"დიმა ჯაიანი ვერაფრით შეეგუა აფხაზეთის დაკარგვას, ამან მოკლა..." - კვირის პალიტრა

"დიმა ჯაიანი ვერაფრით შეეგუა აფხაზეთის დაკარგვას, ამან მოკლა..."

"იარაღით  ხელში იბრძოლა, როდესაც საქართველოს ერთიანობა იყო შესანარჩუნებელი"

მსახიობი დიმა ჯაიანი 67 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის თურქეთში დაიღუპა, სადაც სამკურნალოდ იყო ჩასული.

ის 1973 წლიდან იყო სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი.

მსახიობის გარდაცვალების გამო დიდ წუხილს გამოთქვამენ მისი კოლეგები...

კახი კავსაძე, მსახიობი:

- ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, ყველამ ვიცოდით მისი ავადმყოფობის შესახებ, მაგრამ იმედი გვქონდა, რომ ასეთ ძლიერ ადამიანს ავადმყოფობა ვერ მოერეოდა. ჩემი ავადმყოფობა დიდ ხანს გაგრძელდა, დიმა ჯაიანი, სამწუხაროდ, უცებ გამოგვეცალა ხელიდან... ყველაფერი მოქმედებს ადამიანზე და მასზეც იმოქმედა ამდენმა დარდმა! ძალიან დიდი დანაკლისია ქართული თეატრისთვის! არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ღირსეული კაცი და მეგობარი! თავდადებული არტისტი! ერთხელ მის თამადობას რომ ვუყურე, ვთქვი, როდესაც მოვკვდები, დიმა ჯაიანი უნდა იყოს ქელეხზე თამადა-მეთქი... რა გითხრათ, აბა, ძალიან მწყდება გული...

კირა ანდრონიკაშვილი, მსახიობი:

- ამ ცოტა ხნის წინ ვერაზე შემხვდა, ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ერთმანეთის ნახვით ისე გავიხარეთ, ბევრი ვისაუბრეთ... ასეთი სილამაზის ადამიანი იშვიათად მინახავს! მხოლოდ მისი თვალები რად ღირდა! წარმოუდგენლად დიდი ვაჟკაცი იყო, რომელმაც შეინარჩუნა თავისი ხიბლი და გამორჩეულად კარგი მსახიობი იყო. ძალიან კარგი მოქალაქე, ნამდვილი პატრიოტი! იმდენად აღელვებული ვარ, ვერაფერს ვამბობ...

იმედა კახიანი, მსახიობი:

- დიმა შესანიშნავი მსახიობი იყო და თეატრში თუ კი რამ გმირის როლი არსებობს, ყველა აქვს ნათამაშები. ძალიან კარგად ჩანდა თვითეული როლიდან მისი ნიჭი, არტისტობა! ყველაზე მთავარი - ქვეყნის სიყვარული! სამშობლოს სიყვარულს ის სიტყვით კი არა, საქმით გამოხატავდა! მისი თავდადება და ერთგულება ქვეყნის მიმართ მაშინვე გამოჩნდა, როგორც კი მის ქვეყანას დასჭირდა... აფხაზეთიდან ბოლოს წამოვიდა, თვითმფრინავს რომ ჩამოყვა ნაომარი და გაუბედურებული, იქვე დახვდა მერიის წარმომადგენელი, რომელმაც ოროთახიანი ბინის გასაღები გადასცა, დიმამ ეს გასაღები იქვე აჩუქა ქალს, რომელიც აფხაზეთიდან მოდიოდა, ქმარი მოუკლეს და პატარა ბავშვები მოჰყავდა. ამას ძალიან ცოტა ადამიანი თუ გააკეთებდა.

მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი:

- სრული მოულოდნელობაა ჩემთვის დიმა ჯაიანის ამ ქვეყნიდან წასვლა! ეს იყო ენერგიით სავსე და უნიჭიერესი პიროვნება! იარაღით  ხელში იბრძოლა, როდესაც საქართველოს ერთიანობა იყო შესანარჩუნებელი! ძალიან დიდია მისი როლი ქართულ თეატრში და ვერ წარმოიდგენთ რა დარტყმაა ეს ყველა ჩვენთაგანისთვის, ასეთი ახალგაზრდა სულის ადამიანის ამ ქვეყნიდან წასვლა!

ქეთი დოლიძე, რეჟისორი:

- 40 წელზე მეტია მე და დიმა ჯაიანი ვმეგობრობდით. მან ძალიან ბევრი ტკივილი გადაიტანა: აფხაზეთის დაკარგვა, ჭუბერი... პატრიოტიზმიც აღარ ჰქვია, რაც დიმას სჭირდა. ყოველდღე მოლოდინით გული ეწურებოდა, ვერაფრით ვერ შეეჩვია ამ უბედურებას, რასაც აფხაზეთის დაკარგვა ერქვა. ტკივილი არ ტოვებდა... ამან მოკლა...

ჩვენ უნდა გავიგოთ  ბოლოსდაბოლოს, რომ მხოლოდ დანა და ტყვია არ კლავს! ავადმყოფობაც მაშინ მოდის, როდესაც ადამიანი გაუსაძლის ტკივილს განიცდის. სნეულება დიდი დარდის და განცდის შედეგია!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)