"ჩვენ ან დავიწყებთ აზროვნებას, ან მუდმივად ამ მარაზმში ვიქნებით... უფრო სწორად, საერთოდ აღარ ვიქნებით" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ან დავიწყებთ აზროვნებას, ან მუდმივად ამ მარაზმში ვიქნებით... უფრო სწორად, საერთოდ აღარ ვიქნებით"

თვალი მაქვს და ვხედავ, ყური მაქვს და მესმის... ვაზროვნებ და მაინც ვერ ვპოულობ პასუხს: რა გვჭირს ასეთი უკურნებელი? რით ვეღარ ამოვისუნთქეთ? - ალბათ თქვენც არაერთხელ დაგისვამთ ეს შეკითხვა საკუთარი თავისთვის მაინც, არა? სამწუხაროდ, პასუხს მარტო თვალითა და ყურით აღქმული რეალობა ვერ მოგცემთ. ჩვენ უფრო ღრმად უნდა ჩავიხედოთ, დავაკვირდეთ და ყველაფერი სულიერ ჭრილშიც გავატაროთ. მხოლოდ მაშინ შეიძლება სიტყვა სარკედ იქცეს, რომელშიც საკუთარ თავსა და ქვეყანას ავრეკლავთ...

ჩვენი სტუმარია მწერალი კონსტანტინე ჯანდიერი, რომელთან საუბარსაც ერთადერთი მიზანი აქვს - სიტყვა სარკედ აქციოს, რომ ჩვენივე მრუდე და სწორი დავინახოთ...

- როდესაც ყოველგვარი განსჯის, მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინების გარეშე, სრულიად ირაციონალურად ზედიზედ რამდენჯერმე ქვეყნის ბედს ანდობ საეჭვო ზნეობისა და მიდრეკილებების, დაბალი კვალიფიკაციისა და პათოლოგიური აზროვნების მქონე ადამიანებს, უნდა იცოდე, რომ გახურებულ თონეში მოხვდები. მაგრამ ერთი წუთით დავფიქრდეთ, როდესაც ქართული სახელმწიფოებრივი ორგანიზმი ასე სერიოზულადაა ავად, გაცილებით უარესი იქნებოდა, ტემპერატურაც რომ არ იყოს მაღალი.

ეს სიკვდილის მანიშნებელი იქნებოდა. კაცობრიობამ პოლიტიკა და დიპლომატია იმისთვის გამოიგონა, რომ მმართველმა ამ ინსტრუმენტების გამოყენებით ქვეყანასა და საზოგადოებას აარიდოს საშინაო თუ საგარეო საფრთხეები, დაამყაროს სამართალი და მშვიდობა, შექმნას საიმისო პირობები, რომ ადამიანებმა დაუბრკოლებლად შეძლონ ინტელექტუალური და სულიერი პროდუქტის, მატერიალური დოვლათისა და ელემენტარული კეთილდღეობის პროდუცირება.

თუ ხალხი უარს აცხადებს საკუთარ პასუხისმგებლობაზე, განუზომელ, სრულიად უკონტროლო ძალაუფლებას ანიჭებს მმართველს (იმან დამიცვას, იმან მაჭამოს, იმან მიმკურნალოს და ა.შ.). თუ ვიცხოვრებთ ლოზუნგით: "ჯერ ქვეყნის მთლიანობა და მერე დემოკრატია", ბუნებრივია, ქვეყანაში უსამართლობა გამეფდება და ტემპერატურა აიწევს; თუ უსამართლობის მსხვერპლს ყველანი ერთად, დროულად არ გამოვესარჩლებით, ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები არ ვიქნებით, მაშინ ადრე თუ გვიან უსამართლობა ჩვენც შეგვეხება, მომძლავრდება, საყოველთაო გახდება და ტემპერატურა მაქსიმუმამდე აიწევს.

KvirisPalitra.Geროდესაც მოქალაქეები თმობენ თავისუფლებას, რათა სანაცვლოდ, ვთქვათ, შეპირებული ტერიტორიული მთლიანობა, სიმდიდრე, ან კიდევ სხვა რამ მიიღონ, როგორც წესი, ერთსაც კარგავენ და მეორესაც.

ჩვენი პოლიტიკური სპექტრი მთლიანობაში არც უარესია და არც უკეთესი ჩვენს საზოგადოებაზე. კონკრეტულ რიცხვებს და გაყალბებულ ეგზიტპოლებს თუ გვერდზე გადავდებთ, ეს სპექტრი მაინც მეტ-ნაკლები სიზუსტით ასახავს სოციალურ სტრუქტურას, მოარულ მოსაზრებებსა და განწყობებს.

განვლილმა ოცმა თუ ოცდახუთმა წელმა გვაჩვენა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიდრეკილია ვიღაცისათვის პასუხისმგებლობის გადაბარებისკენ, იგონებს ქარიზმატულ ფიგურებს, სიხარულით ანდობს ქვეყნის, საკუთარი ოჯახისა და შვილების ბედს და მერე, როდესაც სავალალო შედეგი დგება, იწყება ტემპერატურის აწევა, "მუხტის აწევა", აყალმაყალის აწევა და ყველაფერი თავიდან მეორდება ან უცვლელად რჩება, რაც არსებითად ერთი და იგივეა.

ტოტალიტარული ცნობიერების დიქტატი კი გრძელდება და მხოლოდ სახელებს იცვლის (კომუნიზმი, ზვიადიზმი, მიშიზმი). მაგრამ ერთხელაც ტემპერატურაც აღარ აიწევს და ყველაფერი დამთავრდება... ჩუმად, უსახელოდ, სამარცხვინოდ.

ჩვენ ან დავიწყებთ აზროვნებას, ან მუდმივად ამ მარაზმში ვიქნებით... უფრო სწორად, საერთოდ აღარ ვიქნებით.

- როცა ყოფილმა პარტმუშაკებმა ლენინის პორტრეტები ჩამოხსნეს და მათ ადგილზე ხატები ჩამოკიდეს, მივხვდი, რომ ჩვენ არსად წავსულვართ, ადგილიდანაც კი არ დავძრულვართ და ჯერაც ტოტალიტარული აზროვნებისა და ფარისევლობის სულით გაჟღენთილ "წარსულში" ვიმყოფებით. როდესაც კოშმარულ "პატრიოტთა" ბანაკების შესასვლელთანვე ბავშვებს "ნაცმოძრაობის" კომისრები ხვდებიან და თავში უჭედავენ, რომ ასეთი ბედნიერი ცხოვრებისათვის მადლობელი უნდა იყვნენ პრეზიდენტისა და ხელისუფლებისა;

როდესაც ოზურგეთის თეატრის მსახიობები "ნაცმოძრაობის" ბრძნული მმართველობის შედეგად "გამდიდრებული" გლეხის ოჯახს წარმოუდგენენ თვითტკბობის მწვერვალზე მყოფ ადამიანს და არ რცხვენიათ ასეთ ფარსში მონაწილეობისა; როდესაც საარჩევნო უბნებთან სიებმომარჯვებული დედაკაცების არმია აღრიცხავს, ვინ არ მოვიდა ხუთიანის შემოსახაზავად, რათა პარტიამ და ხელისუფლებამ კარგად იცოდეს თუ ვინ უნდა გააგდოს სამსახურიდან, ვის შვილს ჩაუგდოს ჯიბეში ნარკოტიკი და ვისი პატიმარი არ გამოუშვას ციხის კარცერიდან;

როდესაც სახელმწიფო პრივილეგიებით გამძღარი და საკუთარი თანამოქალაქეების სისხლმოწყურებული სპეცრაზმი "მიშა! მიშას!" გაიძახის, ხოლო ხელისუფლების ადვოკატებად დაქირავებული "ინტელექტუალები" ამაში ვერაფერს არაბუნებრივს ვერ ხედავენ - თამამად შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვებული და მოზეიმე ტოტალიტარიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ და ეს არის ჩვენი წარსულიც, აწმყოც და ხილული მომავალიც.

- ჩვენი საზოგადოება და რელიგიასთან დამოკიდებულება. რას ფიქრობთ ამ თემაზე? როგორი იყო მორწმუნე თქვენს სიყმაწვილეში, როცა ამას მალავდნენ და რა ხდება დღეს?

- მამაჩემის დედა, თამარ ჯავრიშვილი შესანიშნავი მთხრობელი იყო. მას მოსკოვის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული მეფის დროს. მისი ბიძები და ძმა, ცნობილი ქორეოგრაფი დათა ჯავრიშვილი, ახალგაზრდობაში რუსეთის იმპერიის ოფიცრები იყვნენ. მოკლედ, მოსაყოლი ბევრი ჰქონდა და არც იზარებდა ჩემთვის იმ "ჩაძირული ატლანტიდის" სურათების გაცოცხლებას. საკმაოდ მოზრდილი გახლდით, როცა აღმოვაჩინე, რომ მორწმუნე ყოფილა. ეს ასე მოხდა - ბებიაჩემს გრიპი შეეყარა, მაღალი სიცხე ჰქონდა და იწვა.

ავადმყოფობის დროსაც არ წყვეტდა ჩემთან ურთიერთობას, რაც ძირითადად იმაში გამოიხატებოდა, რომ სკამს მომატანინებდა, დამსვამდა და იტყოდა: "დაჯე, შვილო, რაღაცა გიამბო." იმ დღესაც მისი საწოლის გვერდით ვიჯექი და ვუსმენდი ათასნაირ ამბავს ჩვენს გარდაცვლილ ნათესავებზე, იმდროინდელ ცხოვრების წესზე, "სამსონისა და დალილას" პირველ დადგმაზე თბილისის ოპერის თეატრში, სადაც წამყვან პარტიას ბაქოელი სოლისტი, ულამაზესი ქალი, ჟიხორევა მღეროდა. მერე ცოტა დაიღალა და მთხოვა, ბალიში გამესწორებინა.

მეც, როგორც შემეძლო, შევუდექი დავალების შესრულებას და მოულოდნელად ჩემი ხელი ბალიშის ქვეშ რაღაც პატარა, ოთხკუთხა საგნებს შეეხო.

ცნობისმოყვარეობით შეპყრობილმა ეს საგნები გამოვაძვრინე - ხატები იყო... ერთი მაცხოვრის, მეორე კი წმინდა ნიკოლოზისა. პირველი პაპის სახსოვარი ყოფილა, მეორე კი მოსკოვში, ინსტიტუტის დამრიგელ ქალს, "კლასსნაია დამას" უჩუქებია. ბებიაჩემს მაშინ ჩუტყვავილა შეჰყრია და სნეული მოსწავლის მოსანახულებლად მოსულ დამრიგებელს ასე უთქვამს: "ხომ იცი, წმინდა ნიკოლოზი ავადმყოფთა მფარველია, ყოველღამე ილოცე, გამოგაჯანმრთელებსო." მე, ათეისტურ გარემოში გაზრდილმა ბავშვმა, იმ დღეს პირველად მისგან მოვისმინე უცხო ამბავი ქრისტეს შობისა და ჯვარცმის შესახებ.

ეს შესავალი იმიტომ დამჭირდა, რომ გითხრათ - არასდროს, არავითარი გარეგნული გამოვლინება ბებიაჩემის მორწმუნეობისა მე არ მინახავს... თუმცა რამდენიმე დეტალი მაინც მახსენდება. ბებია თავისი უჭმელობით იყო ცნობილი. მის ძირითად საზრდოს შეადგენდა პური, ჩაი, მურაბა (მომეტებულად ალუბლისა), კიტრი და მწვანილი. ყველს და ხორცს ძალიან იშვიათად მიირთმევდა. ახლა ვხვდები, რომ ალბათ მარხვას იცავდა, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობდა, ე.წ. "სამარხვო ნამცხვრებსა" და სხვა კულინარიულ დელიკატესებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

კვირა დილას, სანამ ჩვენ გვეძინა, სადღაც უჩინარდებოდა ხოლმე. სავარაუდოდ, დილის წირვაზე დასასწრებად დადიოდა ეკლესიაში. და კიდევ - მუშტაიდის ბაღში სეირნობისას, ერთხელ მღვდლის დანახვაზე ჩუმად პირჯვარი გადაიწერა. ეს იყო და ეს. არასდროს არავინ შეუწუხებია თავისი რელიგიურობით, მარხვით, წამდაუწუმ ღმერთის ხსენებითა და ა.შ. სამაგიეროდ, დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილი ქრისტიანის ცხოვრებით ცხოვრობდა... და თუ ლოცულობდა, ამას ზუსტად ისე აკეთებდა, როგორც მათეს სახარებაში წერია:

"ხოლო, როდესაც ლოცულობ, ნუ ემსგავსები თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ; უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი, როდესაც ლოცულობ - შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე მამის შენის მიმართ ფარულად; და მამამ შენმა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად".

დღეს მე ვხედავ დიდ კონტრასტს ჭეშმარიტ რწმენასა და საყოველთაოდ გავრცელებულ პიარ-ეკლესიურობას შორის. ვფიქრობ, რომ ეს პლაკატური, მოდურ-ზედაპირული "რელიგიურობა", პირველ რიგში ქრისტიანული მოძღვრების არასწორ გაგებაზე, ან უბრალოდ გამაოგნებელ არცოდნაზეა დამყარებული.

ხშირად გაიგონებ: "მამაომ მითხრა", "მამაოს უნდა ვკითხო" და ა.შ. ჯერ ერთი, მაინტერესებს როდიდან, ან რატომ გახდა სიტყვა "მღვდელი" ტაბუირებული და გაძევებული მრევლის ზეპირი მეტყველებიდან? მეორეც ერთი, როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა წოდებით ბრუნვაში მდგარ სიტყვას კიდევ ერთი ბრუნვის ნიშანი დაურთოს? ჩემთვის ეს არის ქართული ენის არცოდნის, უწიგნურობისა და უბრალოდ იდიოტიზმის გამოხატულება. ასეთ პირობებში, რაღა გასაკვირია, რომ ძალიან შორსა ვართ ქრისტიანობის არსის გაგებისაგან.

ის ვინც მართლმადიდებლობის სახელით მუშტი-კრივს აწყობს, ჩემი შეხედულებით, ისევე შორსაა ქრისტიანობისგან, როგორც თავისუფლების ინსტიტუტის პროტეჟე ავტორი ლიბერალური ღირებულებებისაგან.

ძალადობა არ არის ქრისტიანობის იარაღი და არც სხვათა რელიგიური გრძნობების ცინიკური შეურაცხყოფაა ლიბერალური დემოკრატიის პრინციპების დაცვა.

- ბებიათქვენის ბიძას, თედო სახოკიას, ძელქვისგან გამოთლილ ჯოხზე ლათინური სიტყვები ჰქონდა ამოტვიფრული: Dictum-Factum. თუ ვინმე ცნობისმოყვარე შეეკითხებოდა, - რას ნიშნავსო, განუმარტავდა: "რასაც ვიტყვი, ავასრულებ კიდეცო". მართლაც ასე იცხოვრა. გულწრფელად მითხარით, გეგულებათ ასეთი ადამიანები დღეს?

- ასეთებს რომ არ ვიცნობდე, მაშინ ვერ შევძლებდი ამ ქვეყანაში ცხოვრებას. ზუსტად არ ვიცი მათი რიცხვი, მაგრამ სწორედ ისინი არიან ამ მიწის მარილი და მომავლის გარანტორები. ათნიც რომ იყვნენ - იმედი იარსებებს და სამართალი გაიმარჯვებს.

- ხომ არ ნანობთ, რომ ოდესმე ვინმეს გულშემატკივრობდით პოლიტიკურ ცხოვრებაში?

- არასდროს არავის არ ვგულშემატკივრობდი: მე ვგულშემატკივრობდი ჩემს ქვეყანას, თბილისის "დინამოს", ბრაზილიის ნაკრებსა და "ბარსელონას"... და კიდევ, დღემდე ვგულშემატკივრობ ადამიანებს, რომლებიც არა ვიწროპარტიული ან მერკანტილური მოსაზრებებით, არამედ საკუთარი გულის, გონებისა და სინდისის კარნახით იბრძვიან ტოტალიტარული აზროვნების, ძალადობის, უსამართლობის, ხელოვნურად და სრულიად შეგნებულად დანერგილი საყოველთაო სიღატაკის, გამარჯვებული უვიცობის, პოლიტიკური დევნისა და ასაკობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ.

- გმირის ძიებაშია ჩვენი ერი. გმირებს ვეძებთ წარსულში და გმირებს ვეძებთ აწმყოშიც. "გმირობის" თემა ჩვენი თავშესაფარი გახდა. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

- გმირის აღზრდა კი არა, გმირის დანახვაა საქმე. წესიერების, ღირსებისა და პროფესიონალიზმის დანახვის, დაფასებისა და მაგალითის აღების უნარი გვაქვს დაკარგული და ეს არის პრობლემა.

მე გამიმართლა, რომ კარგად ვიცნობდი ოთარ ჯაყელს - ნიჭიერ არქიტექტორს, პედაგოგს, ორიგინალური, ჭეშმარიტად ევროპული ტიპის მოაზროვნეს. მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა მოიცავს უშუალოდ მის მიერ, ან მისი ხელმძღვანელობით შექმნილ მრავალ პროექტს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აგებულ შენობებს, გამოგონებებს სამშენებლო ტექნოლოგიების სფეროში და ა.შ.

მაგრამ, შესაძლოა, ყველაზე დიდი ფასეულობა, რომელიც ოთარის სახელს უკავშირდება, ეს თავად მისი უჩვეულო, სათავგადასავლო რომანივით საინტერესო ბიოგრაფია იყოს, ბიოგრაფია, რომელიც საკუთარი ქვეყნისა და პროფესიის ერთგულების მაგალითად, ზნეობრივ ორიენტირად გამოადგება მომავალ თაობებს.

ოთარის მამა, ალექსანდრე ჯაყელი ცნობილი ქართველი მრეწველი, ჭიათურის მარგანეცის მომპოვებელი სააქციო საზოგადოება "ჩემოს" პრეზიდენტი იყო და  გასაბჭოებისთანავე, გასაგები მიზეზების გამო, ოჯახთან ერთად სტამბოლში გადასახლება მოუხდა, თუმცა სულ რამდენიმე წლის შემდეგ, "ნეპის" პერიოდში საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა, ალექსანდრე ჯაყელისათვის დაბრუნება და საქმის გაგრძელება ეთხოვა, რადგან ჭიათურის მარგანეცის უცხოელი მომხმარებლები უარს ამბობდნენ ბოლშევიკებთან საქმიან ურთიერთობაზე.

1926 წელს სტალინი პირადად შეხვედრია ალექსანდრე ჯაყელს და ურჩევია მისთვის, სააქციო საზოგადოების მთელი საკუთრება ნებაყოფლობით გადაეცა საბჭოთა ხელისუფლებისათვის! რაზედაც მტკიცე უარი მიიღო. ჯაყელი დააპატიმრეს, მაგრამ მალე დარწმუნდნენ, რომ მის გარეშე მარგანეცის გაყიდვას ვერ შეძლებდნენ. ამიტომ მალევე გამოუშვეს და ამერიკაში გაგზავნეს მოლაპარაკების დასაწყებად.

პრეზიდენტ ჰუვერთან შეხვედრისას ჯაყელმა დაიწყო ობიექტური ინფორმაციის გავრცელება ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შესახებ. შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში იწყება ლაპარაკი საერთაშორისო სანქციების შემოღების თაობაზე. საქართველოდან ჯაყელს უთვლიან, ანტისაბჭოური საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში მისი ოჯახის სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ. ცხრა წლის ოთარისა და მისი დედის, ნინო ხუჯაძე-ჯაყელის დარჩენა სამშობლოში ძალზე სახიფათო ხდება.

1929 წელს ნინო ხუჯაძემ, აჭარელი მეგობრების დახმარებით, 11 წლის ოთართან ერთად მალულად დატოვა საქართველო, სტამბოლის გავლით ჩავიდა პარიზში, იქიდან კი ბელგიაში გაემგზავრა. ჯაყელები ბრიუსელში დასახლდნენ. მათთან ხშირად სტუმრობდნენ ქართული ემიგრაციის გამოჩენილი მოღვაწეები, მეცნიერები, უცხოელი ქართველოლოგები. ექვთიმე თაყაიშვილი პატარა ოთარს ქართულ ენასა და ისტორიას ასწავლიდა.

კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ოთარი სწავლას ბრიუსელის არქიტექტურისა და გამოყენებითი ხელოვნების უმაღლეს ინსტიტუტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე აგრძელებს, მაგრამ ვერ ასწრებს დიპლომის დაცვას, იწყება მეორე მსოფლიო ომი. მის თანაკურსელებს ჯარში იწვევენ. ოთარს, როგორც უცხოელს, არ შეუძლია ბელგიის არმიაში სამსახური, ამიტომ იგი საფრანგეთის “უცხოურ ლეგიონში” ეწერება მოხალისედ.

სადესანტო-მოიერიშე ჯგუფი “ფანტომი, სადაც ახალგაზრდა ქართველი მოხალისე ჩაირიცხა, საინტერესო ხალხით აღმოჩნდა დაკომპლექტებული. იქ მსახურობდნენ: პარიზის განთქმული რესტორან “მაქსიმის" შეფ-მზარეული, თავის სამშობლოში დეზერტირად გამოცხადებული იტალიის მეფის პირადი ადიუტანტი, ფრანგი მონტანიე, რომელიც მოგვიანებით იუნესკოს გენერალური მდივანი გახდა.

სამხედრო ნაწილის ერთ-ერთი მეთაური იყო ქართველი ოფიცერი, ცნობილი ამერიკელი გენერლის, ჯონ შალიკაშვილის ბიძა, დავით შალიკაშვილი. სწორედ შალიკაშვილმა სთხოვა ოთარ ჯაყელს ერთი რიგითი ჯარისკაცის მეურვეობა, რომელიც პარიზის პრინცი ანრი დ,ორლეაკი აღმოჩნდა. მას, როგორც სამეფო გვარის წარმომადგენელს, აკრძალული ჰქონდა საფრანგეთის ტერიტორიაზე ყოფნა და დ,ორლეაკი იძულებული გამხდარა, შეცვლილი გვარით ჩაწერილიყო უცხოურ ლეგიონში.

ლეგიონს”უმძიმეს ბრძოლებში მონაწილეობა და საფრანგეთის არმიასთან ერთად უკან დახევა მოუხდა. ოთარ ჯაყელმა თავისი მეომრული მოვალეობა, ისევე როგორც შალიკაშვილის თხოვნა, პირნათლად შეასრულა.

საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ, ოკუპირებულ ბელგიაში დაბრუნებული ოთარ ჯაყელი გესტაპოში დაიბარეს. გამომძიებლის შეკითხვაზე, თუ რამ აიძულა კავკასიელი ემიგრანტი გერმანიის წინააღმდეგ ხელში იარაღი აეღო, ასეთი პასუხი გასცა: “ამ, საქართველოსავით პატარა ქვეყანამ, მე და ბევრი ჩემი თანამემამულე შეგვიკედლა და როდესაც გაუჭირდა - გვერდით დავუდექი, ეს ჩემი ვალი იყო. ბედად, გესტაპოელი ღირსეული კაცი აღმოჩნდა და მიუგო: მეც ასე მოვიქცეოდიო. სხვათა შორის, ოთარმა მისგანვე გაიგო, რომ ბრიუსელში მცხოვრებ რომელიღაც თანამემამულეს, ქართველს დაებეზღებინა.

უსახსროდ დარჩენილი, ერთ-ერთი მონასტრის გულმოწყალე ბერებს შეკედლებული,  მუდმივად დაპატიმრების მუქარის ქვეშ მყოფი ახალგაზრდა ვეტერანი ახერხებს აკადემიის დამთავრებას და არქიტექტორის დიპლომის მიღებას.

ომის დამთავრების შემდეგ მას თანდათან ეძლეოდა თავისი პროფესიის გამოყენების საშუალება. ეს იყო შემოქმედებითი აღმავლობისა და კატორღული შრომის წლები. 1948 წლიდან კი თვითონ ხელმძღვანელობს არქიტექტურულ-საპროექტო ბიუროს.  საოცარია, მაგრამ სწორედ ამ წლებში მან ბელგიის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაც შეძლო კრივში, მოყვარულთა შორის.

1948 წელს ოთარი შეხვდა პარიზიდან ჩამოსულ ახალგაზრდა პიანისტ ეთერ რუხაძეს, რომელიც სტაჟირებას გადიოდა ფრანკოს რეჟიმს გამოქცეულ ცნობილ ესპანელ მაესტრო ედუარდო დე პუეიოსთან. 1954 წელს ისინი ოჯახს ქმნიან. მალე ოთარს უფრო მასშტაბური შემოქმედებითი გეგმების რეალიზაციის შანსი ეძლევა: ბელგიურ კონგოში (ახლანდელი ზაირის რესპუბლიკა) იხსნება არქიტექტურულ-სამშენებლო ბიუროს უფროსის ვაკანსია. ეთერი უყოყმანოდ მიჰყვება ქმარს აფრიკაში.

1961 წელი... კონგოს მოსახლეობა სულგანაბული უსმენს რადიორეპროდუქტორებს, რომლებიც ყოფილი ფოსტალიონის, მოსკოვში გამოწვრთნილი რევოლუციონერის, პატრის ლუმუმბას სიტყვას გადმოსცემენ: “თეთრებმა დაისაკუთრეს თქვენი მიწა, მდინარეები, ჰაერი; მათ აქვთ მაცივრები, მანქანები, სახლები, თქვენ კი არაფერი! კმარა მონობა! ყველაფერი, რაც აბადიათ, თქვენია. წადით, წაართვით რევოლუციის სახელით!”

ქვეყანაში იწყება ვანდალიზმსა და კანიბალიზმამდე მისული სისასტიკის აფეთქება. როდესაც გაავებული ბრბო ოთარ ჯაყელის სახლისაკენ დაიძრა, დარაბებდაგმანულ ოთახებში რამდენიმე გაფითრებული ბელგიელი კოლონისტი იმალებოდა, მაგიდის უჯრაში კი ერთადერთი რევოლვერი იყო ჩაკეტილი. ოთარმა გააღო კარი და გარეთ გავიდა. იქ ათიოდე ერთგული აფრიკელი დახვდა, მის მიერ დაარსებული “ხელოვნებისა და ტექნიკის საზოგადოების” წევრები იყვნენ...

კონგოში  მისი საქმიანობა მხოლოდ აეროდრომის, სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობით არ შემოფარგლულა. ბანკიდან აღებული კრედიტით მან გახსნა აგურის წარმოება და სადურგლო სახელოსნო, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მუშაობდა (მათ შორის, პატრის ლუმუმბას ძმაც); ოთარი მათ წერა-კითხვას, ანგარიშს, აღრიცხვასა და მართვას ასწავლიდა; “ხელოვნებისა და ტექნიკის საზოგადოებაში” თავი მოუყარა ნიჭიერ აფრიკელ ახალგაზრდობას, დააარსა ზანგებით დაკომპლექტებული ფეხბურთის გუნდი და ა.შ.

ახლა ეს კაცი, თავის ათ აფრიკელ მეგობართან ერთად მოულოდნელად შეჩერებულ და გაყუჩებულ ბრბოს თამამად შესცქეროდა თვალებში. პირველად წინამძღოლი შეტრიალდა, შემდეგ მას დანარჩენები მიჰყვნენ და ნელა გაშორდნენ სახლს. წითელი ჯვრის პირველივე თვითმფრინავით ცოლ-შვილი გაამგზავრა, უკანასკნელით თვითონ ჩავიდა პარიზში. ყველაფერი თავიდან იყო დასაწყები...

რიგით არქიტექტორს არავინ ანდობს ბიბლიოთეკის ან სკოლის აშენებას საფრანგეთის დედაქალაქში. ოთარს ანდეს; შემთხვევით ადამიანს არავინ ნიშნავს პარიზის მთავარი არქიტექტორის მოადგილედ. ოთარი დანიშნეს. მაღალი ხელფასი, ცხოვრების კარგი პირობები, სამი შვილი, მშვენიერი მეუღლე, რომელიც საკონცერტო მოღვაწეობას ეს-ეს არის იწყებს. 60-იან წლებში ოთარ ჯაყელის კარიერა ზენიტს აღწევს... და სწორედ ამ დროს, ჯაყელების ოჯახში იწყება ლაპარაკი სამშობლოში დაბრუნებაზე. ცოლ-ქმარს შეაქვს განცხადება საბჭოთა საელჩოში. ეს არ ყოფილა ნოსტალგიით შეპყრობილი ემიგრანტების სპონტანური მოქმედება, ეს იყო ორი ძლიერი ადამიანის შეგნებული, კარგად აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილება.

1967 წელს ჯაყელები საქართველოში დაბრუნდნენ. კიდევ ერთხელ, ყველაფერი თავიდან იყო დასაწყები. ოთარი მუშაობას იწყებს ერთერთ არქიტექტურულ სახელოსნოში. პარალელურად, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე.  სწორედ მაშინ გავიცანი ოთარი.

მის სახელოსნოში გამეფებული იყო შემოქმედებითი ძიების, კრიტიკული აზროვნებისა და სრული შინაგანი თავისუფლების ატმოსფერო.

რა გასაკვირია, რომ მისი პიროვნებით დაინტერესდა, ერთი მხრივ, უშიშროების კომიტეტი, ხოლო მეორე მხრივ კი - გორბაჩოვის "პერესტროიკის" დროს მოღონიერებული დისიდენტობა. ორივე მხარესთან ურთიერთობისას მას არასდროს ღალატობდა სიბრძნე, გამბედაობა და იუმორი. ამიტომაც არ არის გასაკვირი, ეროვნული მოძრაობის აზვირთების პერიოდში, 1989 წელს, ლუმუმბას სინდრომით შეპყრობილ "პატრიოტთა" ქუჩურ ეგზალტაციას, უაზრობასა და იმჟამინდელი "კგბ"-ს ფარულ აქტივობასაც იგი ლალი ჯავახიშვილთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად “კავკასიური კლუბის” შექმნითა და საღი აზროვნების მოთხოვნით დაუპირისპირდა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ოთარს პარიზში მოუხდა მკურნალობა. მე და გიო ახვლედიანმა ბოლოს სწორედ იქ, პირველ სართულზე მდებარე პატარა, მყუდრო ბინაში მოვინახულეთ. სუნთქვა უჭირდა და საუბრისას რამდენჯერმე დასჭირდა სასუნთქი აპარატის გამოყენება, თუმცა მოცისფრო-მონაცრისფრო თვალები ისევ ახალგაზრდულად უციმციმებდა. როგორც ნამდვილ მუშკეტერს ეკადრება, ანჟუს ვარდისფერი ღვინის ბოთლი გამოაძვრინა და როდესაც ეთერი სამზარეულოში ჭიქების მოსატანად გავიდა, მალულად ერთი ნაფაზის დარტყმაც კი მოასწრო ღია ფანჯარასთან. საქართველოს ამბები აინტერესებდა, ხარბად გვისმენდა და შიგადაშიგ თვითონაც ურთავდა ზუსტ რეპლიკებს.

საკუთარ სიკვდილს ორი დღით მაინც დაასწრო საქართველოში ჩამოსვლა. შეხვდა შვილებს, შვილიშვილებს, მოწაფეებსა და ახლობლებს. გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე გატაცებით საუბრობდა მიწის არქიტექტურაზე, ასაბუთებდა ამ ჩვენთვის ჯერ უცნობი, მაგრამ ბევრგან დანერგილი, ეკოლოგიურად ჯანსაღი და იაფი ტექნოლოგიის უპირატესობას საქართველოს ზოგიერთი რეგიონისათვის. ჩვენი მიწა საუკეთესოდ გამოდგება საცხოვრისისათვისო... მიწაო, იძახდა, მიწაო.

მაღალი სახელმწიფო ჯილდოები არ ჰქონია. სწორედ ეს იყო მისი ყველაზე დიდი ამქვეყნიური ჯილდო. აი ასეთი მესმის გმირი!