უნივერსიტეტ "იბერიის" სტუდენეტები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებაში - კვირის პალიტრა

უნივერსიტეტ "იბერიის" სტუდენეტები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებაში

უნივერსიტეტი "იბერია" იტალიის "მშვიდობის ციტადელის" პროექტმა დააახლოვა რომის, სიენისა და არეცოს უნივერსიტეტებთან, რომლებთანაც დადებულია ხელშეკრულება გაცვლითი პროგრამების შესახებ.

ასოციაცია "რონდინე-მშვიდობის ციტადელი" გახლავთ ფუძემდებელი 14 ფუნდამენტური პუნქტისა, თუ როგორ უნდა მოხდეს კავკასიის დემილიტარიზაცია და მშვიდობის უზრუნველყოფა. პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისა და რომის პაპის მიერ.

პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტების დაფინანსებას იტალიური უნივერსიტეტების საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებზე. სტუდენტები კონფლიქტის ზონიდან (საქართველო, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, რუსეთი) ერთიანი თანაცხოვრების პირობებში განიხილავენ და შეისწავლიან კონფლიქტების დარეგულირებისა და მოგვარების გზებს.

"მშვიდობის ციტადელის" პროექტის წარმომადგენლები წელსაც საგანგებო მისიით ჩამოვიდნენ საქართველოში. მათ ჩაატარეს გასაუბრება რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებთან. სულ შეარჩიეს 2 სტუდენტი, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ "იბერიიდანაა".

სხვადასხვა კონფლიქტური რეგიონიდან მივლინებული ახალგაზრდების გვერდით ყოფნა, მათი აზრების მოსმენა, ყოველდღიური ურთიერთობები, ჯანსაღი კამათი, პატივისცემის და ურთიერთგაგების ატმოსფერო უნდა გახდეს ის საფუძველი, რომელიც აღადგენს დაკარგულ ურთიერთობებს და მიაღწევენ იმას, რომ ქართველი და აფხაზი ხალხების მომავალი თაობა ერთმანეთს არ აღიქვამდეს, როგორც მტერს.

რონდინეში აფრენილი მშვიდობის მერცხლები კავკასიაში აუცილებლად ჩამოაღწევენ და ხელს შეუწყობენ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ურთულეს საქმეს.

ასოციაცია "რონდინე მშვიდობის ციტადელის" მიერ შემუშავებული "კავკასიის" პროექტის ფარგლებში, რომელიც 2009 წელს იტალიაში "რონდინე მშვიდობის ციტადელის" მიერ ჩატარებული კონფერენციის Venti di Pace sul Caucaso ("მშვიდობის ქარები კავკასიაზე") მეორე ფაზაა, იგეგმება ასოციაციის თანამშრომლებისა და სტუდენტებისაგან შემდგარი 20-კაციანი დელეგაციის სტუმრობა ასოციაციის პრეზიდენტის - ფრანკო ვაკარის ხელმძღვანელობით.

2010 წლის ივლისის ბოლოს დაგეგმილია, Venti di Pace sul Caucaso კონფერენციაზე მიღებული  დოკუმენტის "რონდინეს 14 პუნქტი კავკასიაში მშვიდობისათვის" კავკასიის ქვეყნებში მაღალ სოციალურ-პოლიტიკურ დონეზე გავრცელება და ამ დოკუმენტის ქვეყნის პრეზიდენტებისთვის გადაცემა.

"კავკასიის" პროექტის ფარგლებში, გადაწყდა, რომ იმ უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებიც თანამშრომლობენ ასოციაცია "რონდინე მშვიდობის ციტადელთან", იმუშავებენ ამ დოკუმენტის "რონდინეს 14 პუნქტი კავკასიაში მშვიდობისათვის" რეალური გზების შემუშავებაზე. სტუდენტები თავიანთ შეხედულებებს პროექტების სახით წარუდგენენ ასოციაციის წარმომადგენლებს. გამარჯვებული პროექტი დაფინანსდება ასოციაციის მიერ.

ამ პროექტში, რა თქმა უნდა, არიან ჩართულნი დავით გურამიშვილის ქართულ-უკრაინულ საერთაშორისო უნივერსიტეტ "იბერიას" სტუდენტები, რომლებიც თავიანთ პროექტებს ასოციაციის წარმომადგენლებს მათი საქართველოში სტუმრობის დროს გადასცემენ.

R