"ქართული კალენდარი ერთადერთია, რომელიც რეალობასთან მიახლოებულ თარიღს გვაძლევს" - რას ამბობს აშდოდის სენსაციური წარწერის აღმომჩენი?
"ქართული კალენდარი ერთადერთია, რომელიც რეალობასთან მიახლოებულ თარიღს გვაძლევს" - რას ამბობს აშდოდის სენსაციური წარწერის აღმომჩენი?
"მონასტერი VI საუკუნეშია აშენებული. ისმის კითხვა - საიდან გაჩნდა 292 წელი წარწერაში? როგორც ჩანს, გამოთვლილია ქართული კალენდრით, წელთაღრიცხვის განსაკუთრებული სისტემით, რომლის მიხედვით 292 წელი ქრისტეშობიდან 539 წელს ნიშნავს. იმ პერიოდში აშდოდში ათეულობით სხვადასხვა წელთაღრიცხვის სისტემა იყო, მაგრამ ქართული კალენდარი ერთადერთია, რომელიც ლოგიკურ თარიღს გვაძლევს. ეს კი ნიშნავს, რომ უძველესი პალესტინის ტერიტორიაზე ყველაზე ძველი ქართული მონასტერი აღმოვაჩინეთ და ასევე, ეს არის ქართული წელთაღრიცხვის სისტემის გამოყენების ყველაზე ადრეული შემთხვევა, უფრო ადრინდელი, ვიდრე
თავად საქართველოში დაიწყებდნენ ამ კალენდრით სარგებლობას"


სენსაციური აღმოჩენა თუ მედიააურზაური? ისრაელის ქალაქ აშდოდში არქეოლოგიური გათხრებისას, თელ-ავივისა და ლაიფციგის­ უნივერსიტეტების არქეოლოგების ჯგუფმა, აღმოაჩინა იატაკის მოზაიკა, რომელიც, სავარაუდოდ, VI საუკუნის ქართული ეკლესიისა უნდა იყოს. ქართულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, მოზაიკის წარწერაში ნათქვამია, რომ ეკლესია ქართველ ქრისტიანებს აუშენებიათ, თუმცა
საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებში ეს არ დასტურდება. აქცენტი კეთდება წელთაღრიცხვის განსაკუთრებულ სისტემაზე, რომელსაც ძველ საქართველოში იყენებდნენ. არის თუ არა აღმოჩენილი მოზაიკა იმის დასტური, რომ ეკლესია მართლაც ქართველებმა ააშენეს? "კვირის პალიტრა" აშდოდის გათხრების ხელმძღვანელს, არქეოლოგ ალექსანდრ ფანტალკინს ესაუბრა.

- სენსაციური, დაუჯერებელი, უნიკალური აღმოჩენა - ასეთი და მსგავსი სათა­ურებით იწერება მედიაში აშდოდში ჩატარებული გათხრების შესახებ. იქნებ ზუსტად გვითხრათ, რა აღმოაჩინეთ?

- ამ პერიმეტრზე გათხრებს 2013 წლიდან ვაწარმოებთ და უკვე რამდენიმე სენსაციური აღმოჩენის მომსწრეები ვართ. ამ ზაფხულს გადავწყვიტეთ ე.წ. ქვედა ქალაქი შეგვესწავლა - ლაპარაკია რომაულ-ადრებიზანტიური ხანის ქალაქზე, აშდოდ-იამზე, ან როგორც კლასიკური წყაროები უწოდებენ - აზოტოს პარალიოსზე, რომელიც იმ პერიოდში, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი იყო. შევარჩიეთ გათხრის პირველი წერტილი და პირველივე საცდელი გათხრებისას აღმოვაჩინეთ ულამაზესი, უნაკლოდ შენახული მოზაიკა. მალევე გავარკვიეთ, რომ ეს იყო რელიგიური კომპლექსი. მოზაიკას თან ახლავს ბერძნულ ენაზე შესრულებული წარწერები, რომელთაგანაც ერთ-ერთში ნათქვამია: "ღვთის წყალობით, ეს საქმე შესრულებულია წმინდა ეპისკოპოს პროკოფის ფულით, დიოსის თვეში, 292 წელს". ახლა კი გეტყვით, თუ რატომ არის ეს აღმოჩენა უნიკალურიცა და სენსაციურიც - მონასტერი, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, VI საუკუნეშია აშენებული. ისმის კითხვა - საიდან გაჩნდა 292 წელი წარწერაში? საქმე ისაა, რომ თარიღი, როგორც ჩანს, გამოთვლილია ქართული კალენდრით, წელთაღრიცხვის განსაკუთრებული სისტემით, რომლის მიხედვით 292 წელი ქრისტეშობიდან 539 წელს ნიშნავს. იმ პერიოდში აშდოდში ათეულობით სხვადასხვა წელთ­აღრიცხვის სისტემა იყო გავრცელებული, მაგრამ ქართული კალენდარი ერთადერთია, რომელიც ლოგიკურ, რეალობასთან მიახლოებულ თარიღს გვაძლევს. ეს კი ნიშნავს, რომ ისრაელის სანაპიროზე, უძველესი პალესტინის ტერიტორიაზე ყველაზე ძველი ქართული მონასტერი აღმოვაჩინეთ და ასევე, ესაა ქართული წელთაღრიცხვის სისტემის გამოყენების ყველაზე ადრეული შემთხვევა, უფრო ადრინდელი, ვიდრე თავად საქართველოში დაიწყებდნენ ამ კალენდრით სარგებლობას. მეტიც, ჩვენი წამყვანი ექსპერტი, ქალბატონი ლეა დი სეგნი ვარაუდობს, რომ ქართული წელთაღრიცხვის ეს სისტემა სწორედ პალესტინაში მოღვაწე ქართველმა ბერებმა შექმნეს...

- მთლიანი კომპლექსის გათხრა ჯერ არ დაგიმთავრებიათ. მსგავს აღმოჩენებს კიდევ უნდა ველოდოთ...

- ეჭვიც არ მეპარება, რომ წინ ამ მონასტერთან დაკავშირებული კიდევ არაერთი აღმოჩენა გველოდება. რაც ჩვენ გავთხარეთ, არქეოლოგების ენით რომ ვთქვათ, ზედაპირის მოფხაჭვნაა. რადარული ტექნოლოგიების გამოყენებით გეოარქეოლოგიური გამოძიებები ჩავატარეთ და დავრწმუნდით, რომ აქ მრავალოთახიანი არქიტექტურული კომპლექსია, რომლებთან ჯერ ახლოსაც არ მივსულვართ, მაგრამ აუცილებლად ვეცდებით, მთლიანად გავთხაროთ.

- არ მინდა ზედმეტი სკეპტიციზმი დამწამოთ, მაგრამ ვფიქრობ, ლოგიკური იქნება, თუ ვიკითხავთ - წარწერაში გამოყენებული ქართული წელთაღრიცხვის სისტემა რამდენად გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ ეს არის ქართული და ქართველების მიერ აშენებული მონასტერი?

- პირიქით, ძალიან კარგი შეკითხვაა. ჩვენ ვცადეთ ყველა სხვა ვერსია, რადგან ქართული წელთაღრიცხვის გამოყენების ვერსია თავიდან ნაკლებად დამაჯერებლად გვეჩვენებოდა. მაგრამ გამორიცხვის მეთოდით მივედით ამ დასკვნამდე. და თუ ეს მართლაც ქართული კალენდარია, მაშინ ერთადერთი ლოგიკური ახსნა ისაა, რომ მონასტერი სწორედ ქართველებმა ააშენეს.

ის, რომ წარწერები ბერძნულ ენაზეა შესრულებული, არაფერს ნიშნავს, რადგან იმდროინდელი ქართველი ბერები, სომეხი კოლეგებისგან განსხვავებით, აქტიურად იყენებდნენ ბერძნულ ენას მსგავსი მიზნებისათვის. კიდევ ერთი, დამატებითი არგუმენტი­ გახლავთ ის, რომ აშდოდ-იამში ცხოვრობდა ადრეული ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოღვაწე, ქართველი მეფისწული და ეპისკოპოსი პეტრე იბერი. ისტორიული წყაროებიდან დანამდვილებით ვიცით, რომ V საუკუნის II ნახევარში მან სწორედ აზოტოს-პარალიოსი აირჩია საცხოვრებლად და სამოღვაწეოდ. მონასტერი მისი სიკვდილის შემდეგაა აგებული. არ გამოვრიცხავ, ეს მონასტერი მის მიმდევარ ქართველებს სწორედ პეტრე იბერის ხსოვნის უკვდავსაყოფად აეშენებინათ. აშდოდ-იამში ცხოვრებისას მას შესთავაზეს ფუფუნებით სავსე ვილა, რომელზეც პეტრე იბერმა უარი თქვა და თვითონვე აიშენა საცხოვრისი ზღვის პირას. წერს - ზღვისპირას ავიშენე მოკრძალებული საკანიო... სწორედ აქ ქადაგებდა იგი და ხალხი მისი ქადაგების მოსასმენად ყველა კუთხიდან მოდიოდა.

- ანუ, მონასტერი აშენდა სწორედ იმ ადგილზე, "იმ მოკრძალებული საკნისთვის" პატივმისაგებად, საიდანაც პეტრე იბერი ქადაგებდა?

- ჩვენი აღმოჩენილი მონასტერი ძალიან ახლოსაა ზღვის ნაპირთან, სავარაუდოდ, ახლოსვეა იმ ადგილთანაც, სადაც პეტრე იბერმა სენაკი აიშენა და ხალხს უქადაგებდა. პეტრე იბერი, მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა წმინდანად, უსათუოდ მსოფლიო მასშტაბის ისტორიული ფიგურაა. დიახ, მან უარყო ქალკედონის კრება და იყო მონოფიზიტი, ის, დიდი ალბათობით, იყო პირველი ქართველი, რომელმაც მსოფლიო ისტორიის შექმნაში აქტიური მონაწილეობა მიიღო.

- დაბოლოს, რა მომავალი ექნება აღმოჩენილ მონასტერს.

- არქეოლოგიაში არასოდეს იცი, რას აღმოაჩენ მეორე დღეს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოესი წლების განმავლობაში გათხრებს გავაგრძელებთ და აღმოჩენილი კომპლექსი საინტერესო და მიმზიდველი გახდება პილიგრიმებისა და ტურისტებისთვის, რომლებიც წმინდა ადგილების მონახულებით იქნებიან დაინტერესებული.

ვაჟა თავბერიძე
ქეთევან ბაიაშვილი
19 მარტი 2018 14:04
მეტად სასიოვნო დასაამაყოა ასეთი სიახლე. მოუთმენლად ველი შემდგომ სიახლეებს, გისურვენთწარმატებებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
დღის კითხვადი სტატიები