გურული "არმსტრონგის" თავგადასავალი - კვირის პალიტრა

გურული "არმსტრონგის" თავგადასავალი

დიდი ხანი არაა, რაც სახალხო პროექტი "ნიჭიერი" დამთავრდა. პირველი ადგილი მხოლოდ ერთს ერგო, ხალხის სიმპათია და სიყვარული კი ბევრმა დაიმსახურა. ჩოხატაურელი ღამბაშიძეები ფინალში ვერ გავიდნენ, მაგრამ ყველაზე ორიგინალურ დუეტად მაინც აღიარეს.

პირველად, ედიშერი და მარიამი შესარჩევ ტურზე რომ გამოცხადდნენ, ყველას ეგონა, რომ კრიმანჭულს შემოსძახებდნენ, მაგრამ ჟიურისა და მაყურებლის გასაკვირად, ლეგენდარული ლუი არმსტრონგის და ბარბრა სტრაიზანდის სიმღერა შემოგვთავაზეს. მამა-შვილის სიმღერამ ყველა აღაფრთოვანა.

ახლა? ახლა ყველგან ღიმილით ეგებებიან და თბილად მოიკითხავენ, ესიყვარულებიან... ედიშერი ინტერვიუს ჩაწერისას ცოტა სევდიანი და დაძაბული მეჩვენა.

გურული რომ არ ენაკვიმატობდეს, პირველად ვხედავ-მეთქი. გაეცინა, თვალები აუციმციმდა და უცებ დაემსგავსა დუმბაძისეულ პერსონაჟს: - ნუ გადამრევ, ცა!.. კაცს თუ ვალები აქვს, უმუშევარი დაიარება და მაინც გახარებულია, ან აბდალია, ან ნამუსგარეცხილიო.

ედიშერი კი არც ერთია და არც მეორე...

"ნიჭიერის" მერე ედიშერის ცხოვრებაში სხივი გამოჩნდა:

- 40 წლის ასაკში რახან გავბედე და "აფრები ავუშვი", არ მინდა, "ღუზა" მალევე ჩავუშვა. ამ ზაფხულს ვაპირებ, საკურორტო ზღვისპირა ქალაქებში კონცერტები გავმართო. ფონოგრამის ჩაწერაში მეგობარი მეხმარება, - მეუბნება ედიშერი.

ინტერვიუზე მამასთან ერთად კუდრაჭა მარი, პატარა "ბარბარა სტრაიზანდიც" გვეწვია, რომელიც მამიკოს უფროს მეგობრად თვლის და ძალიან ბედნიერია, რომ ასეთი ძმაკაცი ჰყავს.

მერე ედიშერი თავს გადამხდარ კურიოზულ ამბებს იხსენებს, ურომლისოდ არ არსებობს გურული კაცი...

ხესთან ჩახუტებული

ძალიან მიყვარს ბახმაროს მთებში ხეტიალი. იცით, რა საოცრებაა, როცა მთებს ელაპარაკები? იქიდან "შემსუბუქებული" (ისევ ყოფითი პრობლემების სიმძიმეს ვგულისხმობ) და ამაღლებული ვბრუნდები ხოლმე. ერთხელ, ბახმაროს მთებში ისეთი ნისლი ჩამოწვა, თვალთან მიტანილ თითს ვერ დაინახავდით. ასე იცის ხოლმე მთაში, ეგ არ გამკვირვებია, მაგრამ ისე უცებ მოხდა "ცის და მიწის შერწყმა", ცოტა არ იყოს, დავიბენი.

ვდგავარ ბილიკზე, პაწა იქით რო წაგიცდეს ფეხი, ხრამი და აშკარა სიკვდილია. მახსოვდა, შორიახლოს ხე რომ იდგა. ჩოჩვა-ჩოჩვით მივედი იქამდე და გახარებული ჩავეხუტე. ეს ბურუსი კი არა და არ გაიფანტა. დილამდე ვიყავი ჩახუტებული ხესთან და რომ მოვშორდი, ხელებს ძირს ვეღარ ვუშვებდი - ისევ "ჩახუტებული პოზა" მქონდა მიღებული.

"მეიცა, ზურიკელა..."

ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის იუბილეს ყოველთვის აღვნიშნავდით. სოფლის კლუბში "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" დავდგით. მე ზურიკელას ვთამაშობდი, მამაჩემი - ილიკოს, ოლღა ბებია ბათუმის თეატრის მსახიობი, სახალხო არტისტი, ნაზი კეჭაღმაძე გახლდათ, ილარიონსაც მსახიობი ვალოდია მგელაძე ასახიერებდა. კლუბი სავსეა თბილისელი და მოსკოველი სტუმრებით. იმ ეპიზოდამდე მივედით, როცა ქალაქიდან ჩამოსული მონატრებული შვილიშვილის დანახვაზე ბებია სკამზე უნდა "ჩაიკეცოს". სცენაზე კი სკამის დადგმა დაავიწყდათ. სცენაზე გამოვჩნდი.

ბებია, ჩამოვედი-მეთქი, -  დავიძახე და ვხედავ, ქალი ნელ-ნელა იკეცება, მარა დაჯდომა კი არა, იატაკზე გადაკოტრიალება მოუწევს. ილიკო - მამაჩემი უცებ მოვიდა გონს, გავარდა კულისებში და სანამ ოლღას ქვეშ სკამს შეუცურებდა, იმის შიშით, ქალი იატაკზე არ გაშხლართულიყო, შემომძახა: - მეიცა, ზურიკელა, შე უპატრონო, ჯერ დაჯდეს აგი ქალიო... ბევრი სტუმარი ვერ მიხვდა, რა ხდებოდა, ეგონათ, ეს ფრაზა უნდა ეთქვა ილიკოს, მაგრამ ვინც მიხვდა, სიცილით კვდებოდა - რავა პროფესიონალი მსახიობივით მოიქცაო. ნაზიც ლოცავდა - შენ აგაშენა ღმერთმა, რო გადამარჩინე, თვარა ხელის ან ფეხის მოტეხა არ ამცდებოდაო.

როგორ "გავაჩალიჩე" რესტორანი

ჩემი მეგობარი ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე სწავლობდა. ერთხელ გულშემოყრილმა შემომჩივლა: - ედიშერა, მგონია, წყალში ჩამეყარა ნაწვალები, ბიზნესის მართვას იმისთანა მკაცრი ლექტორი იბარებს, წინდაწინ ვიცი, ნიშანს ვერ მივიღებო. თავი გამოვიდე - მე გავალ გამოცდაზე შენს მაგივრად, სამიანსაც დავაწერინებ, მარა მაღარიჩი უნდა იკისრო-მეთქი. გადაირია - შენ თუ მაგას გამიკეთებ, რესტორანი ჩემზეაო.

ავიღე მეგობრის ჩათვლის წიგნაკი და მივადექი იმ აუდიტორიას, სადაც გამოცდა ტარდებოდა. აუდიტორიიდან გამოსულები ჭირის ოფლს იწმენდენ, გარეთ მდგომნი კი ნერვიულად სცემენ ბოლთას. დავიცადე, სანამ ყველა არ გამოვიდა, მერე შევაღე კარი და რიხიანად დავიძახე, - შეიძლება პატივცემულო-მეთქი? ხმა არავინ გამცა. დიდ აუდიტორიაში ერთ კუთხეში მაგიდასთან მიმჯდარიყო 80 წლის კაცი და უხმოდ, თვალჩაციებით მიმზერდა.

მერე ხელით მანიშნა, დაჯექიო. დავჯექი და გავუღიმე. აბა, ყმაწვილო, ნუ მეკეკლუცები ქალივით. სჯობს ის მითხრა, რა იცი  ქართულ ბიზნესზეო. რაის გურული ვარ, თუ დავიბენი?! - ქართული ბიზნესი ასეთია: ბიზნესმენები აიღებენ ბანკებიდან კრედიტებს და საზღვარგარეთ გარბიან-მეთქი. (1990-იანი წლებია და ხომ იცით, მაგ დროს რა ხდებოდა საქართველოში). ჯერ გაოცებულმა შემომხედა, მერე  მატრიკული გამომართვა და სამიანი ჩამიწერა. იმ საღამოს რამდენიმე მეგობარმა ძალიან კარგად მოვილხინეთ ერთად.

"Я таких грузинов не видела"

1993-94 წლებში მოსკოვში  ბიზნესი წამოვიწყე. ახლობელმა ერთ ოჯახში მიმიყვანა და რახან კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს, სასტუმროში აღარ გადავედი, დავრჩი ბელოვებთან. დიასახლისს სასიძოდ მოვწონდი. ვალიას მართლაც ულამაზესი გოგო ჰყავდათ, ნატაშა, მაგრამ მე იმ ქართულ წეს-ჩვეულებიდან გამომდინარე, რომ "მეზობლის ქალს ხელი არ უნდა ახლო" და სადაც შვილად მიგიღეს, იმ ოჯახის შვილზე როგორ შეიძლება "სხვანაირად" იფიქრო, ნატაშას ყურადღებას არ ვაქცევდი. ერთხელაც, დამიმარტოხელა ვალიამ და მითხრა, ნატაშაზე ვერაფერი გაფიქრებინე, სამაგიეროდ, მის მეგობარს გაგაცნობო. მართლაც გამაცნო ვეროჩკა. მე ორივე რესტორანში დავპატიჟე.

კარგი დრო გავატარეთ და როცა შინ ვბრუნდებოდით, ვალიამ კვლავ გვერდზე გამიხმო და მეკითხება: "ну как тебе Верочка?" მე ისევ მხრები ავიჩეჩე და ვუთხარი, - ის ნატაშას მეგობარია და "სხვანაირად" ვერ ვიფიქრებ-მეთქი. ახლა კი თვალები საცრისოდენა გაუხდა ვალიას, ვეღარ მოითმინა და მითხრა: "Ты что педераст, я таких грузинов не видела ". როგორ დამერწმუნებინა ვალია, რომ რუსი ცოლად არ მინდოდა.

"ფშვიტინა"

ერთხანს ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი გახლდით. თუ ვინმე სტუმარი გვეწვეოდა, გავაღებდი მუზეუმის კარს, თუ არადა, კი იყო დაკეტილი. ერთხელაც, გამგებელმა გამოიარა მუზეუმში, დაკეტილი დახვდა. მიკითხა და უთხრეს, - საცხა დაფშვიტინობსო. მეორედაც მოვიდა და იმავე პასუხით გაისტუმრეს. ცოტა ხანში გამგეობის სხდომაზე გამგებელმა ყველა დაგვიბარა.

გამოვიდა სიტყვით და ეს რა მესმის? ჩემზე კაცი ისეა გაცოფებული, სიტყვებს საფანტივით ისვრის: - მიჩივიან, - შენი დანიშნული ხალხი აფერს აკეთებსო. ა, ძამა, მაგალითად, ჩვენი ედიშარა დილას ცინცაძეების ცაცხვის ძირში რო დეიწყებს ქეიფს, ხან ხაშურში ამთავრებს და ხან თელავში. მითხარით, ერთი, რა გავაკეთო და რა მოვუხერხო ამ ბიჭსო.

...ამ ყველაფერს რომ ვიხსენებ, მეღიმება და ვფიქრობ, ბიზნესშიც რომ მომეცარა ხელი და ვერც მუზეუმის დირექტორად გამოვდექი, იქნებ ჩემი ადგილი მხოლოდ მუსიკის სფეროშია და ამიტომაც არ მიმართლებდა... არ ვიცი, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი... ვნახოთ, რას მომიტანს მომავალი.