რა ვითარებაა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ციხეებში - კვირის პალიტრა

რა ვითარებაა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ციხეებში

300-ზე მეტმა პატიმარმა, მათ შორის ქართველებმა, დრანდის ციხეში მასობრივი ბუნტი დაიწყეს და რამდენიმე საათით ციხეზე კონტროლი დაამყარეს

"ტყვარჩელში აფხაზი დეიდაშვილი გარდამეცვალა, ერთად გაზრდილები ვიყავით. დაკრძალვაზე ესპანეთიდან ჩამოვედი და ენგურის ხიდთან ნათესავებს შევუერთდი, ტყვარჩელში ვაპირებდით გადასვლას. გარდაცვლილის ახლობელი ახლა აფხაზეთში "გენერალია" და მეგონა, ჩემს უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, მაგრამ ენგურს იქიდან შემომითვალა, ვერ დაგიცავო... კიდევ კარგი, გამაფრთხილა, ბევრი გადასული დააკავეს და დღემდე პატიმრობაში არიან", - იხსენებს ოჩამჩირელი მირიან აკიშბაია.

ოკუპირებული ტერიტორიების ციხეებში არაერთი ქართველი ტყვე და უკანონო პატიმარია. რამდენიმე დღის წინ, 18-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ცხინვალის იზოლატორი გორის რაიონის სოფელ დისევის მცხოვრებმა გიორგი გიუნაშვილმა დატოვა.

ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ცნობით, დაკავებული ჯერ დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელს გადასცეს, შემდეგ კი აფხაზ მოქალაქეზე გაცვალეს. ამ ინფორმაციას ქართული მხარე არ ადასტურებს, თუმცა რუსული და აფხაზური მედია წერს ბოლო აფხაზი პატიმრის გათავისუფლებაზეც, რომელიც თბილისის ციხეში იხდიდა სასჯელს.

გიუნაშვილის თქმით, ეს მისთვის მოულოდნელი იყო - 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, დილით გააღვიძეს და უთხრეს, რომ თავისუფალია... მას ოსური მხარე დივერსიულ და ტერორისტულ საქმიანობასა და ქართული სპეცსამსახურების დავალებების შესრულებაში ადანაშაულებდა. "2007 წელს გიუნაშვილმა სოფელ ხელჩუასთან, ოსური სამხედრო ძალების სიახლოვეს აფეთქება მოაწყო, რა დროსაც ერთი ოსი ჯარისკაცი დაიღუპა, მეორე დაიჭრა", - წერდნენ ცხინვალის სააგენტოები.

აფხაზი პატიმრის სანაცვლოდ...

პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მურატ ჯიოევის განცხადებით, მსჯავრდადებულის გადაცემა აფხაზეთის "პრეზიდენტ" რაულ ხაჯიმბასადმი გამოვლენილი პატივისცემაა. მან სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს სთხოვა გიუნაშვილის შეწყალება იმ აფხაზზე გასაცვლელად, რომელიც სასჯელს საქართველოში იხდის.

გიუნაშვილის გათავისუფლებას წინ უძღოდა ცხინვალში დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ვიზიტი. ბიბილოვმა და ხაჯიმბამ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. იმავდროულად, რუსული მედია წერდა, რომ რუსეთი ქართულ მხარესთან აფხაზეთის რკინიგზის გახსნის გეგმაზე მუშაობს. თუმცა ქართული მხარე ამაზე არაფერს ამბობს.

2016 წლის 10 მარტს ენგურის ხიდზე პატიმრების გაცვლა გაიმართა პრინციპით "ყველა ყველაზე". შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა აფხაზურ და ოსურ მხარეებს 4 პირი გადასცა, სანაცვლოდ კი 14 საქართველოს მოქალაქე დააბრუნეს. თუმცა აფხაზეთისა და ცხინვალის ციხეებში ქართველი პატიმრები კიდევ არიან. ერთ-ერთი მრავალშვილიანი გიორგი ლუკავაა, რომლის შეწყალებასაც ხაჯიმბამ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მოაწერა ხელი, თუმცა ის კვლავ დრანდის ციხეშია... არსებული ინფორმაციით, ლუკავა შარშან სხვა პატიმრებთან ერთად უნდა გადმოეცათ, თუმცა ციხიდან გამოყვანილი უკანვე შეაბრუნეს.

დრანდის ციხის ბუნტი

დრანდის დროებითი იზოლატორი 1993 წლიდან ციხის ფუნქციას ასრულებს. როგორც დრანდის ყოფილი პატიმრები ამბობენ, იქ სიტუაციას ქართველი და აფხაზი ე.წ. კანონიერი ქურდები აკონტროლებენ და მათ შორის დაპირისპირება არ იგრძნობა. თუმცა ქართველ ტყვეებს განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობა პერსონალი.

"2015 წლის დეკემბერში 300-ზე მეტმა პატიმარმა, მათ შორის ქართველებმა, დრანდის ციხეში მასობრივი ბუნტი დაიწყეს და რამდენიმე საათით ციხეზე კონტროლი დაამყარეს - დაწვეს პატიმრების პირადი საქმეები, გააღეს ყველა საკნის კარი, მძევლად აიყვანეს ზედამხედველები, ორი სართული დაიკავეს და ციხის სახურავზე გამაგრდნენ, დრანდის იზოლატორის ნაწილში კი ხანძარი გააჩინეს. ისინი დრანდის ციხის ყოფილი უფროსის, რუსლან ჯელიას თანამდებობაზე დაბრუნებასა და გავლენიანი ე.წ. მაყურებლის, გეზერდავას საერთო საკანში გადაყვანას ითხოვდნენ. მაშინ აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრმაც აღიარა, რომ დრანდის ციხეს კანონიერი ქურდები მართავენ", - ამბობს დრანდის ყოფილი პატიმარი.

"საგამოძიებო იზოლატორში პატიმრებს აქვთ მაცივრები, ტელევიზორები, საუნები, აბანოები, სასტუმრო კომპლექსიც კი", - ამბობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დეპუტატი ასლან კობახია. როგორც ირკვევა, მათ ციხეში ინტერნეტით "გამოწერილი" რუსი და უკრაინელი ლამაზმანებიც შეჰყავთ. აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება წლებია ახალი ციხის აშენებას გეგმავს. შარშან, 30 სექტემბერს, როცა აფხაზეთი ე.წ. დამოუკიდებლობას ზეიმობდა, ციხიდან სამი პატიმარი გაიქცა, მათ შორის იყვნენ ბაჩო ლატარია და რევაზ უგრეხელიძე... მაშინ ასლან კობახიამ ამაში ციხის ადმინისტრაცია დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ისინი ბრალდებულებთან შეკრული იყვნენ. კობახიას ბრძანებით, დრანდის ციხის ხელმძღვანელი და 10 თანამშრომელი დააკავეს.

P.S. ქართული მხარის ინფორმაციით, ამჟამად ცხინვალის იზოლატორში გრძელვადიან პატიმრობაში არც ერთი ქართველი არ იმყოფება, თუ არ ჩავთვლით ზარდიანთკარელ გურამ ბესტაევს, რომელიც 30 ოქტომბერს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ტყვეობაში კი სულ 4 ქართველია. ერთი, გიორგი ლუკავა, ტერორიზმშია"ბრალდებული, სამს (მანუჩარ წუშბაიასა და მამა-შვილ, არჩილ და პაპუნა როგავებს) კი"ე.წ. საზღვრის უკონონო გადაკვეთაში ედება ბრალი.

ლალი პაპასკირი