"თამარ მეფის მრგვალი სახე მნათობებთან იყო გაიგივებული" - კვირის პალიტრა

"თამარ მეფის მრგვალი სახე მნათობებთან იყო გაიგივებული"

დაახლოებით ერთი წლის წინ, ვარძიის მიძინების ტაძარში შანდლიდან ანთებული სანთელი გადმოვარდა, ტაძარში გაფენილ ხალიჩას დაეცა და... მთელი ტაძრის უნიკალური XI-XII საუკუნეების ფრესკები დაიწვა. ეს კედლის მხატვრობა საკაცობრიო ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშად ითვლებოდა. ფრესკები და მათ შორის, თამარ მეფის უნიკალური ფრესკაც, სადაც მამასთან ერთად არის გამოსახული, იმდენად იყო გაშავებული, თითქმის არავის სჯეროდა, რომ საღებავების ფენა განადგურებული არ იყო. მის აღდგენას მხატვარ-რესტავრატორთა ჯგუფი თითქმის უიმედოდ შეუდგა. თუმცა, ერთი წლის შემდეგ, როცა ჭვარტლი მოაშორეს, ფრესკების მრავალსაუკუნოვანი შრეები გაცოცხლდა და სრული ბრწყინვალებით გამოანათა თამარ მეფის სახემ.

ასე გადაარჩინა თანამედროვე ქართველობამ დედოფლის სახე დაღუპვას, - მიუხედავად იმისა, რომ თამარის დიდებას საზღვარი არ ჰქონდა, მისი მხოლოდ ოთხი ფრესკაა შემონახული (ვარძიის, ბერთუბნის, ყინწვისის და ბეთანიის)... როცა ვარძიის ფრესკაზე დედოფლის პორტრეტი გამოჩნდა, კვლავ გაჩნდა კითხვა - ასეთი იყო თამარი? - პირმომრგვალო, სწორ წარბებიანი, წაგრძელებული, ირიბჭრილიანი თვალებით, სწორი ცხვირითა და პატარა პირით, თუ პორტრეტში ეპოქის მხატვრობის სტილმაც თავისი როლი შეასრულა.

მხატვარ-რესტავრატორი ნანა კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ ფრესკაზე თამარი გამოსახულია გათხოვებამდე: - ამ ფრესკებს მეცნიერები მუდამ სწავლობდნენ. წერენ, რომ ვარძიის ფრესკაზე თამარი გათხოვებამდეა გამოსახული, ამას მოწმობს ის, რომ დედოფლის თავსაბურავი შეკრული არ არის, მხრებზე ეშვება, თავსაბურავიდან კი მოკლე, ხვეული კულულები ჩანს. ესე იგი, ფრესკა 1185 წლამდეა შექმნილი. ბეთანიაში კი თამარს მანდილი შეკრული აქვს, თუმცა, როგორც ვარძიაში, აქაც ბიზანტიის იმპერატორთანაირი საზეიმო სამოსითაა შემოსილი. ლაშა-გიორგის კი მოკლე, წელში გამოყვანილი კოსტიუმი აცვია და ქამარი და ხმალი უკეთია. ეს ნიშნავს, რომ ლაშა-გიორგი ამ დროს უკვე მეფედ არის ნაკურთხი, ანუ 1207 წელი, ან შემდგომი პერიოდია. თამარი ამ დროს 47 წლის არის. ყინწვისის ფრესკაზეც თამარს გვერდით ლაშა-გიორგი უდგას, ოღონდ მას მხედრული კოსტიუმი მოსავს.

- სხვადასხვა დროს დახატულ პორტრეტებში თამარის სახე ფაქტობრივად არ განსხვავდება, მეფე მუდმივ ახალგაზრდობას ინარჩუნებდა?

- ფრესკაზე ასაკის გარჩევა მეტად ძნელია. ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ ამ ეპოქაში ასაკს სხვა დატვირთვა ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში, მეფეების ასაკი ამას გვიჩვენებს, - უფრო მცირე ხანს ცოცხლობდნენ, ვიდრე დღეს. მაგალითად, დავით აღმაშენებელი 52 წლისა გარდაიცვალა, თამარი - 53 წლის, ბაგრატ კურაპალატი 975 წელს დაიბადა, 1014 წელს კი გარდაიცვალა.…

- ხშირად ჩნდება კითხვა: მართლაც ისეთი სახე ჰქონდა თამარს, როგორც ფრესკებზეა, თუ ამ პორტრეტებში ასახულია რვა საუკუნის წინანდელი მხატვრობის სტილი, სადაც სახის მომრგვალება აუცილებელი იყო?

- თამარ მეფის სახე ოთხივე პორტრეტში მომრგვალო გახლავთ, რაც ადასტურებს, რომ ამ პორტრეტებში რეალობა აისახა; თუმცა არც ის გამოირიცხება, რომ ეპოქის მხატვრობის კვალი იყოს, რომელსაც თავისი ნიშნები შეჰქონდა. თამარის ეპოქისთვის დამახასიათებელი მომრგვალოსახიანი პორტრეტების შექმნის აქტუალურობას მრავალი ხელოვნებათმცოდნე ადასტურებს. მხატვარ ნაირა ცხომელიძის თქმით, ამის სრულყოფილი ნიმუშია 1118 წელს გამოცემული ქართული "ასტროლოგიური ტრაქტატი", სადაც ყველა პორტრეტი გადაჭარბებული მომრგვალებით არის შესრულებული.

- ეს რას ნიშნავდა, განსაკუთრებულ სილამაზეს, რომელიც ჩვენს ეპოქაში სილამაზედ აღარ აღიქმება?

- შესაძლოა, ასეც ვთქვათ, მაგრამ ეს გახლდათ ეპოქის მხატვრობაში დამკვიდრებული აღმოსავლური მიმდინარეობა, სადაც მრგვალი სახე, სავარაუდოდ, ასტრონომიულ მნათობებთან იყო გაიგივებული და ამაღლებული. ყველა შემთხვევაში ქედი უნდა მოვუდრიკოთ თამარის პორტრეტების შემქმნელთ, მათ ოსტატობას, რომ დიდებული მეფის სახება დღემდე მოვიდა და კიდევ მრავალ საუკუნეეს გაუძლებს.

ეთერ ერაძე