"ბავშვს ჰაერი არ ჰყოფნიდა" - როგორია მოსწავლეების დაპირისპირებისას დაშავებული მოზარდის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

"ბავშვს ჰაერი არ ჰყოფნიდა" - როგორია მოსწავლეების დაპირისპირებისას დაშავებული მოზარდის მდგომარეობა?

რუსთავის 22-ე საჯარო სკოლის დირექტორის, ეკატერინე ცხვედაძის ინფორმაციით, დაპირისპირებისას დაზარალებული მოსწავლე უკვე სახლში იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ცხვედაძემ განუცხადა, მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა.

"ჩემი ინფორმაციით, შესვენებაზე, საკლასო ოთახში ერთმა ბავშვმა გაიარა მერხებს შორის და მეორეს ჩაარტყა ხელი. ეს დარტყმა იყო ცუდ ადგილას, როგორც ჩანს, ფილტვთან ახლოს. მანდატური დერეფანში იყო და როგორც კი დაუძახეს, რომ ბავშვს ჰაერი არ ჰყოფნიდა, მაშინვე მივიდა და პირველადი დახმარებაც კი აღმოუჩინა. ძალიან იაქტიურა მანდატურმა. ამის შემდეგ მან გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, პატრულიც იყო მოსული. გადაიყვანეს ბავშვი კლინიკაში, გაუკეთდა რენტგენი, რომ ყველაფერი გამორიცხულიყო. ვესაუბრე მშობელს და ბავშვი უკვე სახლშია. რენტგენმა კარგი პასუხი აჩვენა. ძალიან კარგი კლასია, ყველა აღიარებს, რომ არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, უბრალოდ ერთი დაარტყა და ცუდ ადგილას მოხვდა. პატრულიც მოვიდა, თუმცა არ იყო არანაირი კრიმინალი, შესაბამისად, მათი ჩარევა საჭირო არ გახდა. რაც მთავარია, ბავშვი კარგად არის. რაიმე საგანგაშოს ამას ვერ დავარქმევთ. თბილისში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ყველანი ძალიან დაძაბული ვართ. ათმაგად მეტი ყურადღებაა", - განაცხადა სკოლის დირექტორმა.

მანვე კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ დღის განმავლობაში სკოლის პერიმეტრს მუდმივად საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

"ინტერპრესნიუსი"