პირაქეთა ხევსურეთის 38 სოფელი სკოლის გარეშე რჩება?!
11-12-2017
პირაქეთა ხევსურეთის 38 სოფელი სკოლის გარეშე რჩება?!
"მშენებლებმა სასწრაფოდ შემოზიდეს სამშენებლო მასალები, გამართეს ხარაჩოები, ჩამოფხიკეს ჭერი და კედლები, აყარეს ძველი იატაკი, სპორტდარბაზის დაბათქაშებაც­ დაიწყეს და უცებ გაჩერდნენ, - სპორტდარბაზის უკანა კედელი იშლება და საერთოდ, სკოლა დასანგრევიაო. მიატოვეს ყველაფერი და გაიკრიფნენ. ასე დარჩა სკოლა გამოშიგნული, ეზო კი სამშენებლო ნაგვით სავსე"

ხევსურეთიდან გამოგზავნილი ეს წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მძიმე დღეში აგდებს ადამიანებს არაკომპეტენტური გადაწყვეტილებები. საქმე ბარისახოს ისტორიულ სკოლა-ინტერნატს ეხება,­ რამაც მთელი პირაქეთა ხევსურეთი ააფორიაქა. სკოლაში ამ მხარის რამდენიმე
სოფლის ბავშვი სწავლობს და ცხოვრობს. სკოლის შენა­რჩუნება ამ სოფლების გადასარჩენად აუცილებელია.

"სოფელ ბარისახოში ვცხოვრობ, - გვწერს ბარისახოს სკოლა-ინტერნატის თანამშრომელი, - წლების წინ მეც აქ ვსწავლობდი. სკოლას რომ გაუჭირდა (დაზიანდა იატაკი, სპორტული დარბაზი, საკლასო­ ოთახები, ტუალეტი...), სკოლის ადრინდელ უფროსს ვუთხარი, - იქნებ გაგვეხმაურებინა ეს ამბავი-მეთქი. ქვა
ააგდო და თავი შეუშვირა, - მომხსნიანო. მოგვიანებით სკოლას სახურავი გამოუცვალეს და რამდენიმე ოთახიც შეაკეთეს, მაგრამ კვლავ მძიმე მდგომარეობაში დარჩა. წელს, ლამის შუა სასწავლო წელში სამშენებლო კომპანია გამოჩნდა და რემონტის დაწყება გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესში რემონტის ჩატარება მთლად გონივრული არ გახლავთ, ეს ამბავი მეც სხვებთან ერთად გამიხარდა: ჩვენი ბავშვები ადამიანურ სკოლას ეღირსებიან, ხევსურულ მძიმე ზამთარში 200 მეტრით დაშორებულ ტუალეტშიც აღარ მოუწევთ სიარული-მეთქი. მშენებლებმა სასწრაფოდ შემოზიდეს სამშენებლო მასალები, გამართეს ხარაჩოები, ჩამოფხიკეს ჭერი და კედლები, აყარეს ძველი იატაკი, სპორტდარბაზის დაბათქაშებაც დაიწყეს და უცებ გაჩერდნენ, - სპორტდარბაზის უკანა კედელი იშლება და საერთოდ, სკოლა დასანგრევიაო. მიატოვეს ყველაფერი და გაიკრიფნენ. ასე დარჩა სკოლა შიგნიდან და გარედან გამოშიგნული, საკლასო ოთახების გარეშე და ეზო - სამშენებლო ნაგვით სავსე.­

ბარისახოს სკოლა, მართალია, დაცოტავებული, სანახევროდ დაცარიელებულია, მაგრამ მასზე მაინც მთელი პირაქეთა ხევსურეთია ჩამოკიდებული. ამ მხარემ ზუსტი პასუხი უნდა იცოდეს, რა მოელის ამ სკოლას! რეალურად მას დასანგრევი არაფერი სჭირს, - ბარისახოელებმა მაინც ვიცით, რომ ისეთი მასალით და პროფესიონალიზმით არის აშენებული, რომ კიდევ მრავალ მეხთატეხას გაუძლებს - ე.წ. სტალინის დროინდელი არქიტექტურით, რომელიც მთელ საქართველოში სიმყარით გამოირჩევა. ამის შემოწმებას არც ბინოკლი სჭირდება და არც სამხარაულის ბიურო, ამას მშენებლობაში გაუცნობიერებელი­ კაციც კი ადვილად მიხვდება. შენობას ნამუსიანად გამაგრება სჭირდება და მეტი არაფერი! ბატონებო, იქნებ გვითხრათ, რას უპირებთ ან ამ სკოლას, ან ბავშვებს, რომლებმაც არ იციან, ხვალ მათ სკოლას რა ელის, ჩვენც ჩაგვთვალეთ ადამიანებად და გაგვარკვიეთ!"

"უკვე გადავრიცხეთ სკოლის ახლოს დამხმარე ნაგებობის სარეაბილიტაციო თანხა. სკოლის აღდგენამდე ბავშვები აქ ისწავლიან"


წერილის აქტუალურობის გამო პასუხი განათლების სამინისტროს ვთხოვეთ, - მოგეხსენებათ, სკოლების სარემონტო სამუშაოების ბედი სწორედ აქ წყდება.
- ბარისახოს სკოლა მართლაც სტრატეგიული მნიშვნელობისაა და სწორედ ამიტომაც გამოცხადდა ტენდერი მის რემონტზე, - გვითხრა სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს დირექტორმა გიორგი თინაძემ, - დავიწყეთ სამუშაო, გამოვცვალეთ სანკვანძები, კარ-ფანჯრები და როცა საძირკველს მივადექით, აღმოჩნდა, რომ სპორტული დარბაზის კედელი გასამაგრებელი იყო. შევაჩერეთ მუშაობა და მივმართეთ სამხარაულის ბიუროს, რომ დაწვრილებით გამოეკვლია ნაგებობის მდგომარეობა, რათა შემდგომ შეგვექმნა ნაგებობის გამაგრების პროექტი.

- ადგილობრივების თქმით, მშენებლებმა განაცხადეს, სკოლა დასანგრევიაო და იქაურობა მიატოვეს. საკლასო ოთახებში იატაკი აყრილია, სკოლის გარშემო კი ნაგვის გროვები. მოსახლეობა ძალიან წუხს, - ეს ხალხი სკოლასთან მომავალს აკავშირებს.

- შესაძლებელია, რომელიღაც მშენებელმა მართლაც უთხრა იქაურებს, სკოლა დასანგრევიაო, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. ამიტომაც ვთხოვეთ სამხარაულის ბიუროს გამოკვლევა.

- ნუთუ არ შეიძლებოდა, ადგილობრივ მოსახლეობას სცოდნოდა, რა ხდება, ისინი ამას იმსახურებენ!

- ჩვენთვის არ მოუმართავთ, თორემ გავარკვევდით. სკოლის აღსადგენად მუშაობის განახლებას გაზაფხულიდან ვაპირებთ, როგორც კი სამხარაულის ბიუროს კვლევებით სკოლის გამაგრების პროექტს შევიმუშავებთ.

- სასწავლო პროცესის დროს რემონტის დაწყებამ სკოლაში პრობლემები შექმნა, როგორ უნდა აღდგეს აქ სრულფასოვანი სასწავლო პროცესი?

- ჩვენ უკვე გადავრიცხეთ სკოლის Aახლოს დამხმარე ნაგებობის სარეაბილიტაციო თანხა. სკოლის აღდგენამდე ბავშვები აქ ისწავლიან, - გვითხრა ბატონმა გიორგიმ, რასაც ალბათ ბარისახოელები პირობად მიიღებენ. იმედი გვაქვს, ეს პირობა შესრულდება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით