"დაუძახეთ ფოტოგრაფს!" - კვირის პალიტრა

"დაუძახეთ ფოტოგრაფს!"

ფოტოგრაფიისა და ფერწერის სინთეზით ქმნიდა ისეთ კომპოზიციებსა და კოლაჟებს, რასაც თანამედროვე ფოტოხელოვნებაში ფოტოშოპის სპეციალური კომპიუტერული პროგრამებით აღწევენ

ცნობილი კახელი ყაჩაღების, ხარებას და გოგიას ფოტოებს ბევრი იცნობს, თუმცა, ცოტამ თუ იცის მათი ავტორის ვინაობა. არადა, ქართული ფოტოგრაფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენელს ვასილ როინაშვილს  ისეთი შთამბეჭდავი გარეგნობა ჰქონია, რომ პეტერბურგში სამხატვრო აკადემიის მოსამზადებელ კურსზე სწავლისას, სასწავლო სეანსის ბოლოს თურმე ყველა მოწაფე მას ხატავდა.

შესაშური ვაჟკაციც ყოფილა, რომ არა მისი გამბედაობა, საქართველოს უნიკალურ ფოტომატიანეს არ შემორჩებოდა უამრავი უნიკალური კადრი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქვეყნის ისტორიიდან.

ვასილ როინაშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობარი ყოფილა, რომელთანაც რაზმში ჩაწერილა და 1918 წელს მონაწილეობა მიუღია სომხეთ-საქართველოს ომში. ამ ომის ამსახველი მეტად მდიდარი და საინტერესო ფოტომასალა შექმნა.

ვასილი ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის ალექსანდრე როინაშვილის ბიძაშვილი იყო და პროფესიასაც მის ფოტოატელიეში ეუფლებოდა. სწავლაში ხელს ისიც უწყობდა, რომ შესანიშნავად ხატავდა. ამ ნიჭმა მოგვიანებით საშუალება მისცა ფოტოგრაფიაში ორიგინალური ხელწერა დაემკვიდრებინა. ფოტოგრაფიისა და ფერწერის სინთეზით ხშირად ქმნიდა ისეთ კომპოზიციებსა და კოლაჟებს, რასაც თანამედროვე ფოტოხელოვნებაში ფოტოშოპის სპეციალური, კომპიუტერული პროგრამებით აღწევენ.

ორიგინალური ხელწერის გამო, მის შესახებ თურმე თავის დროზევე ბევრი ამბობდა, რომ ვასილ როინაშვილი დროს უსწრებდა.

1905 წლიდან როინაშვილი თელავში დაფუძნებულა, სადაც ცოლად შეურთავს მშვენიერი სოფიო ყაზახაშვილი. აუშენებია დიდი სახლი და პირველ სართულზე მოუწყვია ფოტოატელიე. ეზოში ბაღი გაუშენებია, სადაც საკუთარი ხელით დეკორირებულ კუთხეებში იღებდა პორტრეტებს.

1913 წელს გადაუღია ცნობილი ყაჩაღები "ტყის ძმები" ხარება და გოგია. როდესაც პოლიციელებმა ისინი დახოცეს, ტრაგიკული ფოტოკადრების აღსაბეჭდად ვასილ როინაშვილისთვის დაუძახიათ.

მოგვიანებით, როდესაც გიორგი შენგელაიამ ცნობილი ფილმი "ხარება და გოგია" გადაიღო, ფაქტობრივად გააცოცხლა ვასილ როინაშვილის მიერ გადაღებული ფოტოკადრები. ამის შესახებ რეჟისორი მოგვიანებით ამბობდა კიდეც ინტერვიუებში.

"დაუძახეთ ფოტოგრაფს!" - როდესაც ეს ფრაზა ისმის გიორგი შენგელაიას ფილმის "ხარება და გოგიას" ფინალში, სწორედ ის კადრი ცოცხლდება, როდესაც ფოტოგრაფი ვასილ როინაშვილი დახოცილ ყაჩაღებს უკანასკნელ ფოტოსურათს უღებს.

KvirisPalitra.Ge"განხორციელებული ქართული ოცნება"

ფოტოგრაფ ვასილ როინაშვილის ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარია. კადრში თავად ავტორი, გაზეთით ხელში, ზეცაში გაშლილ ხალიჩაზე წამოწოლილა. ირგვლივ ქართული საქეიფო ატრიბუტებია - ღვინო, ყანწები, ნანადირევი, მუსიკალური ინსტრუმენტები.

ქვემოთ კი თოვლიანი მწვერვალებია. ამ კომპოზიციით ფოტოგრაფი, სავარაუდოდ, თავისი დროის საზოგადოების მიმართ დამოკიდებულებას გამოხატავდა