"საზმაუწყებელი კორუფციის შესაძლებლობას იფართოებს" - კვირის პალიტრა

"საზმაუწყებელი კორუფციის შესაძლებლობას იფართოებს"

"ბიუჯეტიდან აღებული ფული, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე, უბრალოდ გადაიყრება ან ვიღაცის ჯიბეში ჩაიყრება"

კომერციული მედიის წარმომადგენლების, სამოქალაქო სექტორისა და დეპუტატთა ნაწილის მწვავე კრიტიკის მიუხედავად, 82-მა პარლამენტარმა პირველი მოსმენით საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილ ცვლილებების პროექტს მხარი მაინც დაუჭირა. ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ საზმაუწყებელს გაეზრდება კომერციული რეკლამის განთავსების ლიმიტი. ანუ საზმაუწყებელი, რომელიც მომავალ წელს ბიუჯეტიდან 55 მილიონ ლარს მიიღებს, სარეკლამო ბაზარზე იმ კომერციული ტელევიზიების კონკურენტი ხდება, რომელთა ძირითადი შემოსავალი სწორედ რეკლამაა და მათი საერთო ბიუჯეტი მიახლოებულიც კი არ არის იმ თანხასთან, რასაც საზ- მაუწყებელი სახელმწიფოსგან იღებს.

"ბიუჯეტიდან აღებული ფული, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე, უბრალოდ გადაიყრება ან ვიღაცის ჯიბეში ჩაიყრება"

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ფიქრობს, რომ ცვლილებები კორუფციული გარიგებისთვის უფრო მეტ შესაძლებლობას გააჩენს:

- ის ცვლილებები, რაც პარლამენტმა საზმაუწყებლის მოთხოვნის საფუძველზე გაითვალისწინა, არადემოკრატიული და მეტიც, შინაარსით კორუფციულია. საკითხი დგას ასე -

ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა იმაზე, რა სურს საზოგადოებრივ მაუწყებელს, არამედ რა სურთ პარლამენტარებს და აუნთებენ თუ არა მწვანე შუქს კორუფციას?!

- რა კორუფციულ რისკებს ქმნის დაგეგმილი ცვლილებები?

- რამდენიმე პუნქტს გამოვყოფ: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ხარჯავს საჯარო ფულს და რომლის მიმართაც საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, ვალდებული უნდა იყოს, რომ შესყიდვები დადგენილი წესით განახორციელოს, თუმცა ცვლილებების მიხედვით, მას ეს ვალდებულება უბათილდება, რაც უკვე კორუფციული ნორმაა. კორუფციულია სტარტაპების დაფინანსებაც - სტარტაპი საწყისი პროექტია, რომლის ერთპიროვნულად განკარგვის უფლებასაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი იტოვებს, ის არ იქნება ვალდებული, რომ დეტალები შეუთანხმოს სამეთვალყურეო საბჭოს და თუ ისე მოხდა, რომ პროექტმა არ გაამართლა, პასუხისმგებლობა არავის ეკისრება. არც ხარჯვითი ნაწილია კანონმდებლობით განსაზღვრული. ბიუჯეტიდან აღებული ფული, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე, უბრალოდ გადაიყრება ან უფრო ზუსტად, ვიღაცის ჯიბეში ჩაიყრება. კორუფციული გარიგების მაღალი რისკი კომერციული რეკლამების მიმართულებითაც გამოიკვეთა. 2018 წლის ბიუჯეტში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 55 მილიონამდე იზრდება, ასეთი დაფინანსება კი ყველა კერძო ტელევიზიას ერთად არ გააჩნია. ქვეყანაში სარეკლამო ბაზარი მცირდება, ტელევიზიებს რეკლამები შეუმცირდათ და როდესაც ასეთ რთულ ვითარებაში საზოგადოებრივი მაუწყებელი დამატებით რეკლამას ითხოვს, ის ერთი მხრივ, სარეკლამო ბაზრის მონოპოლიზაციისკენ მიისწრაფვის და მეორე მხრივ, ქვეყანაში კერძო სივრცის მაქსიმალურად შეზღუდვისკენ.

- თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს ყოველწლიურად ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პარალელურად დაფინანსება ეზრდება და მისთვის უმნიშვნელოა დამატებითი თანხა (კომერციულ რეკლამა), რომელიც ცვლილებების შედეგად უნდა მიიღოს, მაშინ რა მიზანი აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს?

- საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება აქვს, პირდაპირი რეპორტაჟებისა თუ სპორტული ან მუსიკალური ღონისძიებების გაშუქებისას ეთერში რეკლამა განათავსოს. მაგალითად, გაისად, რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, რომლის გაშუქების უფლებას საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიძენს. არსებული კანონმდებლობით მას ეთერში რეკლამის განთავსების უფლება აქვს. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გაშუქებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეკლამების სახით დიდი შემოსავალი მიიღო, თუმცა ამ შემთხვევაშიც კორუფციულ ხვრელებთან გვაქვს საქმე.

იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ტიპის რეკლამები საბიუჯეტო თანხას არ წარმოადგენს, შესაძლებელია, ის დოკუმენტში არც აღინუსხოს და ვისაც როგორ მოუნდება, ისე განკარგოს დამატებითი შემოსავლები.

ცალკე შესასწავლია იმ საშუამავლო კომპანიების საქმიანობა, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამის მოპოვებაში ეხმარებიან. როგორც წესი, რეკლამიდან მინიმალური თანხა ილექება მაუწყებლის ბიუჯეტში, ძირითადი ნაწილი კი საშუამავლო რგოლებს რჩებათ - ეს არის კორუფცია და სწორედ ამ შესაძლებლობას იფართოებს საზოგადოებრივი მაუწყებელი. მეორე პრობლემაა ის, რომ მის ტელეეთერში კომერციული რეკლამის გაზრდა დარტყმას აყენებს კერძო, ძირითადად, პატარა არხებს, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელ შემოსავალს დაკარგავენ.

თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს სხვა ტელევიზიებთან კონკურენცია სურს, მაშინ ისიც უნდა ითქვას, რომ ისეთი საწყისი სასტარტო პირობები, როგორიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, კერძო ტელევიზიებს არც კი დაესიზმრებათ.

საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებას სჭირდება იმისთვის, რომ სამოქალაქო თვითმმართველობა განვითარდეს, სამაუწყებლო სივრცეში ქვეყანაში არსებული პრობლემები სწორად იყოს წარმოჩენილი, სამოქალაქო განათლების დონე ამაღლდეს, თუმცა ფაქტია, ამ კონცეფციას მისი მენეჯმენტი არ იზიარებს.

დიახ, ჩვენ გვჭირდება ეს ტელევიზია, თუმცა არ გვჭირდება არსებული მენეჯმენტი, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში მაუწყებელზე ისედაც დუნედ მიმდინარე პროცესი საერთოდ შეაჩერა და ნაცვლად იმისა, განვითარება ფორსირებულად დაეწყო, საზოგადოებრივ მაუწყებელს ჭაობისკენ მიაქანებს.

"პასუხისმგებლობის გაზიარება დეპუტატებსაც მოუწევთ"

გაზეთ "რეზონანსის" მთავარ რედაქტორ ლაშა ტუღუშის აზრით, ჯერ ბრძოლა არ დასრულებულა, მაგრამ თუ ცვლილებები კანონმდებლობად იქცა, შედეგებზე პასუხისმგებლობა დეპუტატებმა უნდა გაიზიარონ:

- თუ ცვლილებები კანონად მაინც იქცა, მის შედეგზე პასუხისმგებლობა თითოეულმა იმ დეპუტატმა უნდა აიღოს, რომლებიც ხელს აუწევენ საზოგადოებრივი მაუწყებლის კომერციულ არხად ჩამოყალიბებასა და სარეკლამო ბაზრის მონოპოლიზებას.

დეპუტატებს მოუწევთ საზოგადოებას განუმარტონ, რატომ უნდა ვაქციოთ საბაზრო ურთიერთობების მოთამაშედ ტელევიზია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე თითქმის 50 მილიონი ლარით ფინანსდება?

რატომ ვუშვებთ პრეცედენტებს საკანონმდებლო დონეზე, თუ დღეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვის როგორი "ზურგი" აქვს პარლამენტში? ასე კუსტარულად უნდა ვჭრიდეთ კანონს და ვმართავდეთ ბიუჯეტს, თუ ეს არის სტანდარტი, რომელსაც ხელისუფლება საზოგადოებას გვთავაზობს?

დიდი ჯგუფი შევიკრიბეთ, სადაც როგორც სამოქალაქო სექტორში, ისე მედიაში გავლენიანი მოთამაშეები ერთიანდებიან, ამიტომ ასე მარტივად პარლამენტი ვერ გაიტანს ამ არადემოკრატიულ კანონს. აგვიხსნან, რისთვის გვჭირდება ეს ცვლილებები, რატომ არ ჰყოფნის საზოგადოებრივ მაუწყებელს 50 მილიონი ლარი, რომელიც მომავალ წელს 55 მილიონი გახდება?!

"გაუგებარია კორუფციულ სქემაზე საუბარი"

გიორგი გვიმრაძე, "საზმაუწყებლის" ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი: - გაუგებარია კორუფციულ სქემაზე საუბარი, ამის სურვილი რომ გვქონდეს, სტარტაპისა თუ რეკლამის დროის გაზრდის გარეშე, არსებული კანონმდებლობით, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნებოდა, კორუფციული გარიგებები გვეწარმოებინა, თუმცა ეს არასდროს ყოფილა ჩვენი პრიორიტეტი. როგორ უნდა გახდეს სტარტაპი კორუფციული გარიგების საფუძველი, როდესაც ბიუჯეტი თანხმდება სამეთვალყურეო საბჭოსთან, ან რას ნიშნავს, საშუამავლო კომპანიებთან გარიგება? მსგავსი განცხადებების საფუძველი არ არსებობს და ჩვენი არგუმენტები უკვე წარვუდგინეთ პარლამენტს.

"ტელევიზია, რომელსაც საკუთარი ჯიბიდან ვაფინანსებ, მე ონლაინბეთებში თამაშისკენ მომიწოდებს"

მოძრაობა "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ", რომლის დამფუძნებელი თამრიკო ჯაფარიძეა, უკვე დიდი ხანია იბრძვის, რომ ონლაინკაზინოებისა და ონლაინბეთების რეკლამა აიკრძალოს. თამრიკო ჯაფარიძის თქმით, განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, რომ ასეთი ტიპის რეკლამებს გზა ხსნილი აქვთ საზმაუწყებელში, - ტელევიზია, რომელსაც საკუთარი ჯიბიდან ვაფინანსებ, მე ონლაინბეთებში თამაშისკენ მომიწოდებს.

უკვე დიდი ხანია ლუდომანიით დაავადებულ პირთა დედები ქვეყნის ამ ძნელად სამკურნალო სენის დასამარცხებლად გავერთიანდით, მაგრამ მხოლოდ ჩვენ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, თუ ყველამ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ვერ იგრძნო. მარტივი წრედის პრინციპი მუშაობს - თუ შეიზღუდება სარეკლამო სივრცე, აზარტული თამაშების მიმართ ინტერესიც ნაკლები იქნება.

ყველას, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელსაც მოვიაზრებ, მოვუწოდებ - შეზღუდეთ ლუდომანიისთვის ყველანაირი სივრცე! წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ახალგაზრდებს გაუბედურებისა და თვითმკვლელობისკენაც კი უბიძგებთ!

რუსუდან შელია