ცის მზომელი მზის ბუდეები... - კვირის პალიტრა

ცის მზომელი მზის ბუდეები...

"უძველეს დროში კოსმოლოგიის შესახებ საქართველოში უმდიდრესი ინფორმაცია ჰქონდათ"

"ამერიკაში გავგზავნეთ გამოკვლევა - "ხალხურ კულტურებში არქეოასტრონომიული კვალი", რომელიც შევიდა კრებულში "Handbook of Archaeostronomy and Ethnoastronomy 2014" ("არქეოასტრონომია და ეთნოასტრონომია"). ეს წიგნი ძალიან ძვირი ღირს და ჩვენთან ვერ შეიძინეს. მასში ათი გვერდი საქართველოზეა", - ამბობს ეთნოლოგი გიორგი გიგაური. მან ქართველთა წეს-ჩვეულებაზე ბევრი საინტერესო რამ მოგვითხრო...

- ახლახან გამოვიდა ჩემი წიგნი "პიქტოგრაფიულ-ხაზოვანი დამწერლობის ნიშნები".

- ამ წიგნში ბევრი საინტერესო რამ არის... გვიამბეთ მზის ბუდეების შესახებ?

- მზის ბუდეების შესახებ პირველად გიორგი ჩიტაიას ჩანაწერებში ვნახე. ეთნოგრაფ სარა ბედუკაძესაც აქვს ინფორმაცია... ძველ საქართველოში იყო ხელობა, რომელსაც მემარგე ერქვა. შუა საუკუნეებში ყველა სოფელს ჰყავდა თითო მემარგე. სოფლის აღმოსავლეთით, მზის გულზე, მზის ბუდე იყო გაკეთებული, ანუ ქვის სვეტი იდგა, დაახლოებით მეტრ-ნახევარი სიმაღლისა, გარშემო წრეები ჰქონდა. წრის რადიუსი ორ მეტრამდე იყო... მზის ბუდეები დღესაც არის შემორჩენილი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მთიანეთში... მემარგე ადიოდა მზის ბუდესთან და მზის ამოსვლას აკვირდებოდა. ვიცით, რომ მზე მხოლოდ ერთი წერტილიდან არ ამოდის, ზამთარსა და ზაფხულში გადაინაცვლებს ხოლმე. მემარგე იმახსოვრებდა ჩრდილებს, ადარებდა მთვარის ჩრდილებსაც და სეზონის დადგომის დროს იგებდა. წინათ ხომ კალენდარი და საათები არ არსებობდა... ასევე იგებდა, ორი-სამი თვის განმავლობაში ხეობაში როგორი ნალექიანობა იქნებოდა.

მზის ბუდეები გულდასმით არის გამოსაკვლევი, ბევრს ის საკულტო ობიექტები ჰგონია, სინამდვილეში ხალხური ობსერვატორია იყო... სნოში მზის ბუდე ზღვის დონიდან 3000 მეტრზეა. იქ სპეციალურად ავედი 22 ივნისს (ზაფხულის ბუნიობა) და დავაკვირდი - მზის ბუდე, მყინვარწვერი და ცისკრის ვარსკვლავი ერთ ხაზზე იყო... ადრე იქ მეომრები ადიოდნენ მოსალოცადო, ამბობენ... ახალ წელს სამი დეკანოზი ადიოდა გერგეტზე, ერთმანეთთან ზურგშექცევით დასხდებოდნენ და ცას აკვირდებოდნენ. ამას "ასთვაგლახობა" ერქვა. სულხან-საბას ცნობით, ადრე ცისმზომელობისა და კოსმოლოგიის შესახებ საქართველოში უმდიდრესი ინფორმაცია ჰქონდათ. პიქტოგრაფიულ ნიშნებზე მუშაობისას, მასალის 80% კოსმოლოგიურია. მოკვლევა დავიწყე ენობრივ მონაცემებში და საოცარი სურათი გადაიშალა - ქართულ დიალექტებში 700-ზე მეტი ვარსკვლავისა და ცის სახელი ვიპოვეთ... დავიწყეთ სულხან-საბას ლექსიკონიდან სახელების ამოწერა, ასევე შევისწავლე ვახუშტი ბატონიშვილის, გიორგი ჩიტაიას ნაშრომები.

საქართველოში უძველეს დროში იცოდნენ, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არის ერთი ვარსკვლავი, რომლის არსებობა შემდეგ ტელესკოპით დაკვირვებამ დაადასტურა. ეს შეტყუპებული ვარსკვლავია. საიდან იცოდნენ ძველმა ქართველებმა ეს ყველაფერი? ცოდნა ან უცნობი ცივილიზაციიდან შემოვიდა, ან მითოლოგიურია... არსებობს კიდევ ერთი ვერსია: წმინდა ბერები გონებით იღებდნენ ინფორმაციას. Eმაგრამ ეს სხვა თემაა, რომელსაც კვანტურ ფიზიკამდე მივყავართ...

ემპირიული ცოდნა გამოცდილებიდან მოდიოდა და უძველეს დროში ქართველმა ხალხმა იცოდა, რა დროს რა უნდა ეჭამა, როდის რა უნდა დაეთესა, იყო სხვადასხვა რიტუალი... ვაგრძელებ პიქტოგრამების კვლევას, ძალიან მაინტერესებს რელიგიური ხაზი.

- საახალწლოდ როგორი რიტუალები ჰქონდათ?

- საახალწლო რიტუალები დღესაც არის შემორჩენილი ხევსურეთში, სვანეთში, რაჭაში... წელიწადს ერქვა დასაბამი. ოჯახის უფროსებს სალოცავში ლუდი და ქადის კვერები მიჰქონდათ, რომელიც დამშვენებული იყო წარწერებით და სიმბოლოებით. ხუცესი აკურთხებდა მათ მიტანილს და შინ დაბრუნებული ოჯახის უფროსი კარში კვერებს შემოაგორებდა...

- ახსენეთ, რომ უძველეს დროში ქართველებმა იცოდნენ, რა უნდა ეჭამათ, მაგრამ მეღვინეობაზე რა ინფორმაციაა?

- ახლა ყველა იმას ლაპარაკობს, რომ ქართული ღვინო 8000 წლისაა და ზედაშის კულტურას არავინ ახსენებს. ძალიან კარგია, რომ წიპწებიც აღმოჩნდა, ვაზის გამოსახულებიანი ჭურჭელიც, რომ ჩვენი მეღვინეობის პირველობაც აღიარეს, მაგრამ ზედაშეს კულტურას რატომ არ აღნიშნავენ?!

საზედაშე ყურძნის დაწურვა საგანგებო ქვევრში აუცილებლად სიმღერის (გალობის) თანხლებით ხდებოდა, ქვევრი კი იხსნებოდა ზუსტად მზებუდობას. სანთელს აკრავდნენ ქვევრის პირის აღმოსავლეთ მხარეს და თეთრსამოსიანი მოხუცი ქალები ამბობდნენ ნანაის (მთავარი ღვთაება, დიდი დედა) ლოცვებს ("იავ და ვარდო ნანაო, მოგვივლივ ბარაქანაო, იავ და ვარდო ნანაო, ნანაო, თაო ნანაო, იავ და ვარდო ნანაო"). შემდეგ მიწას აკოცებდნენ 9-ჯერ პირით აღმოსავლეთით. ქალები ქვევრთან ვერ მიდიოდნენ და წრედ იყვნენ შემოვლებული. ლოცვა-სიმღერების შემდეგ კი ღვინო ქვევრიდან თასებით ამოჰქონდათ ნამარხულევ ბერიკაცებს. მერე ზედაშეს ღვინო ნაწილ-ნაწილ სახლებში მიჰქონდათ და ინახავდნენ დღეობებისთვის. თითოეულ გვარს ჰქონდა გვარის ზედნაშენის დასალოცი და სპეციალური ქვევრიც. ზედაშეს ქვევრის თავზე სიმბოლოებს დასჭვრეთდნენ (ამოჰკვეთდნენ) ქვევრის ხელოსნები... პიქტოგრამების კვლევისას მივაკვლიე საზედაშე ქვევრებს ნეკრესში, საგარეჯოში, გურჯაანში, დედოფლისწყაროში, ქარელში, სენაკში... ზოგი ჩვენს წელთაღრიცხვამდელია, ზოგიც ჩვენი წელთაღრიცხვით დათარიღებული. ქვევრები იმსხვრეოდა, მაგრამ ნატეხები შემორჩენილია...

ქვევრები კი აღმოაჩინეს, მაგრამ სიმბოლოები შესასწავლია. ღვინო უბრალო კი არა, საღვთო სასმელი იყო... ყურძენი სიმღერით იკრიფებოდა, იწურებოდა, ქვევრის თავის ახდის დროსაც მღეროდნენ. ამ ყველაფერში დიდი ენერგია იდო. ღვინო საღვთო სასმელი გახლდათ. დღეს საზედაშე ღვინო ეკლესიაშია... დაახლოებით 8000 წლის წინ ადგილის დედის დალოცვა ასე ხდებოდა. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ზედაშეს კულტურა ეკლესიამაც გადაიტანა, სახელწოდება იგივე დარჩა. ყველა გვარს ჰქონდა თავის ზედაშე, ანუ ქვევრი...

ეთნოლოგიური ჩანაწერები, უძველესი ინფორმაციები ჩვენს უდიდეს ისტორიას ინახავს...

მანანა გაბრიჭიძე