"ზნეობრივი ინვალიდობის სინდრომი..." - ამ ფონზე არც მოზარდთა აგრესიულობაა საკვირველი და არც დანების ტრიალი - კვირის პალიტრა

"ზნეობრივი ინვალიდობის სინდრომი..." - ამ ფონზე არც მოზარდთა აგრესიულობაა საკვირველი და არც დანების ტრიალი

ხორავას ქუჩაზე დატრიალებულმა საშინელებამ საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ დააყენა უმწვავესი შეკითხვები: რა გვჭირს? რატომ გვჭირს? რა ვიღონოთ?

საუბედუროდ, მსგავსი ტრაგედია პირველი არაა და, თუკი ასე გაგრძელდა, არც უკანასკნელი იქნება. გავიხსენოთ ათიოდე წლის წინ მომხდარი მხეცური მკვლელობა. თორმეტი წლის გოგონას დაჩეხილი სხეული საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში იპოვეს.

ირიბი სამხილების საფუძველზე პოლიციამ თანაკლასელი ვაჟი დააკავა. როგორც ამბობდნენ, ვაჟს უბრალოდ არ გაუმართლა - ცუდ დროს აღმოჩნდა იქ, სადაც ჯობდა არც გამოჩენილიყო. ძნელი სათქმელია ჰქონდა თუ არა ადგილი სასამართლო შეცდომას, მაგრამ უსასტიკესი მკვლელობა სწორედ ბავშვებმა ჩაიდინეს. საზოგადოებამ ბევრი იმსჯელა და ივიშვიშა. ჭკვიანური ფრაზებიც უამრავი ითქვა. მაგრამ ორიოდე კვირაში ვნებები მიინავლა და ჩაცხრა.

არანაირი გარანტია არ არსებობს რომ ამჟამად ყველაფერი სხვანაირად იქნება. განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ მოწმეთა დიდ ნაწილს პირში წყალი აქვს ჩაგუბებული და გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

მართლაც, რა გვჭირს და რატომ გვჭირს?

"ქართველს აკლია" დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ… გული აინთება-ნებაც მოქმედებს, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება. .. გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს, და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება…" - წერდა დიმიტრი უზნაძე. ნამდვილად ასეა: კარგ საქმეზე "საწვავი" მეტისმეტად სწრაფად გვეწურება. სამაგიეროდ, ცუდ საქმეს რიხით ვიწყებთ და ხშირად რიხითვე ვაგვირგვინებთ.

მართლაც, რა გვჭირს და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, რატომ გვჭირს?

ჩვენი საზოგადოების მიერ განვლილი გზა დამაჯერებლად მეტყველებს, რომ მართლაც მძიმე სენი გვჭირს. ამ სენს შეიძლება "ზნეობრივი ინვალიდობის სინდრომი" ვუწოდოთ, რაც ზნეობრივი ორიენტირების აღრევას ნიშნავს. შედეგად ტყუილით, ფარისევლობით და ტკივილით გაჯერებულ გარემოში ვცხოვრობთ. ამ სენმა ორმაგი სტანდარტით "დაგვასაჩუქრა": უმრავლესობის დუმილის ფონზე სიმართლე ტყუილად საღდება, ხოლო ტყუილი - სიმართლედ. სწორედ ამიტომაა რომ ცუდი საქმის მოკვარახჭინება არ გვიჭირს, მერე კი ნეხვში ყელამდე ჩამჯდარი ვამტკიცებთ, რომ თვალწარმტაცი წალკოტი გავაშენეთ. ამ ფონზე არც მოზარდთა გაძლიერებული აგრესიულობაა საკვირველი და არც დანების ტრიალი.

ყველაზე სახიფათო კი ის არის, რომ ამას შევეგუეთ და უკვე ნორმადაც კი მიგვაჩნია; სწორედ ეს .კონფორმიზმი დევს იმ საყოველთაო ინდიფერენტულობის მიღმა, რომელიც ხანმოკლე აღშფოთება-შეშფოთებას ენაცვლება.

ფსიქოლოგ ქეთევან ფილაურის აზრით, არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად იმაზე ლაპარაკი თითქოს ხორავაზე დატრიალებული ტრაგედიის მოწმეთა საქციელის უკან მაინც და მაინც .კონფორმიზმი დგას. მისი სიტყვით, უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან ფაქტი და ამ ფაქტის ჩვენეული ინტერპრეტაცია. "ჩვენ ვიცით მხოლოდ ის, რომ ადამიანები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ. ხოლო რატომ არ თანამშრომლობენ - ეს არ ვიცით; თითოეულ მათგანს შესაძლოა დუმილის საკუთარი მიზეზი ჰქონდეს. მაგალითად, შიში ან კრიმინალური მენტალიტეტი ან თუნდაც იგივე .კონფორმიზმი.

ყოველ ადამიანს საკუთარი მოტივაცია ამოძრავებს - ეს ეჭვგარეშეა; მაგრამ როდესაც ადამიანთა დიდი ჯგუფი ერთი მოდელით მოქმედებს, იქ ინდივიდუალურის გარდა საერთო მიზეზობრივი საფუძველიც აუცილებლად არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა ისეთი მოცემულობების არსებობა, როგორიცაა სოციალური მოვლენა, სოციალური სინდრომი და ა.შ. შესაბამისად, სრულებითაც არ არის უსაფუძვლო იმის მტკიცება, რომ შიშს, გაუცხოებას, კრიმინალურ მენტალიტეტს, აგრესიას და ა.შ. სწორედ .კონფორმიზმით გაჯერებული და ზნეობრივად გადახრილი გარემო ასაზრდოებს".

რა ვიღონოთ?

სოციალური პროცესების მიზეზებზე ზემოქმედებით მათი სასურველი მიმართულებით წარმართვაა შესაძლებელი. სწორედ ამაზეა დაფუძნებული თუნდაც კონფლიქტების მართვის, ან გაჩაღების პოლიტტექნოლოგიები. ანუ გარკვეული ძალები ამ შესაძლებლობას ხშირად ცუდად იყენებენ. რა გვიშლის ხელს მანკიერი სოციალური პროცესის ძირეული მიზეზები შევისწავლოთ და მათზე ზემოქმედებით მდგომარეობა გამოვასწოროთ? ანუ იგივე შესაძლებლობა კონსტრუქციულად გამოვიყენოთ? ამაში არაფერია შეუძლებელი, თუკი, ცხადია, ისევ იმ ზემოხსენებულმა სიზანტემ არ გადაგვიყოლა.

ანტისაზოგადოებრივ ქცევას საფუძვლად აგრესიულობა უდევს. ამასთანავე, აგრესია ნებისმიერი ადამიანისთვის მეტ-ნაკლებად დამახასიათებელია. თუმცა, როგორც აღნიშნავს ფსიქოლოგი ქეთევან ფილაური, აღზრდის მიზანი სწორედ ის არის, რომ ადამიანმა სოციალურად მისაღები ფორმით რეაგირების უნარი შეიძინოს.

ოჯახის და სკოლის ფუნქციაა დაეხმაროს ბავშვს სოციალურად მისაღები ქცევის ათვისებაში. ხორავას ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიას აუცილებლად ექნებოდა წინა ისტორია. მასწავლებლების მოვალეობა იყო დროულად შეემჩნიათ და პრობლემა მოეგვარებინათ. ის, რომ მკვლელობა სკოლის გარეთ მოხდა, მათ პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ქეთევან ფილაური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბულინგის პრევენციას ჯეროვანი ყურადღება არ ეთმობა. სკოლას ამ პრობლემის მიმართ მგრძნობელობა აკლია. ძალიან ხშირად ბულინგი ნორმალიზებულია კიდეც: რა უშავს რომ ერთი მოსწავლე მეორეს დასცინის და ავიწროებს?! მთავარია საქმე ცემა-ტყეპამდე არ მივიდეს.

დღესდღეობით სკოლა მხოლოდ სასწავლო დაწესებულებაა. აღარავის ახსოვს რომ საგნობრივი სწავლება სამოქალაქო აღზრდის გარეშე ნაკლებად ღირებულია. სწორედ სამოქალაქო აღზრდის მისია უნდა ეტვირთა საზოგადოებრივი მეცნიერებების კურს "მე და საზოგადოებას". აღნიშნული ინიციატივის გარშემო ხმალამოღებული ბრძოლა გაჩაღდა. აღშფოთებულ-შეშფოთებულთა აზრით, იდეის ავტორებს ეროვნული იდენტობის დანგრევა და ჰომოსექსუალური ცხოვრების წესის პროპაგანდა ჰქონდათ განზრახული. ამ დროს კურსი უაღრესად საჭირო თემებს მოიცავდა და რაც ყველაზე უფრო არსებითია, დიდი ყურადღება უნდა დათმობოდა კონსტრუქციული ურთიერთობის უნარების გამომუშავებას; პირველ რიგში - კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების კუთხით. ავტორები შეეცადნენ კურსში გენდერული თანასწორობის მარცვლებიც ჩაედოთ, ანუ აეხსნათ ბავშვისთვის, რომ განსხვავებულობის მიუხედავად ბიჭებს და გოგონებს თანაბარი შესაძლებლობები აქვთ, ამიტომ თანაბრად უნდა იყვნენ ჩართულნი ყოველგვარ აქტივობაში. სახელმწიფო კი ვალდებულია განვითარების თანაბარი პირობები შეუქმნას. კურსით აგრეთვე გათვალისწინებული იყო გარკვეული ეკონომიკური უნარების ათვისება. მაგალითად, ენერგიის გონივრული ხარჯვით საოჯახო ბიუჯეტის დაზოგვის, ნივთების გაფრთხილების და სხვა კუთხით და ა.შ.

კერძო სკოლა "ლოგოსის" დირექტორის, ბატონ გია მურღულიას აზრით ის ფაქტი, რომ ამ ინიციატივამ საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში აგრესია გამოიწვია, ნაკლები წიგნიერებით, ან პოლიტიკური მიზნებით აიხსნება. ინტელექტუალური განვითარება კაცობრიობას სიკეთეს ვერ მოუტანს, თუკი თან არ ახლავს პიროვნული განვითარება; ანუ პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება, თავისუფლების ადეკვატური განცდა, ურთიერთობის უნარები და ა.შ. გია მურღულია სამართლიანად აღნიშნავს, რომ საგნობრივი სწავლება საფუძველს უქმნის მხოლოდ პროფესიულ არჩევანს; სამოქალაქო განათლების ამოცანა კი ეფექტიანი მოქალაქეობრივი და ოჯახური აქტიურობისთვის მომზადებაა. ანუ სამოქალაქო აღზრდის ძირითადი მიზანია ბავშვი სოციალურ არსებად იქცეს და მხოლოდ საკუთარი მე-ს ინტერესებიდან არ ამოდიოდეს. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეს ყველანაირი ანტისაზოგადოებრივი ქმედების საუკეთესო პრევენციაა.

ამიტომაც, არაჯანსაღი საზოგადოებრივი რეაქციის გამო არ შეუძლება ეს პროექტი გაიყინოს და თაროზე შემოიდოს. რადგან სწორედ ამ კურსის დახმარებითაც შეგვიძლია აღრეული ორიენტირების გასწორება და ფსევდოფასეულობების ჭეშმარიტი ფასეულობებით ჩანაცვლება (ცხადია, სწორად დანერგვის შემთხვევაში).

არადა, გადაბრუნებული ურემის ნელ-ნელა წამოყენების შანსი გაურკვეველი დროით გადავდეთ.

საუბედუროდ, როგორც ეს ხშირად ხდება, ინიციატორებმა და მათ მხარდამჭერებმა ამ კარგ საქმეში მყარი ნება ვერ გამოვიჩინეთ. ათასწილად მართალი იყო დიმიტრი უზნაძე როდესაც ამ სიტყვებს წერდა:

"აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება - აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ".

მედეა გოგსაძე (სპეციალურად საიტისთვის)