დევიდ ლინჩი: "სამყარო, რომელსაც ვირჩევ" - კვირის პალიტრა

დევიდ ლინჩი: "სამყარო, რომელსაც ვირჩევ"

მისი თითოეული ფილმი უნიკალური და დამოუკიდებელი სამყაროა, სადაც ყველაზე უცნაური არსებები ცოცხლდებიან, მისტიკურ-დეტექტიური ისტორიები თავბრუს ახვევენ და აბნევენ მაყურებელს...

ძნელია, გენიოსის ტვინში შექმნილ და შემდეგ ფილმში გადატანილ გროტესკულ სამყაროში არ დაიკარგო და ერთხელ მოგზაურობის შემდეგ კვლავ დაბრუნების სურვილი არ გაგიჩნდეს. "ლინჩიანურ განზომილებაში" ყოფნისას ემოციას ემოცია ცვლის, რეჟისორის ფიქრთა სვლას მიჰყვებით და იძირებით სამყაროში რომელსაც ხან Mulholand Drive ხანაც Blue Velvet ან Twin Peaks ჰქვია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კინოს ისტორიაში ყველაზე ცნობილი სიურრეალისტის, დევიდ ლინჩის სამყაროში!

ყველაზე გიჟურ იდეებს კინოენით აცოცხლებს და მისი ფილმების ყურებისას თითქოს ლინჩის ცნობიერების ნაკადში აღმოჩნდებით - "დღის სიზმრები ყველაზე მნიშვნელოვანია, ზოგჯერ უბრალოდ ვჯდები სკამზე, თვალებს ვხუჭავ და ჩემს გონებას სახეტიალოდ ვუშვებ. ძილში სიზმრებს ვერ აკონტროლებ. მიყვარს ჩემ მიერ შექმნილი ან აღმოჩენილ სიზმრების სამყაროში ჩაძირვა, ესაა სამყარო, რომელსაც ვირჩევ და იქაა კინოს სიძლიერე, ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ დროს იბადება იდეები", - ამბობს 71 წლის ლინჩი. ასე გაჩნდა წითელი ოთახი 90-იანი წლების საკულტო სერიალ Twin Peaks-ში და გოლიათის პერსონაჟი აგენტი კუპერის ოთახში. ლინჩის "სიზმრისეული ლოგიკა" კინოში თხრობის ახალ, არასწორხაზოვან სტრუქტურას ქმნის.

თხრობის მსგავს ფორმას მის საკულტო ფილმებში Eraserhead, Mulholand Drive და Inland Empire შეხვდებით. მაგიური რეალიზმის ენით ლინჩი ძალადობის, სიყვარულის, შურისძიებისა და დანაშაულებრივი საქმეების ისტორიებს გვიყვება - "იდეა წამიერად მოდის და თუ გაჩერდები და დაფიქრდები, აღმოაჩენ, რომ მას ხმა, გამოსახულება და ხასიათი აქვს. პერსონაჟის გარდერობსაც კი გიკარნახებს, იმასაც მიგახვედრებს, როგორია ეს გმირი, როგორ საუბრობს ან რა სიტყვებს იყენებს. წამიერად უამრავი რამ იბადება გონებაში", - ამბობს რეჟისორი.

რთულია, სახელი დაარქვა განწყობას და იმ ატმოსფეროს, რომელიც ლინჩის ფილმებშია. სპეციფიკური იუმორის, გროტესკული პერსონაჟებისა და მათი არაპროგნოზირებადი ქცევების წყალობით ფილმში მოთხრობილი სიუჟეტი ხშირად ლოგიკის ჯაჭვს არ ექვემდებარება, მაგრამ ეს ხელს არავის უშლის, ბოლომდე ისიამოვნოს ფილმის ხასიათით და მაგიური რეალიზმის ენით შექმნილი ისტორიით. გაგრძელება