში. მაყურებელთა წრე დღითი დღე იზრდება, ამას ყოველდღიურად ვგრძნობთ რედაქციაში შემოსული ზარებით თუ სოციალური ქსელით გამოგზავნილი წერილებით. ჩვენ ვამაყობთ, რომ ბევრი ადამიანი გვენდობა და ინფორმაციის სანდო წყაროდ სწორედ "პალიტრანიუსს" ირჩევს. ვფიქრობ, ეს იმის შედეგია, რომ ვართ ოპერატიულები და მიუკერძოებლები, მაყურებელს ვაწვდით მხოლოდ ფაქტებს და არ გვაქვს რომელიმე მოვლენისადმი პირადი დამოკიდებულება.

- გარდა წერილებისა თუ ზარებისა, მაყურებელთა ნდობა პირადადაც არაერთხელ მიგრძნია, როდესაც სრულიად უცნობი ადამიანები იგებენ, რომ მეც ამ ტელევიზიის თანამშრომელი ვარ, თუმცა საინტერესოა, ტელევიზიის რეიტინგზე როგორ აისახა მაყურებლის ასეთი დამოკიდებულება?

- რა თქმა უნდა, მუდმივად ვაკონტროლებთ რეიტინგს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მინდა გითხრათ, რომ აქაც სასიხარულო მონაცემებია. "პალიტრანიუსის" წუთობრივი რეიტინგი 2017 წელს 100%-ით იზრდება. "ტრი მედია ინტელიჯენსის" მონაცემებით, რომელიც სატელევიზიო აუდიტორიას ზომავს, ბოლო 10 თვის მონაცემებით, ზოგადად, მაყურებლის რიცხვი ტელეეკრანთან შემცირებულია, რადგან უმეტესობა ინფორმაციას ინტერნეტით იღებს, თუმცა ამ ფონზეც, "პალიტრანიუსის" მაყურებლის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და ამ შემთხვევაში 57%-იანი ზრდა გვაქვს - ეს წუთში მაყურებლის საშუალო რაოდენობაა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სოციალური ქსელის საშუალებითაც ძალიან აქტიურია ჩვენი მაყურებელი.

- გარდა იმისა, რომ ტელევიზიის საეთერო ბადე ისედაც მრავალფეროვანია, მაინც მუდმივად განახლებულ გადაცემებს სთავაზობთ მაყურებელს.

- მაყურებელს მუდმივად ვთავაზობთ სიახლეს და მიხარია, რომ მათგანაც პოზიტიურ რეაქციას ვიღებთ. დიახ, "პალიტრანიუსი" სხვა ტელევიზიებისგან მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. მართალია, მთავარი ყურადღება საინფორმაციო გამოშვებას ეთმობა, მაგრამ გარდა პოლიტიკური სიახლეებისა, აქ ნებისმიერი გემოვნების ადამიანი იპოვის თავისი ინტერესის საგანს. ტელევიზია მაყურებელს სთავაზობს როგორც ეკონომიკურ, ისე სპორტულ თუ კულტურულ სიახლეებს. ვცდილობთ, არ დავღალოთ მაყურებელი და არ გაუჩნდეთ სურვილი, ჩვენი არხიდან სხვა არხზე გადართონ. მადლობას ვუხდით თითოეულ მაყურებელს, რომ ისინი სწორედ "პალიტრანიუსს" ირჩევენ.

მაყურებლისთვის კარგად ნაცნობ და უკვე საყვარელ რუბრიკებთან ერთად, გვაქვს განახლებული გადაცემებიც. მაგალითად, "პალიტრანიუსის" ერთ-ერთი გამორჩეული გადაცემაა "არცოდნა აკრძალულია", რომელიც მოქალაქეებს პრაქტიკულ რჩევებს სთავაზობს სხვადასხვა პროდუქტსა თუ ნივთთან დაკავშირებით. გადაცემის წამყვანი ღია ეთერში ატარებს სხვადასხვა ექსპერიმენტს, რათა უფრო იოლად გასაგები გახდეს რჩევები, რაც შესაძლოა, ადრე წაკითხული ან მოსმენილი გქონდათ, თუმცა ყურადღება არ მიგიქცევიათ. თითოეული გადაცემის შემდეგ მაყურებლები წერილებს გვწერენ და მადლობას უხდიან შემოქმედებით გუნდს რჩევებისთვის. თან დასძენენ, რომ აუცილებლად გაითვალისწინებენ ამ რეკომენდაციებს.

ახალ გადაცემებს შორის გამოვყოფდი "ვიდეობლოგსაც". წამყვანი ლაშა ბერძენიშვილი იმ რეალობას გვაჩვენებს, რაც ჩვენ გარშემო ხდება და საკუთარ მოსაზრებებსაც თამამად გამოხატავს. სხვათა შორის, ერთ-ერთი გადაცემა ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელს ეხებოდა... გადაცემის ეთერში გასვლისთანავე თბილისის მერი კახა კალაძე იქ მივიდა და ვითარების გამოსწორების პირობაც დადო. მოგვიანებით ლაშა ბერძენიშვილი "თბილსერვისის" წარმომადგენელთან ერთად კიდევ ერთხელ ესტუმრა ამ მიწისქვეშა გადასასვლელს, რომელიც "ვიდეობლოგის" დამსახურებით დასუფთავდა.

საეთერო ბადეში კიდევ ორი ახალი გადაცემა გვაქვს -""საგზაო უსაფრთხოება" და თორნიკე ყაჯრიშვილის ახალი რუბრიკა "ტყვიის საფასური", რომელიც 1937 წლის რეპრესიებს ეხება. სპეციალურად "პალიტრანიუსის" მაყურებლისთვის კონფიდენციალური არქივი გაიხსნა და დეტალებს მაყურებელი ყოველ შაბათს "ტყვიის საფასურში" შეიტყობს. გადაცემას სიმბოლური სახელი აქვს - 30-იან წლებში, როცა ადამიანებს ხვრეტდნენ, ოჯახს ტყვიის გილზას უგზავნიდნენ, რომლის საფასური - 2 კაპიკი - მათ უნდა გადაეხადათ. გადაცემის სახელწოდებაც აქედან მოდის. "პალიტრანიუსზე" ყველაფერი ხარისხიანი და მრავალფეროვანია. მომავალშიც ვაპირებთ, არაერთი სიახლე შევთავაზოთ მაყურებელს. ჩვენი სურვილი და მიზანია, ვიყოთ ყოველთვის პირველი და ვიმსახურებდეთ მაყურებლის ნდობას.

რუსუდან შელია