"დედაჩემი მენატრება ყველაზე მეტად..." - კვირის პალიტრა

"დედაჩემი მენატრება ყველაზე მეტად..."

"დღეს მთავარი ჩემი ქვეყანაა, რომელიც იგლიჯება და ნელ-ნელა ხელიდან გვეცლება" - - ბლიცინტერვიუ

მიხეილ ჭიაურელი, რეჟისორი:

პირველი ნაბიჯები კინოში...

- კულუარები მაყურებელს ძალიან აინტერესებს. ეკრანზე ნანახი ერთია, მაგრამ საინტერესოა თავად რეჟისორების ცხოვრებაც. ეს იდეა გვიან მოვიდა, მანამდე ჯერ მექანიზატორი ვიყავი, მერე სამხატვრო აკადემია დავამთავრე. სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს კინოსტუდიაში ბევრს ვიცნობდი, ძირითადად, რეჟისორისა და ოპერატორის ასისტენტებს. სამოყვარულო ფილმის გადაღების იდეა მომივიდა. ხან ერთი, ხან მეორე ოპერატორის დახმარებით ფილმის გადაღება დავიწყე. ფილმი რეზო ჩხეიძეს ვაჩვენე. მითხრა, მოსკოვში გავგზავნიო. ცოტა ხანში იქიდან ფილმის ყიდვის შესახებ პასუხი მოვიდა და ათას ხუთასი მანეთი მომცეს. ეს მაშინ ძალიან დიდი თანხა იყო. მაშინ ვიფიქრე, ეს რა კარგი რაღაც ყოფილა რეჟისორობა-მეთქი.

ცხოვრებაში მთავარია...

- ვფიქრობ, ასაკთან ერთად პოზიციებიც იცვლება. როდესაც ოცი წლის ვიყავი, მაშინ ჩემთვის მთავარი სულ სხვა რამ იყო - სამი თვით ბაკურიანში უნდა წავსულიყავი. ფოტოც მაქვს შენახული. დღეს მთავარი ჩემი ქვეყანაა, რომელიც იგლიჯება და ნელ-ნელა ხელიდან გვეცლება.

როცა მაქებენ...

- ვერ გეტყვით, არ მსიამოვნებს-მეთქი. თუ სუფრასთან მაქებენ, მერიდება... სჩვევიათ ქართველებს ზოგჯერ სუფრასთან ისეთი რამის თქმა, რაც არ გეკუთვნის. ისე, თუ შემაქებთ, ძალიან გამიხარდება.

როცა მაკრიტიკებენ...

- ახლა კრიტიკამ მნიშვნელობა დაკარგა. ადრე უფრო ჯანსაღი იყო. კინოკრიტიკა, ლიტერატურული კრიტიკა არსებობდა, ახლა კრიტიკა მარტო ლანძღვა-გინებაა.

მაბრაზებს...

- მატყუარა, ფლიდი, მოღალატე. ასეთი ადამიანები არავის არ უნდა. ყველაფერი ათ მცნებაში წერია.

მეშინია...

- მეშინია იმის, რისიც ყველას ეშინია. ახლობლების კარგად ყოფნა, მეგობრების შენარჩუნება მინდა. ფული ძალიან არ მიყვარს, ამიტომ მისი არქონის გამო პრობლემა არასდროს მქონია. ჩემს შვილს სულ ვასწავლი, რომ მთავარი სულიერებაა.

დრო ჩემთვის არის...

- ჩემთვის კალენდარი არ არსებობს. უბრალოდ გათენდა და მორჩა, დაღამდება და ამ ქვეყნიდან წავალ. ერთი დღე იქნება ჩემთვის ეს ცხოვრება.

მენატრება...

- დედაჩემი მენატრება ყველაზე მეტად... ძალიან მენატრება... ძალიან ლამაზი და კარგი ქალი იყო და ძალიან მიხარია, რომ ჩემი ქალიშვილი მას ჰგავს.

იღბლიანი ვარ, რომ...

- პროფესიაში იღბლიანი ვარ, ჩავარდნა არასდროს მქონია. პირად ცხოვრებაშიც იღბლიანი ვარ. არაჩვეულებრივ ადამიანებთან მქონდა და მაქვს ურთიერთობა. მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ვგულისხმობ.

ერთხელ გავრისკე და...

- ოთხმოციან წლებში გადავიღე ფილმი, როცა საბჭოთა კავშირი უკვე დასუსტებული იყო, მაგრამ მაინც არსებობდა. ჩემი ფილმის გმირი, რომელსაც კახი კავსაძე განასახიერებდა, სოციალურად დაუცველია. შრომობს, ელექტროინჟინრად მუშაობს, პრობლემები აქვს, სახლში მაცივარი აქვს გაფუჭებული, ჭერიდან წყალი ჩამოსდის, ხელფასი მცირე აქვს და მოიგონა ვარდისფერი სამყარო, რომელიც ნაცრისფერ ცხოვრებას დაუპირისპირა. დადის და ყველას ეუბნება, პელეს მამა ჩემი მეგობარი იყო - იქ მასთან დენი გამყავდა, გავიცანი და ბავშვებიც მოვუნათლეო. ეს ყველაფერი საინტერესო რომ ყოფილიყო, გადავწყვიტეთ, გმირის მონაყოლი გადაგვეღო. ბრაზილიაში პელეს თანაშემწე გავიცანით, რომში ჩავედით და სასტუმროში ჩავუსაფრდით. კახი კავსაძე ჰყვება, როგორ მივიდა პელესთან და ინგლისურად უთხრა:"გამარჯობა, პელე. მე ვარ მამაშენის მეგობარი და მე მოგნათლე, თუ გახსოვარო". გადაირია კაცი, ვერაფერი გაიგო. ალბათ, იფიქრა, გულშემატკივარი იქნებაო. მერე ეს დიალოგი ისე გავახმოვანეთ, როგორც ფილმისთვის გვჭირდებოდა. ვინაიდან ეს მასალა საკმარისი არ იყო, მის ორმოცდაათი წლის იუბილეზე მილანში წავედით. იქ ისეთი ამბები ჩავატარეთ, მსგავსი არაფერი მომხდარა...

ვოცნებობ...

- ოცნება არ მიყვარს, ცხოვრება მიყვარს. ყოველდღე კარგ ხასიათზე ვიღვიძებ, მერე ეს ცხოვრება მიბრახუნებს ბევრს და საღამოს შეიძლება ცოტა მოწყენილი ვიყო. ვცდილობ, მე თვითონ ავიხდინო ის, რაც მინდა. როგორ უნდა ვიოცნებო? მინდა ბროლის სასახლე? რად მინდა? არაფერში მჭირდება. ჩემი სასახლე ჩემი ქვეყანაა. ამაზე კარგი სასახლე არ არსებობს.

ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...

- ახლა თუ მკითხავ, სხვანაირად გავივლიდი... რეჟისურით უკმაყოფილო არა ვარ, ეს პროფესია ძალიან მიყვარს, მაგრამ ვფიქრობ, პიანისტი უფრო კარგი ვიქნებოდი... ნახეთ, რამხელა ხელები მაქვს...