"ის გოგო რომ გაიცნო, 27 წლის იყო. ძალიან უყვარდა, მაგრამ..." - განდეგილი ბერი გრიგოლის ცხოვრების დეტალები - კვირის პალიტრა

"ის გოგო რომ გაიცნო, 27 წლის იყო. ძალიან უყვარდა, მაგრამ..." - განდეგილი ბერი გრიგოლის ცხოვრების დეტალები

აბაშის რაიონის სოფელ ონტოფოში ბერი გრიგოლ (ბატა) ნადარეიშვილი ცხოვრობდა... 90 წლის რევაზ ნადარეიშვილი იხსენებს, სახლი ლაზმა ოსტატებმა ისე ააშენეს, ლურსმანი არ გამოუყენებიათო. ბატონი რევაზი ბიძის შესახებ საოცარ ამბებს გვიყვება. ამონარიდი ინტერვიუდან:

"ის გოგო რომ გაიცნო, 27 წლის იყო. ძალიან უყვარდა, მაგრამ დედის უარს წინ ვერ აღუდგა, რელიგიამ შეუშალა ხელი მათ ქორწინებას. დაშორდნენ ისინი ერთმანეთს. სიყვარულზე უარმა მთლიანად შეცვალა ბატას ცხოვრება. ამას ისიც დაემატა, რომ რევოლუციონერმა მეგობრებმაც იმედი გაუცრუეს".

"სტუმრად მოვიდნენ ბებიაჩემის, სოფიოს ნათესავები. მათი შვილი, ბენედიქტე ჭანტურია ფრონტზე წავიდა და მასზე არაფერი ისმოდა. დამწუხრებული იყვნენ მშობლები, მოვიდნენ ბერ გრიგოლთან და შველას ითხოვდნენ. მას არ უყვარდა წინასწარმეტყველური აზრების წარმოთქმა, მაგრამ შეებრალა ნათესავები და უთხრა, მალე თქვენთან მოვალო. რამდენიმე დღეში მათ სახლში მართლა მივიდა, მყუდრო სენაკში დააბინავეს და მთელი ღამე ლოცვაში გაატარა. დილით ღვთისგან ნაუწყები სასიხარულო ამბავი უთხრა: თქვენი შვილი ტყვედ არის ჩავარდნილი, მაგრამ ომის დამთავრების შემდეგ უვნებელი დაგიბრუნდებათ, მის ჩამოსვლამდე ცხენიანი კაცი მის გამოგზავნილ ბარათს მოგიტანთ და მალე თქვენი შვილიც მოვა სახლში, მაგრამ მე უკვე ცოცხალი აღარ ვიქნებიო".

"ღმერთს პირობა მისცა და სულ მდუმარებაში იყო. ბოლოს მე და ჩემმა დედმამიშვილებმა მასთან ერთად, ერთ ჭერქვეშ დიდხანს ვიცხოვრეთ. 8 წელი იმ ოდაში ცხოვრობდა, სახლის ჭერზე, სულ განმარტოებით და საჭმელს მე ვაწვდიდი. ის ჩვენი აღმზრდელი იყო. ომი რომ დაიწყო, ყველას გვავალდებულებდნენ, სახლში სანგარი გაგვეთხარა. მამაჩემი და ჩემი უფროსი ძმა ჯარში იყვნენ და სანგარი ჩვენ გავთხარეთ. ისეთ ადგილას უნდა ყოფილიყო, სახლს რომ ბომბი დასცემოდა, შესასვლელი არ დაეკეტა. ბიძაჩემს ფეხები სტკიოდა, ფიზიკურად ვერ გვეხმარებოდა, მაგრამ გვეუბნებოდა, როგორ გაგვეთხარა. განგაში რომ ატყდებოდა, მაშინვე კიბეს მივუდგამდი მას და თავისი ოთახიდან, სადაც განმარტოებული იყო, ჩამოდიოდა და აკოფში შემოდიოდა. ყველანი მიწაზე ვისხედით, ის კი პირჯვარს იწერდა და გაუთავებლად ლოცულობდა".

ბერი ბატას შესახებ საინტერესო ამბებს "გზის" 14 დეკემბრის ნომერში იხილავთ.

თეა ხურცილავა