"გოლდენ სტეიტი“ “მემფისის“ მატჩზე ამერიკის ჰიმნს ქართული “შვიდკაცა“ შეასრულებს - კვირის პალიტრა

"გოლდენ სტეიტი“ “მემფისის“ მატჩზე ამერიკის ჰიმნს ქართული “შვიდკაცა“ შეასრულებს

"გოლდენ სტეიტი“ “მემფისის“ მატჩზე ამერიკის ჰიმნს ქართული “შვიდკაცა“ შეასრულებს. როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან გვაცნობეს, 20 დეკემბერს, Oracle Arena-ზე გასამართ ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს “გოლდენ სტეიტი“ და “მემფისი“ დაუპირისპირდებიან, ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშო Bubble Head დარიგდება. თამაშის დაწყებამდე ამერიკის ჰიმნს ქართული ანსამბლი “შვიდკაცა“ შეასრულებს, დიდ შესვენებაზე კი 3 ქართულ სიმღერას იმღერებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ანსამბლის ამერიკაში მიწვევა, მას შემდეგ გადაწყდა, რაც ნბა-ს ჩემპიონმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ჩემპიონის თასი საქართველოში ამოგზაურა. “შვიდკაცა“ კი აქტიურად გახლდათ ჩართული სპეციალურად გამართულ ღონისძებებში და “გოლდენ სტეიტის“ პრესსამსახურის თანამშრომლების სიმპათიაც დაიმსახურა“, – განაცხადეს სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ნბა-ს მოქმედი ჩემპიონის პრესსამსახური ზაზა ფაჩულიას საქართველოში ჩამოჰყვა, ჯგუფი სამი წევრისგან შედგებოდა - თასზე პასუხისმგებელი პირი, ჟურნალისტი და ოპერატორი, რომელიც გუნდის და ნბა-ს ვარსკვლავის სტეფ კარის პირადი ოპერატორია და საქართველოში გუნდის ხელმძღვანელობის თხოვნით გამოემგზავრა. ქართული ანსამბლი ოკლენდში 15 დეკემბერს გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს “გოლდენ სტეიტის“ მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში.

"ამერიკული მხრიდან შემოთავაზებას ჩვენგან მაშინვე თანხმობა მოჰყვა, რის შემდეგაც გვთხოვეს ამერიკის ჰიმნის ჩვენი ინტერპრეტაციით შესრულება და ოკლენდში გაგზავნა. ჰიმნი “გოლდენ სტეიტის“ პრეზიდენტმა მოისმინა და მიწვევაც მივიღეთ. რა თქმა უნდა, ეს არის არამარტო ჩვენი, არამედ ქართველი გულშემატკივრის და მსმენელის წარმატება და ცხადია, ზაზა ფაჩულიას მიერ გაწეული უდიდესი შრომის შედეგი. სწორედ ზაზას დამსახურებაა ჩვენი იქ მოხვედრა“, - განაცხადა “შვიდკაცას“ წევრმა დავით ნოზაძემ.

"ინტერპრესნიუსი"