გულში მომზირალი ადამიანების სევდა ანუ ახლა მათთვისაც გამოჩნდა სინათლე
ბრალია უფლის სანთლის მარტოობაში ჩასაწველად მიტოვება...

იყო დრო, როცა საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების დასახლებას ფონიჭალაში დიდი ღობე ჰქონდა გარს შემორტყმული. ეს ღობე იდგა როგორც ნიში რაღაცის დასასრულისა და დასაწყისის. მართალია, საბჭოთა მთავრობა სულ სხვაგვარად ხსნიდა ღობის არსებობასაც და ღობის შიგნით მცხოვრებთა არსებობასაც, მაგრამ ერთ რამეს ვერც ხედავდა და ვერც ერეოდა: აქ ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებსაც თვალი სულში ჰქონდათ ჩაბრუნებული და ამდენად იმისი ხილვა შეეძლოთ, რასაც ღობის აქეთ ფერად-ფერადი სატყუარით თვალაბინდული ხალხი ვერასოდეს
დაინახავდა...

ახლა ღობე აღარ არსებობს, თუმცა რამდენად შეიძლება ითქვას, რომ აღარ არსებობს ჩვენს  და მათ ცხოვრებას შორის გადაჭიმული, კაცმა არ იცის. აქეთ - დავდივართ, საითაც გვინდა, იქით ვიზამთ თავს და არ გვახსოვს, იქით გველოდებიან, რომ ზოგჯერ მაინც წავაშველოთ ხელი სიარულში... აქეთ შინაური ცხოველები გვიყვარს, ვზრდით,
ერთმანეთს ვაჯიბრებთ ძაღლებს და ჩემპიონებსაც ვასახელებთ, - იქით სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი ჰაერივით სჭირდებათ, მაგრამ სად არის... აქეთ ვკითხულობთ, მოგვწონს, ან არ მოგვწონს თანამედროვე მწერლობა, ვმსჯელობთ, გამოსვლებსაც ვაწყობთ... იქით ვერ კითხულობენ, იმიტომ რომ ბრაილის შრიფტით კარგა ხანია აღარავინ აღარაფერს გამოსცემს...

და როცა ჩვენ ლამაზ-ლამაზი სიტყვებით ვხიბლავთ ერთმანეთს, იქ, ფონიჭალაში, ნახევრად მოუწყობელ ოთახში ზის ქალი, რომელიც სხვისი დახმარებით წაკითხულ ლიტერატურას ბრაილის შრიფტით იწერს. ქალს ცირა ჰქვია. თვალი მასაც საკუთარ სულში აქვს ჩაბრუნებული და თავი კი გადადებული, რომ მის გვერდით, მასავით სულში მომზირალმა ადამიანებმა ერთი ტკივილი მაინც აიშორონ თავიდან - მიუწვდომელი ლიტერატურის არსებობის ტკივილი.

"ტკბილად ჩურჩულებს წვიმა ფოთლებთან,
ვნებით უკოცნის მწვანე სხეულებს,
ხეები სიტკბოს ინახავენ,
ამიტომაც მშვიდად ხმებიან.
იქნებ გვესწავლა,
რანაირად უნდა გვიყვარდეს", - ეს ცირას ლექსია.

და რაკი ამქვეყნად ყველა ამბავს შეიძლება ჰქონდეს კარგი დასასრული, ამ ამბავშიც გაჩნდა სინათლე. გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც 19 ივნისს წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციაზე - ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი თანამედროვე ქართული მწერლობა. ეს კეთილი საქმე  სტუდია "ი ეო"-ს ინიციატივით განხორციელდა.

KvirisPalitra.Geგია ჯვარშეიშვილი - სტუდია "ი ეო"-ს დირექტორი:

- შეირჩა 33 პროზაიკოსი და 50 პოეტი. პრინციპი ერთადერთი იყო, გვინდოდა თანამედროვე ცოცხალი მწერლების გამოცემა. უსინათლოების საზოგადოება ხშირად აწყობს შეხვედრებს, ღონისძიებებს. მათ საშუალება მიეცემათ, თავად გაეცნონ იმ ადამიანთა შემოქმედებას, ვისთან შეხვედრასაც ისურვებდნენ. სამწუხაროა, რომ მუხრან მაჭავარიანისა და ნიკო გომელაურის დაბეჭდვა ვერ მოვასწარით...


- დიდი ტირაჟით გამოიცემა ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნები?
- რადგან ასეთი წიგნები ძალიან დიდია, მაგალითად, 300-გვერდიანი წიგნის ბრაილის შრიფტით დაბეჭდვას სჭირდება 10 ტომი, მსოფლიოში არსად მათ დიდი ტირაჟით არ უშვებენ. ჩვენ გამოვცემთ იმდენს, რომ დავარიგოთ მხედველობადაქვეითებული ადამიანებისათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკებში და ხელმისაწვდომი გავხადოთ მათთვის ის, რაც აქამდე არ ჰქონდათ.

მართალია, საქართველოში არსებობს უსინათლოთათვის დაბეჭდილი ძველი ქართული კლასიკა, მაგრამ თანამედროვე მწერლების გაცნობა ამ ადამიანებს მხოლოდ მაშინ შეეძლოთ, როცა ვინმე წაუკითხავდა, ან ტელევიზიითა და რადიოთი მოისმენდნენ. ამ წიგნებით მათ თავისუფლად შეეძლებათ გაიცნონ ისინი სხვისი დახმარების გარეშე...

ამ კეთილ საქმეში მხარდამჭერებიც გამოგვიჩნდნენ. მედია სახლი "პალიტრა",  საზოგადოებრივი მაუწყებელი, სპონსორები: ვი თი ბი ბანკი, ბილაინი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო. საერთოდ, გულდასაწყვეტია, რომ ჩვენ სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევთ მხედველობაშეზღუდულ ადამიანებს და გვგონია, რომ ისინი მხოლოდ მეტროში მღერიან ან მოწყალებას ითხოვენ. ამ დროს, მათში არის უდიდესი პოტენციალი, ნიჭი, ინტელექტი, რომელიც ხშირად გაკვირვებულსაც კი დაგტოვებთ. მათ არ აქვთ საშუალება ჩვენამდე მოიტანონ თავისი ძალიან საინტერესო სამყარო და ეს მართლაც დასანანია...

P.S. ორიოდე წლის წინ რეჟისორმა მარი გულბიანმა უსინათლოებზე ფილმი გადაიღო: "ჰეი, კესანე, კესანე"... ახლაც თვალწინ მიდგას ამ ფილმის ბოლო კადრი: ჯოხით ხელში ფრთხილად მიდის მოხუცი. ლექსი კი, საიდანაც ფილმის სათაური ამოიღო რეჟისორმა უსინათლო პოეტს - ნუგზარ ბერაძეს ეკუთვნის:

"ჰეი, კესანე, კესანე,
მართლა რო შენი კვნესამე,
თქვენ წყვილ კელაპტრად ანთიხართ,
მე მარტო ვიწვი მესამე"...
ახლა მაინც ვისწავლოთ, რომ ბრალია უფლის სანთლის მარტოობაში ჩასაწველად მიტოვება...
დავითი
19 ივნისი 2010 22:22
თხოვნა გაზეთ კვირისპალიტრის რედაქტორს:

ძალიან გთხოვთ გაზეთ პრაიმტაიმის მსგავსად, გამოსცეთ ბრაილის შრიფტით თქვენი გაზეთი. ამით თქვენ ნამდვილად ხვთისნიერ საქმეს გააკეთებთ. თუნდაც მცირე ტირაჟით. უსინათლოები თქვენი გაზეთის ერთგული მკითხველები( უფრო სწორედ, მსმენელები არიან.მხედველ ახლობლებს აკითხებენ).მოგვანიჭეთ ეს სიამოვნება რომ სხისი დახმარების გარეშე წავიკითხოთ თქვენი გაზეთი.
იმედი გვაქვს რომ ჩვენს თხოვნას უყურადღებოდ არ დატოვებთ.

უსინათლოების სახელით და თხოვნით
დავითი
tite
16 ივნისი 2010 16:41
იქნებ, "კვირის პალიტრამ" შექმნას საქველმოქმედო ფონდი თავისი სახელით?
მას ისეთი შესანიშნავი ადამიანები ჰყავს, რომელთა ნდობა თვალდახუჭულად შეიძლება და ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას მისგან ინიცირებულ ქველმოქმედებაში.
ამით ოდნავ მაინც შევეშველებით თანამოძმეების უგაჭირვებულეს ფენას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?