"ამ ტრაგედიაში ყველას მიგვიძღვის ბრალი"
16-12-2017
"ამ ტრაგედიაში ყველას მიგვიძღვის ბრალი"
ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხ­ლიანი­ დაპირისპირების შემდეგ მრავალჯერ­ დავსვით კითხვა, როდის დავუშვით შეცდომა, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ოჯახს, საზოგადოებას, სკოლას, რომ ეს ტრაგედია არ მომხდარიყო.

"პატიება უნდა შეეძლოთ, ესაა ვაჟკაცობა"


მამუკა ჩარკვიანი, მომღერალი: -
ამ ტრაგედიაში ყველას მიგვიძღვის ბრალი. ყველამ თავისი­ როლი უნდა შეასრულოს - სკოლამ, ოჯახმა, საზოგადოებამ... ძველბიჭობა ლამაზ ფერებში რომ წარმო­უდგენიათ, ასე რომ არ არის, ეს შვილებსაც­ უნდა ავუხსნათ. ერთ-ერთს თორმეტი ჭრილობა აქვს მიყენებული. აქ შეიძლება აფექტიც გავიაზროთ, მაგრამ სანამ
დანას ამოიღებ, ხომ არა ხარ აფექტში,­ შე ოხერო?! სოციალური ქსელიდან იმდენი­ ნეგატივი მოდის, არ ვიცი... ჩემი შვილი აღარ მოიხმარს - აღარ მინდა, ცუდ ხასიათზე ვდგებიო. ნაკლები დრო კომპიუტერს! წიგნთან იმეგობრონ და უფრო მეტად რელიგიურები იყვნენ. პატიება უნდა შეეძლოთ, ბოდიშის"მოხდაც დიდი ვაჟკაცობაა. გარდატეხის ასაკში მამის როლი
მნიშვნელოვანია. მას უნდა ჰქონდეს იმხელა ავტორიტეტი, რომ შვილმა მოუსმინოს, დაუჯეროს.
ადრე სირცხვილი იყო დანის ხმარება, მუშტით ჩხუბობდნენ ბიჭები. ჯარიმა უნდა დაწესდეს დანის ტარებაზე.

"მანდატური დარაჯის მაგივრობას არ უნდა სწევდეს"


აჩიკო ნიჟარაძე, მომღერალი: -
მშობლებს შვილებისთვის დრო არ რჩებათ - ზოგი მუშაობს, ზოგი საზღვარგარეთაა. სკოლის შესასვლელში დეტექტორები უნდა დამონტაჟდეს, რათა ბავშვმა ვერ შეძლოს მობილურით ან დანით შესვლა. მობილურით ერთობიან და სწავლის ხარისხი ეცემა,­ ბავშვს არ უნდა მოუნდეს ვიდეოს გადაღება და შემდეგ მშობლისთვის ჩვენება, თუ როგორ უბრაზდება მასწავლებელი. კლასებში კამერები უნდა იყოს, რომელთაც მანდატურის სამსახური გააკონტროლებს. ასეთი სისტემა მასწავლებელსაც გააკონტროლებს და მოსწავლესაც. მანდატური დარაჯის მაგივრობას არ უნდა სწევდეს, თუ სკოლაში ვიღაცები ჩხუბობენ, გარეთ კი არ უნდა გაყაროს, სკოლაში უნდა შეიყვანოს და მშობლებს შეატყობინოს. თუ იმავეს გაიმეორებენ, ასეთი მოსწავლეები უნდა გაირიცხონ სკოლიდან. არ მინდა ჩვენი შვილები რომელიმე ბრმა გარჩევას ემსხვერპლონ. რომ მივუშვით, დაჟლიტეს ერთმანეთი.­

"15 წლის ვიყავი, რომ დამჭრეს"


გიორგი გურგულია, მსახიობი: -
15 წლის ვიყავი, რომ დამჭრეს, ჩემ წინ ექვსჯერ დაარტყეს ბიჭს დანა, ის გამოვათრიე და მერე მე მომივიდა კონფლიქტი, მეც დამჭრეს. დედაქალაქი ყოველთვის მაგალითის მიმცემი იყო სხვა ქალაქებისთვის. ადრე მკვლელობა­ თითქმის არ ხდებოდა თბილისში. ერთი ლადო ქოქიაშვილის ამბავი იყო და მეორე - ასტამურ აჩბასი. ჩემს თაობაში ყოველი­ მეორე მოკლეს, ხოლო ვინც გადარჩა, ნახევარი ნარკოტიკს შეეწირა, ნახევარი - ავარიას. ჩემი თაობის­ კაცები, ვისაც უნდა აღეზარდა ახალი თაობა, გაწყდნენ. ამის შემდეგ წინა მთავრობამ 20-დან 40 წლამდე ბიჭები, ვისაც უნდა ემრავლებინა ერი, ციხეში გამოკეტა. ის რეჟიმია­ მიზეზი იმისა, რაც ახლა ხდება. უწინ ბავშვი დაკავებული იყო, წრეზე დადიოდა. ახლა დროის დიდ ნაწილს კომპიუტერთან ატარებენ, ნებისმიერი თამაში კი დატვირთულია სისხლითა და მკვლელობით.

"სკოლიდან იმის გამო წამოვედი, რომ მანდატურმა დამიწერა ოქმი"


ნიკა წულუკიძე, თეატრმცოდნე:
- 10 წელი ვმუშაობდი სკოლაში პედაგო­გად. ურთულესი პროფესიაა. თუ ელოდები, როდის გავა 45 წუთი, რომ გამოხვიდე­ კლასიდან, შენი ადგილი სკოლაში არ არის. სკოლიდან იმის გამო წამოვედი, რომ მანდატურმა დამიწერა ოქმი. როგორც თეატრის ისტორიის პედაგოგს, ჩემი კლასი მიმყავდა "მოხუცი ჯამბაზების"­ რეპეტიციებზე. გოგონებს გადავუხადე ფული, რათა ტაქსით მოსულიყვნენ. ვაჟები საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოდიოდნენ და ამ დროს მანდატური მირეკავს, როგორ გაიყვანე ბავშვები სკოლის გარეთო."სკოლაში მისვლისთანავე საქმე გამირჩია. პედაგოგები ამბობდნენ, ეს რა შიში დანერგესო. მივხვდი, ჩემი ადგილი იქ არ იყო.
უფრო ხშირად რომ იარონ ბავშვებმა თეატრში, სწორ ფასეულობებზე ორიენტირებული ახალგაზრდობა გვეყოლება.

"ორივე მხარემ უნდა დათმოს და გაითავისოს, რომ ერთმანეთს ასე სასტიკად არ უნდა მოვექცეთ"


ავთანდილ ჭრიკიშვილი, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ძიუდოში: -
მოზა­რდები თანატოლებს სხვანაირად უნდა მიუდგნენ. ისე კი არა, თუ რამე არ მოგ­ეწონება, აუცილებლად პასუხი გასცე. ცუდად იქცევა? შენ მოექეცი კარგად და პრობლემაც მოგვარდება. ისიც მიხვდება, რომ არასწორად მოიქცა... შესაძლოა ვიღაცას ცუდი დღე ჰქონდა, ვინმემ აწყენინა და გაღიზიანებულია, მაგრამ შენც თუ საჩხუბრად იქნები მომართული და ყოველ სიტყვაზე გამოეკიდები, რა გამოვა?! ორივე მხარემ უნდა დათმოს და გაითავისოს, რომ ქართველები ვართ და ერთმანეთს ასე სასტიკად არ უნდა მოვექცეთ. ელემენტარულ რაღაცებზე ჩხუბი და მით უმეტეს, ასეთი სისასტიკე, დაუშვებელია...
მოზარდები სწავლით და სპორტით მაქსიმალურად უნდა იყვნენ დაკავებული და ქუჩისთვის დრო აღარ რჩებოდეთ, მაგრამ ახალგაზრდას თუ უხეშობისკენ აქვს მიდრეკილება და ერთ სიტყვასაც არავის შეარჩენს, მაინც გამონახავს დროს სამაგიეროს გადასახდელად. არა მგონია, ეს ბიჭები უსაქმურები ყოფილიყვნენ, მიზეზები, ალბათ, სხვაგან უნდა ვეძებოთ...

"აუცილებელია რელიგიური განათლება, ღვთის შიში და სიყვარული, რათა მიტევებაც ვისწავლოთ"

მანუჩარ მარკოიშვილი, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი: - ძალიან მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი და დანამდვილებით იმის თქმა, რისი ბრალია ეს ყველაფერი! ფაქტია, რომ უდიდესი ტრაგედია მოხდა... პირველ რიგში, მშობლის ვალდებულებაა, მისი შვილი რაც შეიძლება მეტად იყოს დაკავებული განათლებით, სპორტით და ა.შ. მოზარდს ნაკლები დრო უნდა რჩებოდეს ქუჩისთვის... ჩემი აზრით, აუცილებელია რელიგიური განათლება, ღვთის შიში და სიყვარული, რათა სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად, მიტევებაც ვისწავლოთ და ასეთი ტრაგედიები აღარ მოხდება.

"დღეს მანდატურები ისე იქცევიან, თითქოს არაფერი ეხებათ"


ირინა ტაბუცაძე, ფსიქოლოგი:
- ეს ბავშვები ტრავმირებული თაობის შვილები არიან. რაც 90-იან წლებში გადავიტანეთ, ის ტრავმა შინაგანად მაინც დაგვაქვს და ასეთი თაობა ვერ გაზრდიდა ლაღ და ბედნიერ ბავშვებს. შემდეგ სწრაფი ნახტომებით წავედით წინ და რეალობას ვერ მოვერგეთ...

ამასთან, რას გვთავაზობს დღევანდელი­ სკოლა? - უინტერესო პროგრამას, ასეთივე სახელმძღვანელოებს. პედაგოგებიც ვერ არიან იმ სიმაღლეზე, რომ თანამედროვე ბავშვის ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილონ. მათ არ იციან ის, რაც იციან ბავშვებმა თუნდაც ინტერნეტით. ამას გარდა, გაუქმდა წრეები, რომლებიც­ წინათ უფასო იყო. თუ სკოლა მოტივაციას ვერ უქმნის, მაშინ შესთავაზოს ბავშვს­ საინტერესო სამყარო, სადაც ისწავლის ახალს. თანამედროვე სკოლაში ბავშვი ბედნიერი არ არის.

ფსიქოლოგები იყენებენ ტერმინს "დევ­იაცია", რაც ნიშნავს საზოგადოებაში არსებული ნორმების უგულებელყოფას. დე­ვიანტური ქცევა ჩნდება მაშინ, როცა მიზნებს დაუშვებელი, მაგ­რამ ეფექტური ფორმით აღწევ. მოზარდებში, შესაძლოა, ეს იყოს ნარკოტ­იკის მოხმარება, სიგარეტი, ნაადრევი სექსუალური ცხოვრება. ამის პრევენციის ყველაზე ეფექტური გზა არის მოზარდების ჩართულობა საინტერესო საქმიანობაში. ამ ასაკში თვითშეფასება მყარი არ არის, არც ღირებულებებს აღიქვამენ სწორად. ამ დროს თანატოლის აზრია მნიშვნელოვანი და თუ წრეც მორღვეული ღირებულებების შეხვდა, მძიმე მდგომარეობამდე მივდივართ.
მანდატურის ინსტიტუტს თავიდან სკეპტიკურად შევხვდი, თუმცა ბევრ სკოლაში გაამართლა. მხოლოდ ბავშვს კი არა, პედაგოგსაც აკონტროლებდნენ, დღეს კი მანდატურები ისე იქცევიან, თითქოს არაფერი ეხებათ. მეგობარმა მიამბო,­ გაკვეთილების დროს ბავშვი რომ გად­იოდა­ სკოლ­იდან და ვეჩხუბე, მანდატურმა­ უთხრა,"მე კი გიშვებ, ძმაო, მაგ­რამ ეს არ გიშვებსო. ასე, ძველბიჭურად აუხსნა, გამიგეო...
მასმედიაც, სოციალური ქსელებიც სარკესავით ირეკლავს ვითარებას. ­ხელი გავიშვიროთ ჟურნალისტებისკენ, რა საშინელებებს­ აშუქებენ, ჩვენ ასე არ ვცხოვრობთო... მაგრამ ეს სირაქლემის პოზაში ყოფნაა.

ამ ტრაგედიის შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაცია წავიკითხე. ყველაზე­ საინტერესო ამ ბიჭების თანატოლების აზრი იყო, რამაც თვალი ამიხილა. თურმე დღეს სკოლებში სულ სხვა რეალობაა: ე.წ. ობშიაკისთვის ფულის შეგროვება თურმე ნორმაა ბევრ სკოლაში. ამას წინათ გავიგე, რომ მე-6-7-კლასელი ბავშვები ნარკოტიკებზე ლაპარაკობდნენ - როგორ მოიტანს ერთის მამა და როგორ გაასინჯებს მეორისას...
უპირველესად მანდატურის ინსტიტუტის აღდგენაა საჭირო, კონტროლია გასამკაცრებელი, რომ ამ აგრესიის ტალღა კალაპოტში მოექცეს, მერე კი ყველაფერს სჭირდება ანალიზი, ახსნა, მით უმეტეს მოზარდებთან. სკოლაში უნდა შევიდნენ ფსიქოლოგები, ჩატარდეს საინფორმაციო შეხვედრები. მომავალში კი ამ ბავშვების დაინტერესება უნდა მოხერხდეს. ბავშვი უნდა აკეთებდეს იმ საქმეს, რომელიც მას სიხარულს, ბედნიერებას მიანიჭებს.

დღევანდელი სიტუაციიდან გამოსავალი უფრო ადვილი მოსაძებნია, ვიდრე 90-იან წლებში იყო - საჭიროა სპეციალისტების­ ჩართვა. იყო დრო, დანის ტარება აიკრძალა და ვერც ვერავინ ბედავდა, მაშასადამე, ამის მიღწევა ისევ შეიძლება. მაშინ პატრული არ მდგარა სკოლებში, მანდატურებმა მოაგვარეს ყველაფერი და თუ ერთხელ შევძელით, მეორედაც შევძლებთ.

ეკა სალაღაია,
რატი შელეგია
G.A.L.
18 დეკემბერი 2017 10:46
sabWota kavSiris droindeli gamatlebis sistema, saskolo saxelmZRvaneloebi, Wesrigi da bevri sxva ram sauketeso iyo mtel msoflioSi. ukeTesi dRemde aravis Seuqmnia. dasfiqrebelia, iqneb ZvelTan dabruneba sjobdes?!
მარიამი
18 დეკემბერი 2017 10:12
ა უ ც ი ლ ე ბ ე ლ ი ა მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგიური განათლება,რაც გამოიხატება ბიბლიის გააზრებულ წაკითხვაში.საბედნიეროდ,ადამიანი ღმერთმა შექმნა თავის ხატად და მსგავსად,ამიტომ ამბობს უფალი:"ჩემსა გარეშე არა ძალგიძთ ყოფად ა რ ც ა ე რ თ ი."ნუ შეგეშინდებათ, რომ ვერ გაიგებთ,თავად ღმერთი შეგეწევათ,რომ იმდენი გაიგოთ,რამდენსაც იმ ეტაპზე დაიტევთ,კიდევ და კიდევ წაკითხვაში უფრო მეტ მაცოცხლებელს გაიგებთ.როგორ შეიძლება ადამიანური სწავლებები აღემატებოდეს ადამიანის შემქმნელი ღმერთის სწავლებებს. "შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ,შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა "–გვასწავლის ბიბლია,რომელიც არის ღმერთის ს ი ტ ყ ვ ა.ბიბლია შედგება ძველი აღთქმისაგან, ახალი აღთქმისაგან,ანუ სახარებისაგან და ფსალმუნებისაგან. გინდათ გახარება?–წაიკითხეთ სახარება,ოღონდ თავმდაბლურად,ღმერთს სიამაყე არ უყვარს.
ლალუკა
18 დეკემბერი 2017 09:56
საშინლად ძვირი ფასებია ყველა მიმართულებით, სპორტი, მუსიკა, ცურვა, ვაკის საცურაო აუზზე მთელი სტუდენტობა დადიოდა, ბენდუქიძემ და იმ მტავრობამ შეჭამა, ახლა ფულიანი ბებრუხანა ქალების გასართობი და საჭორაო ცენტრია. სად წავიდეს ახალგაზრდა, ჩემი შვილი სტუდენტია და ერთი ნორმალური ადგილი არ არის თბილისში სადმე გაერთოს, ველოსიპედი იყიდა და ეს არის მისი გართობაც და გასეირნებაც.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები