ოთახში დამარხული ქალის საიდუმლო ბურთმა გაამჟღავნა
ოთახში დამარხული ქალის საიდუმლო ბურთმა გაამჟღავნა
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში, ჯამალაშვილების საცხოვრებელ ბინაში, თანასოფლელმა ბავშვებმა, აყრილი იატაკის ქვეშ, დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანის გვამი იპოვეს. მცირეწლოვანი ბავშვები ოთახში მას შემდეგ აღმოჩნდნენ, რაც ქუჩაში თამაშის დროს ბურთმა ფანჯარა შეამტვრია და იმ ოთახში დაეცა, სადაც დანაშაულის დაფარვის მიზნით ადამიანი იატაკის ქვეშ დამარხეს...

შემთხვევა 2004 წლის შემოდგომაზე მოხდა, თვითმხილველებმა დაუყოვნებლივ დედოფლისწყაროს პოლიციას აცნობეს. ვინაიდან ხსენებული ბინა დიდი ხნის მიტოვებული იყო და მისი მეპატრონე ქალბატონიც მოულოდნელად სოფლიდან გაიხიზნა, პოლიციამ ეჭვი
იმთავითვე ნანა ჯამალაშვილზე მიიტანა და მისი ძებნა დაიწყო. სისხლის სამართლის საქმეს დედოფლისწყაროს პროკურატურა და გამომძიებელი დავით დუღაშვილი იძიებდა. გაირკვა, რომ გვამი რამდენიმე წლის წინ გაუჩინარებულ ქალბატონს, ლაგოდეხში მცხოვრებ ირინა მჭედლიძეს ეკუთვნოდა.

როგორც ცნობილია, საქართველოში სამოქალაქო ომის შემდეგ მოსახლეობა საყოველთაო სიდუხჭირემ მოიცვა, რის გამოც ქვეყანაში უმართავი
პროცესები წავიდა. 90-იან წლებში ძალიან გამწვავდა კრიმინოგენური ვითარება. ძარცვა-გლეჯა და ახლობლების დაყაჩაღებაც კი ჩვეულ მოვლენად აღიქმებოდა. ყველაფერთან ერთად ქვეყანაში საკვების დეფიციტიც შეიქმნა. ხელისუფლება მოსახლეობას პურითაც ვერ აკმაყოფილებდა, რის გამოც დაცარიელებულ მაღაზიებთან დილიდანვე უშველებელი რიგები იდგა. ამ წლებში, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, თავის გადარჩენა ვაჭრობით მოახერხა. განათლებული ადამიანებიც აღარ თაკილობდნენ დახლთან დგომას თუ საოჯახო საქონელის გასაყიდად ქუჩა-ქუჩა სიარულს.

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ვარდისუბანში მცხოვრები ირინა მჭედლიძეც გართულებულმა ცხოვრებამ აიძულა ქუჩაში გასულიყო და ოჯახი ვაჭრობით ერჩინა. გამოძიების მასალების მიხედვით, სხვადასხვა საქონლითა თუ ტანსაცმლით სავსე ჩანთებით ხელში ირინა მჭედლიძე პერიოდულად კახეთის სხვადასხვა რაიონებს სტუმრობდა.

ერთ მშვენიერ დღეს მჭედლიძე სახლიდან ჩვეულებისამებრ სავაჭროდ გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. როგორც მჭედლიძის ახლობლები აცხადებენ, იგი არც დროსტარებას იკლებდა, რის გამოც მისი გაქრობა არავის გაჰკვირვებია და წლობით გაუჩინარებული ქალბატონი არც საკუთარ ოჯახს მოუკითხია.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, უკანასკნელად ის დედოფლისწყაროს ეწვია. ირინა მჭედლიძე ბოლოს სოფელ არბოშიკში ნანა ჯამალაშვილის ბინასთან შენიშნეს. როგორც არბოშიკის მაცხოვრებლები ამბობენ, მჭედლიძეს მათ სოფელში შემოაღამდა და ჯამალაშვილს, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობდა, ღამის გათევა სთხოვა. ამის შემდეგ ირინა აღარავის უნახავს. ჯამალაშვილის მეზობლები გაზეთ „ქიზიყთან“ საუბრისას იხსენებენ, რომ იმ დღეს მჭედლიძეს ნავაჭრ ფულთან ერთად, მოსახლეობიდან მოგროვებული ე.წ. ნისიების თანხაც ჰქონდა, რაც ჯამში საკმაოდ სოლიდურ თანხას შეადგენდა. ახლობლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მკვლელობა და გვამის გაუჩინარება სწორედ ძარცვის მიზნით მომხდარიყო.

დედოფლისწყაროს რაიონული პოლიციის იმჟამინდელ უფროსი ლევან შანშიაშვილი არ მალავს, რომ იმხანად რაიონში გამეფებული მძიმე კრიმინოგენური ვითარება, არაერთხელ გატარებულმა ოპერატიულმა ღონისძიებებმაც ვერ გამოასწორა: “ამ დროს დედოფლისწყაროს მთელ რიგ სოფლებში საკმაოდ მძიმე კრიმინოგენური ვითარება იყო. სამწუხაროდ, ვითარების გამოსწორება ვერ შევძელით. პოლიციის არაერთი მაღალჩინოსანი არაეფექტური მუშაობის გამო სავარძელს გამოეთხოვა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ლაგოდეხელი ირინა მჭედლიძე ვაჭრობდა და მუდმივად ფულთან ჰქონდა საქმე. ამიტომაც, ერთ-ერთ ვერსიად, იმთავითვე, ძარცვის მიზნით ჩადენილი მკვლელობა მუშავდებოდა. მით უფრო იმ ფონზე, რომ გარდაცვლილი თავაშვებულ ცხოვრებას ეწეოდა. საყურადღებოა, რომ მკვლელობის მეორე დღესვე ბინის მეპატრონე ქალბატონი ნანა ჯამალაშვილი სოფლიდან რუსთავში გადაბარგდა.” - აღნიშნავს პოლიციის ყოფილი უფროსი.

როგორც პროკურატურის გამომძიებლები აცხადებენ, ძიებამ დაადგინა, რომ ღამის გასათევად შესული სტუმარი მასპინძელმა ჯამალაშვილმა სასმელით გამოათრო. ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფებს კი შეკამათება მოუხდათ. ამის შემდეგ ჯამალაშვილმა სტუმარი გაურკვეველ ვითარებაში მოკლა.
განაგრძეთ კითხვა
j.ch.
11 დეკემბერი 2017 17:02
ქართულათ კი არა ქართულად.
ნონა
11 დეკემბერი 2017 13:05
რას ამბობთ, მაგას როგორ დავიჯერებ! რაც ჩვენ იმ წლებში დედოფლისწყაროში ტანჯვა გამოვიარეთ.... უპატრონოთა შორის ყველაზე უპატრონო იყო დედოფლისწყარო, მთელი ღამეები შიშით არ გვეძინა, თუმცა, სამაგიეროდ "დამოუკიდებლები" ვიყავით. ჭირივით ვეღარ ვიტან ამ სიტყვას.
am59
11 დეკემბერი 2017 12:51
''დეფიციტი, პერიოდულად, სოლიდური, ...'' ქართულათ როდის დაიწყებთ წერას,

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?