"დე­დამ­თი­ლი მეჩხუ­ბა - რა­ტომ გყავს ტყუ­პი, რო­გორ ვარ­ჩი­ნო­თო" - ემიგრანტი ქალის მძიმე ცხოვრების ისტორია - კვირის პალიტრა

"დე­დამ­თი­ლი მეჩხუ­ბა - რა­ტომ გყავს ტყუ­პი, რო­გორ ვარ­ჩი­ნო­თო" - ემიგრანტი ქალის მძიმე ცხოვრების ისტორია

ემიგრანტობა იოლი სულაც არ არის. თითოეულ ადამიანს, ვინც სამშობლო დატოვა და თავის სარჩენად უცხოეთში გაემგზავრა, თავისი სევდიანი ამბავი აქვს მოსაყოლი. თავიდან ყველას უჭირს, შემდეგ ალღოს უღებენ და იქაურ პირობებს ეგუებიან.

რუსუდან კაჭკაჭიშვილი სანამ ვენაში მოხვდებოდა, ჯერ "საშინელებათა ფილმში" მოხვდა. ფაქტობრივად, შიშისა და როზგის ქვეშ უწევდა მონური შრომა. თავს კი გაქცევით უშველა.

- ქუთაისში ვცხოვრობდი. ქმარმა და მისმა ოჯახმა არ გამიმართლა. რომ შევიტყვე, ტყუპზე ვიყავი ფეხმძიმედ, ძალიან გამიხარდა, მაგრამ დედამთილი მეჩხუბა - რატომ გყავს ტყუპი, როგორ ვარჩინოთო. ვხვდებოდი, რომ ადრე თუ გვიან, ოჯახის დანგრევა გარდაუვალი იქნებოდა. მათემატიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, მაგრამ დიპლომი ვერაფერში გამოვიყენე. ვქსოვდი, ვკერავდი, ნამცხვრებს ვაცხობდი და 2 წლის განმავლობაში 500 დოლარი მოვაგროვე. ამის შემდეგ წამოვედი ქმრისგან და ერთი ოთახი ვიგირავე, რაც მე და ჩემს შვილებს ცალკე ყოფნის საშუალებას მოგვცემდა.

მაშინ ბიჭები 8-წლისანი იყვნენ. მარტო ვზრდიდი 2 შვილს, 4 ადგილზე ვმუშაობდი, მაგრამ თავი ძლივს გაგვქონდა. იმ პერიოდში დაიწყო სამუშაო ვიზები ლიტვაში. მითხრეს, რომ 6-თვიანი ვიზა და ხელფასი 1.200 ევრო მექნებოდა. გამიხარდა, ვიფიქრე, - 6 თვით წავალ, ცოტა ფულს მოვაგროვებ და ჩამოვალ-მეთქი.

როგორც შემპირდნენ, ყვავილების ფაბრიკაში უნდა მემუშავა. მე ყვავილების მაღაზია მქონდა და ვიფიქრე, კვალიფიკაციასაც ავიმაღლებდი. დავსახე გეგმები: ჰოლანდიასთან ახლოსაა ლიტვა და კონტრაქტს გავაფორმებ, თან ვნახავ, როგორ მუშაობენ, რა ტექნოლოგიებით და რომ ჩამოვალ, ყვავილების მაგარ სალონს გავაკეთებ-მეთქი. ადგილზე ჩასვლისთანავე აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ბლეფი იყო.

- კი, მაგრამ როგორ ენდეთ?

- იცით, აქედან 18 ადამიანი წავედით. ჩვენთან ერთად მოდიოდა გოგო, რომელიც იმის ახლო ნათესავი იყო, ვინც ლიტვაში გაგვიშვა. რას წარმოვიდგენდი, რომ თავისიანს ასეთ პირობებში გაუშვებდა? შესაძლოა, არც იყო ნათესავი და ჩვენი ნდობის მოსაპოვებლად მოგვაჩვენა ასე.

ადგილზე რომ ჩავედით, თვითმფრინავთან დაგვხვდნენ, ჩაგვსხეს ავტობუსში და 2 საათის მერე მივედით რომელიღაც სოფელში, სადაც დაგვხვდა ძველი, საბჭოთა პერიოდის, ერთსართულიანი ფაბრიკა თუ ქარხანა, რომელიც ამათ ჰქონდათ გადაკეთებული. იმავე ეზოში იდგა მეორე შენობა, რომელიც მუშების საცხოვრებელი იყო. იქ მიგვიყვანეს, გვითხრეს, რომ კონტრაქტში შეცდომა იყო და 1.200 ევროს მაგივრად ავიღებდით 1.200 ლიტს, რაც დაახლოებით 200 ევრო იყო. თითო ოთახში 8 ადამიანს გვეძინა და ამაში 120 ევროს გვიქვითავდნენ. ხელფასიდან გვრჩებოდა 80 ევრო, რითაც თავი უნდა გაგვეტანა.

- დარჩით და უკან წამოსვლა არ გიცდიათ?

- რომ წამოვსულიყავი, ვალად აღებულ 2.500 დოლარს როგორ გადავიხდიდი? წარმოიდგინეთ, უკან ნაშრომ-ნაწამები, თან "უკაპიკოდ" ბრუნდები. მე ის ვერ გავთვალე, რომ თუ ამხელა ხელფასი იყო, რასაც გვპირდებოდნენ, თვითონ ლიტველები რატომ არ მიდიოდნენ სამუშაოდ? თანაც, ჩვენი ვიზით მხოლოდ იმ ადგილას გვქონდა მუშაობის უფლება და ასე უცბად ვერ დავტოვებდი იქაურობას. დრო მჭირდებოდა, რამე რომ მომეფიქრებინა. ჩვენი უფროსი იყო ძალიან მაღალი, მსუქანი ქალი. სამხედრო ფორმით, მაღალყელიანი ჩექმით და "დუბინკით" დადიოდა. ყოფილი პოლიციელი იყო და ყველაფერს აზანზარებდა. ნაცნობები ჰყავდა მაღალ ეშელონებში, მინისტრებთან მეგობრობდა და დიდი გავლენაც ჰქონდა, ფაქტობრივად, ყველაფერი შეეძლო. ყველგან მოგძებნიდა. (იხილეთ სრულად)