"ბავშვს ჰქონდა ქამარი, რომელზეც "კასტეტი" იყო ემბლემასავით გამოსახული" - რას ჰყვება რუსთავის სკოლის დირექტორი? - კვირის პალიტრა

"ბავშვს ჰქონდა ქამარი, რომელზეც "კასტეტი" იყო ემბლემასავით გამოსახული" - რას ჰყვება რუსთავის სკოლის დირექტორი?

რუსთავის #18-ე საჯარო სკოლის დირექტორის, ნატალია ჯავახიშვილის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მის სკოლაში მოსწავლეს აკრძალული ნივთი აღმოუჩინეს - ამის შესახებ ჯავახიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა და აღნიშნა, რომ მანდატურმა სხვა დროს მოსწავლეს ქამარზე "კასტეტი" აღმოუჩინა.

"ბავშვს ჰქონდა ქამარი, რომელზეც "კასტეტი" იყო ემბლემასავით გამოსახული. მაშინ გამოვიყენეთ ელექტროდეტექტორი. ეს იყო ერთი შემთხვევა, მსგავსი შემთხვევა სხვა დროს ჩემს სკოლაში არ ყოფილა. ბავშვი საპატრულო პოლიციამ გადაიყვანა და ახსნა-განმარტების ბარათი დააწერინა, ნივთი კი მშობელს დაუბრუნდა. სკოლა ამ შემთხვევაში ვალდებულია, რომ საკითხი დისციპლინურ კომიტეტს გადასცეს და დისციპლინურმა კომიტეტმა იმსჯელოს და გამოიყენოს სახდელი", - აცხადებს ჯავახიშვილი.

რაც შეეხება რუსთავის #18-ე საჯარო სკოლაში დღეს მომხდარ შემთხვევას, როდესაც მანდატურმა მე-10 კლასის მოსწავლეს ელექტროშოკის აპარატი აღმოუჩინა, ჯავახიშვილი აცხადებს, რომ მანდატურმა აკრძალული ნივთი სკოლის გარეთ, ეზოში შენიშნა. მისივე განცხადებით, ფაქტის შესახებ ეცნობა საპატრულო პოლიციას. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოსწავლემ აკრძალული ნივთი 80 ლარად ლილოს ბაზრობაზე შეიძინა.

იხილეთ ასევე: მორიგი დაპირისპირება სკოლის მოსწავლეებს შორის - ერთი მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი