გათბობა სიცოცხლის ფასად
11-12-2017
გათბობა სიცოცხლის ფასად
თუკი ჯერ გამათბობელი არ შეგიძენიათ, უმჯობესია არჩევანი უსაფრთხო სისტემაზე შეაჩეროთ. თუმცა, თუ უკვე იყიდეთ და უკეთესის დასამონტაჟებლად სახსრები არა გაქვთ, არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ ის ჩართული ღამით. ყოველ ნახევარ საათში კარგად გაანიავეთ ოთახი

სახლის გათბობა ზამთარში ბევრი ოჯახისთვის დიდი საზრუნავია. მით უმეტეს, რომ არასწორად შეძენილმა და დამონტაჟებულმა გამათბობელმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. CO-ს გაჟონვის გამო საქართველოში უამრავი ადამიანი დაიღუპა. მიზეზი, ძირითადად, ერთი და იგივეა - უხარისხო გამათბობელი.

გიორგი ლეფსვერიძე, "ყაზტრანსგაზის"
მთავარი ინჟინერი: -
ბოლო სამი წლის სტატისტიკის თანახმად, დაახლოებით 80 კაცი დაიღუპა, 300-მდე კი­ მოიწამლა. ასეთი შემთხვევების მიზეზი არასწორად დამონტაჟებული ღიაკამერიანი­ წყალგამაცხელებლები და გამათბობლებია. მათი არასწორად ექსპლუატაცია იწვევს ოთახში ნახშირორჟანგის, CO-ს დაგროვებას და ადამიანის მოწამვლას ან გარდაცვალებას.

არსებობს წყალგამაცხელებლებისა და გამათბობლების ორი ტიპი: ღიაკამერიანი, რომელიც
ჟანგბადს იღებს სათავსიდან, და ასეთი გამათბობელი ჩვენმა მომხმარებელმა არ უნდა გამოიყენოს, და დახურულკამერიანი, რომელიც ჟანგბადს გარედან იღებს. ასეთი გამათბობელი უსაფრთხოა და სწორედ ასეთი ტიპის გამათბობელს უნდა გაუწიოს ექსპლუატაცია მომხმარებელმა.
გამოკითხვით გაირკვა, რომ საფრთხის შემცველი ოთახის გამათბობლები არ იყიდება, თუმცა თავისუფლად იყიდება ისეთი წყლის გამაცხელებლები, რომლებიც დიდ საშიშროებას წარმოადგენს სიცოცხლისთვის, ამიტომ, თუ ასეთ გამათბობელს შეიძენთ, არავიYთარ შემთხვევაში არ დაამონტაჟოთ დახურულ სივრცეში. განსაკუთრებით სახიფათოა მისი სააბაზანოში დამონტაჟება.

უსაფრთხოებისთვის ასევე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხარისხიანი გამათბობ­ლის შეძენა და მისი დასაშვებ ადგილას განთავსება, არამედ მისი სწორად დამონტაჟებაც, "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენელი ასევე გვირჩევს, რომ ახალი დანადგარის შეძენისა და კვალიფიციური პირის მიერ დამონტაჟების შემდეგ, აუცილებლად დავუკავშირდეთ "ყაზტრანსგაზს", რათა შემოწმდეს დამონტაჟების სისწორე, რაც სრულიად უფასო მომსახურებაა.

თუკი შინ გამათბობელს ამონტაჟებთ, უნდა იცოდეთ, რომ ის მხოლოდ მცირე ფართობის გათბობას ახერხებს და სითბოს მთლიან სახლში თანაბრად ვერ გაანაწილებს.
ყველაზე კომფორტული ცენტრალური­ გათბობის სისტემაა, რომელიც ათბობს სახლსაც, წყალსაც და ამასთან, უსაფრთხოა. თუმცა მისი არასწორად დამონტაჟების შემთხვევაშიც არსებობს რისკი, რომ გამოყენებისას ზედმეტი ფულის გადახდამ მოგიწიოთ. იმის გასარკვევად, თუ როგორი უნდა იყოს ხარისხიანი გათბობის სისტემა, რომ არ მოიხმარდეს ზედმეტ ბუნებრივ აირს და კარგადაც ათბობდეს, ამ კითხვით თბილისში არსებულ ერთ-ერთ სპეციალიზებულ მაღაზიას მივმართეთ:

სპეციალისტი: - პირველ რიგში აუცილებელია შენობის თბური დანაკარგების გაანგარიშება. თუ სპეციალისტი ამბობს, რომ ერთ კვადრატულ ან კვადრატ-ნახევარ მეტრს ერთი სექცია გაათბობს, ჩათვალეთ, რომ თქვენი გათბობის სისტემა იმთავითვე განწირულია. არასწორი გაანგარიშება საბოლოოდ გვაძლევს იმ შედეგს, რომ თვის ბოლოს ბუნებრივი აირის საფასურის იმაზე მეტის გადახდა გვიწევს, ვიდრე საჭიროა. მცდარია ის მოსაზრებაც, რომ რაც უფრო მძლავრია ქვაბი, მით უფრო უკეთესია, ვინაიდან ნაკლები დატვირთვით მუშაობს. მაგალითად, სამოთახიანი ბინისთვის ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია 15 ან 18-კილოვატიანი ქვაბის დამონტაჟება. რადიატორები ისეთი ზომისა უნდა შევარჩიოთ, რომ ნელთბილმა რადიატორმა კომფორტული სითბო მოგვცეს. ამ შემთხვევაში ქვაბი მინიმალური დატვირთვით, დაბალი ტემპერატურის რეჟიმში მუშაობს და შესაბამისად, გადასახადიც ნაკლები გვექნება.

პანელური რადიატორი ხარისხიანად ითვლება, თუ მისი წონა, სულ ცოტა, 32 კილოგრამია. მასში 6 ლიტრი წყალი ჩადის. ალუმინის სექციური რადიატორის თითოეული სექციის სითბოს გაცემა თბური ენერგიის 120 კილოვატი მაინც უნდა იყოს. ევროპული რადიატორის სექცია, სულ ცოტა, კილოგრამსა და 300 გრამს უნდა იწონიდეს.

რადიატორებს შორის ფასის სხვაობას განაპირობებს ის, რომ ალუმინი ძვირად ღირებული მასალაა, ხოლო პანელური რადიატორი ჩვეულებრივი ფოლადია და შესაბამისად, უფრო ნაკლებიც ღირს. ვერც ერთის უპირატესობაზე ვერ ვისაუბრებთ, გააჩნია, მყიდველისთვის რომელი უფრო კომფორტულია.
რაც შეეხება იატაკქვეშა გათბობას, მის დამონტაჟებას საფუძვლიანი გაანგარიშება სჭირდება. ეს საკითხიც სპეციალისტს უნდა მივანდოთ. იატაკქვეშ გაშვებული წყლის ტემპერატურა 45 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. არსებობს მექანიზმი, რომელიც ამას გააკონტროლებს - ეს არის გამანაწილებელი კვანძი, რომელიც უზრუნველყოფს დაკვეთილი წყლის ტემპერატურის შენარჩუნებას. იატაკის ზედაპირზე ჩვენ მაქსიმუმ 27-გრადუსიანი ტემპერატურა უნდა მივიღოთ, რათა სასუნთქი ორგანოების სიმაღლეზე ჩვენთვის კომფორტული სითბო ტრიალებდეს. სასურველია იატაკის გათბობა გავიყვანოთ იქ, სადაც კერამიკული ქვაა დაგებული.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები