"მერამდენედ უნდა გავხდეთ ტრაგედიის მომსწრე, რომ შენობების უსაფრთხოების საკითხებზე დავფიქრდეთ?!" - კვირის პალიტრა

"მერამდენედ უნდა გავხდეთ ტრაგედიის მომსწრე, რომ შენობების უსაფრთხოების საკითხებზე დავფიქრდეთ?!"

"მხოლოდ საევაკუაციო გასასვლელი ობიექტის უსაფრთხოებისთვის არ კმარა"

ვანო ფოცხვერაშვილი, ექსპერტი: – მხოლოდ საევაკუაციო გასასვლელი ობიექტის უსაფრთხოებისთვის არ კმარა. როდესაც ძლიერი დაკვამლიანებაა, სამი საევაკუაციო გასასვლელიც რომ იყოს, შეიძლება ადამიანები მაინც გაიგუდონ. გასამკაცრებელია მოთხოვნები. საკანონმდებლო ლაფსუსების გამო დღეს მშენებელი თავიდან იცილებს პასუხისმგებლობას და შედეგად გვაქვს უამრავი ობიექტი – სამედიცინო თუ სასწავლო დაწესებულებები, სასტუმროები, საცხოვრებელი კორპუსები, რომლებსაც საჯარო რეესტრის ამონაწერით, ისევ "მშენებარეს" სტატუსი აქვს, ე.ი. შენობას არა აქვს მიღება-ჩაბარების აქტი და მის უსაფრთხოებაზე როგორ უნდა ვილაპარაკოთ?! ხანძრისა თუ კატაკლიზმების დროს კი არა, ისე რომ ჩამოინგრეს სადმე კედელი, პასუხს ვერავის მოვთხოვთ. მშენებლობის ხარისხი და შენობის უსაფრთხოება სახელმწიფომ მეტად უნდა გააკონტროლოს, მიუხედავად იმისა, რომ ლიცენზიების გაცემის წესში არის გარკვეული მოთხოვნები. მაგალითად, წესი ადგენს, რომ შენობას უნდა ჰქონდეს საევაკუაციო გასასვლელი, ზოგიერთი დაწესებულების, მაგალითად, ბაგა-ბაღის ინტერიერი უნდა იყოს ნაკლებად აალებადი, მედეგი მასალებით მოპირკეთებული, მაგრამ კონტროლია მოდუნებული. რატომ? იმიტომ, რომ კანონმდებლობაა ძალიან სუსტი... რას ნიშნავს ის, რომ მშენებარე ობიექტებში სხვადასხვა დაწესებულება ფუნქციონირებს?! თუ დაგვჭირდა, მაინც ვერ ვიპოვით დოკუმენტს, სადაც წერია, მშენებლობისას პრობლემები როგორ არის აღმოფხვრილი, შეესაბამება თუ არა წინასწარ დადგენილ გეგმას და ა.შ. ვეჭვობ, რომ შენობების უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს თავდაპირველად დაგეგმილ მონაცემებს და ამიტომაც არის ჩაუბარებელი...

თვითონ ვიყავი სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ლიცენზიებისა და აკრედიტაციების მართვის დეპარტამენტის უფროსი და შევესწარი იმ დროს, როცა სამთავრობო დადგენილებაში არსებობდა ჩანაწერი: "გარემო უნდა იყოს უსაფრთხო", რაც ზოგჯერ სამედიცინო ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს გვაძლევდა. მერე ეს ჩანაწერი გაქრა. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ჩათვალეს, რომ ასეთი ჩანაწერი ართულებდა საქმეს და მარტივი გამოსავალი იპოვეს. მართალია, "მშენებლობის და არქიტექტურის საქმიანობის შესახებ" კანონში წერია, რომ შენობა უნდა ჩაბარდეს, მაგრამ არ არის დაზუსტებული, რამდენ ხანში, რა დოკუმენტი უნდა შედგეს და ა.შ. გამოდის, ეს ჩანაწერიც ფორმალურია. მაგალითად, ზემოხსენებული სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან ახლა გამოიყო კომისია ჩაუბარებელი ობიექტის შესამოწმებლად, რათა განსაზღვროს, გასცეს თუ არა შენობაში სამედიცინო დაწესებულების გახსნის ლიცენზია. კომისიას ევალება შეამოწმოს ობიექტი, თუმცა მოთხოვნა თითქმის არ გულისხმობს შენობის უსაფრთხოებას...

ისინი ამას ვერც შეამოწმებენ. ან როგორ უნდა შეამოწმონ, მაგალითად, კიბე ცუდი ხარისხის მასალით არის ნაშენები თუ არა, ან რა ჩამოინგრევა სხვადასხვა შემთხვევის დროს, ლიფტი ხომ არ ჩამოვარდება და ა.შ. ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის წესის შესახებ კანონსა და სამთავრობო დადგენილებაში მკაცრად განსაზღვრული არ არის, რომ ესა თუ ის დაწესებულება უნდა განთავსდეს უკვე ჩაბარებულ, მთავრობის კომისიის მიერ მიღებულ ობიექტში, ამიტომ ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მერამდენედ უნდა გავხდეთ ტრაგედიის მომსწრე, რომ ასეთ საკითხებზე დავფიქრდეთ?!

ეკა ასათიანი