"ძალიან უნიჭო ხალხია ქართულ პოლიტიკაში და არ შეიძლება იქ ვიყო" - კვირის პალიტრა

"ძალიან უნიჭო ხალხია ქართულ პოლიტიკაში და არ შეიძლება იქ ვიყო"

"ცენტრი" შალვა რამიშვილთან ერთად", - ასე ჰქვია გადაცემას, რომელიც ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, საღამოს 8 საათზე გავა რადიო "პალიტრის" ეთერში FM 103,9-ზე. გადაცემის ავტორს ეყოლება სტუმარი და მსმენელები, რომელთაც შეუძლიათ დარეკონ პირდაპირ ეთერში და მიიღონ სასურველი ინფორმაცია.

სოციალურ ინტერნეტსაიტებზე მასზე წერენ, როგორ მოხდა, რომ პოლიტიკაში არ წავიდა, ან დღეს რატომ არის პოლიტიკურად ინერტულიო? ზოგმა ისიც თქვა, შალვა ავანტიურისტია და ყოველთვის იმას, ისე და იქ აკეთებს, როგორც თავად სჭირდებაო. რას ფიქრობს თვითონ შალვა და რატომ გადაწყვიტა "გაპალიტრელება", ინტერვიუდან შეიტყობთ:

- ჯერ კიდევ ციხეში ვუსმენდი რადიო "პალიტრას" და მომწონს, რომ ცენზურა არა აქვს. საავტორო გადაცემებში სარედაქციო ჩაურევლობა ძალზე საგრძნობია. საინტერესოა იმითაც, რომ მხოლოდ მუსიკალურ ფორმატზე არ არის გამახვილებული ყურადღება, თუმცაღა აკლია გასართობი გადაცემები. ვიფიქრე, რატომაც არ უნდა გამოვიყენო ჩემი ცოდნა და გამოცდილება იმისთვის, რომ გაკეთდეს კიდევ ერთი შოუ და თანაც ისეთ რადიოში, სადაც თავისუფლება ყურით მოთრეული ცნება არ არის.

რადიო "პალიტრის" პარალელურად "ტრიდეში" ვიღებ ფართომეტრაჟიან მულტფილმს, რომელსაც დიდი დრო და ენერგია მიაქვს. ეს იქნება "საახალწლო ზღაპარი".

- მახსოვს შენი წერილები ციხიდან და ხალხის მოლოდინიც, რომ გათავისუფლებისთანავე რომელიმე პარტიაში გაწევრდებოდი, შენ კი, როგორც ჩანს, არც აპირებ პოლიტიკოსობას.

- არ გამოვა ეგ საქმე, ძალიან უნიჭო ხალხია ქართულ პოლიტიკაში და არ შეიძლება იქ ვიყო.

- ამბობენ, რომ შენ ილაპარაკე ხელისუფლებასთან და თანაც საკმაოდ სარფიანად, მიიღე "პოზიცია" ტელევიზიაში.

- რას ნიშნავს სარფიანად? მე ჩემი საქმე  გავაკეთე. მოვამზადე აპოლიტიკური გადაცემა, რომლითაც არავისთვის გამიკეთებია რევერანსები. "სიმართლის დროში" ერთხანს წამყვანი ვიყავი, მაგრამ, როდესაც სენსიტიურ თემებზე იყო საუბარი, თუნდაც ისეთზე, როგორიც ბაგრატოვანთა დინასტიის საკითხების გარკვევა, დოდო გუგეშაშვილისა და "მხედრიონის" ამბებია, მე აღარ მიმყავდა.

- გადაწყვიტე, რომ რადიო "პალიტრას" შენი ფერი შემატო?

- ვერ ვიტყვი, საოცრებას მოვახდენ-მეთქი, მაგრამ დამიჯერეთ, რომ გადაცემა "ცენტრი" საინტერესო გადაცემა იქნება. მოვიწვევ ცნობილ ადამიანებს და ვისაუბრებთ ძალიან ბევრ რამეზე, თანაც ისეთზე, რაზეც ჯერ არაფერი თქმულა. ვეცდები, რესპონდენტი მსმენელს სრულიად უცნობი მხრით დავანახო, პირადად მე სწორედ ეს მაინტერესებს. ძალიან მინდა მოვიწვიო კახა ბენდუქიძე. მე და კახას ბევრი გვისაუბრია და იმის მეათედიც რომ ეთერში გავიდეს, ძალზე საინტერესო გადაცემა გამოვა.

- ხშირად გაიგონებ საყვედურს, ჟურნალისტები ლამის საწოლში უძვრებიან რესპონდენტებს, რომ საინტერესო ინფორმაცია დასტყუონო.

- რესპონდენტს რომ ხვდები, მაშიIნვე გრძნობ, რა ჩიტიც არის. მაგალითად, სასურველი ინფორმაციის მისაღებად შენი მომხიბვლელობა არ გამოგიყენებია? არ გიკეკლუცია რესპონდენტთან, რომ მისი ნდობა მოგეპოვებინა?

- ხალხის დაკვეთაზე მუშაობ, თუ ცდილობ, ის მიაწოდო ხალხს, რაც შენ, როგორც ჟურნალისტს გაინტერესებს?

- მე შოუმენი უფრო ვარ, ვიდრე ჟურნალისტი, თუმცა ჟურნალისტური გამოცდილება მაქვს.  რაც შეეხება საზოგადოებრივ დაკვეთას, ძალზე ფარდობითი ცნებაა. ხალხი არაფერსაც არ მოითხოვს. რასაც მიაწვდი, იმას მიიღებს. ოღონდ გემოვნებით და ობიექტურად უნდა მიაწოდო.

- მაგრამ არის პრობლემები, თემები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.

- დიახ, რამდენიც გინდა, იმდენია. ჩემი აზრით, დღეს განსაკუთრებით აქტუალურია  ღირსეული პარტნიორის პოვნა, საკუთარი თავის დამკვიდრება, რაღაც ღირებულის გაკეთება და მესამე, უფრო გლობალური, - გაიმარჯვო ღირებულებათა, იდეოლოგიათა ბრძოლაში.

- ამბობენ, შალვა რამიშვილს ადამიანის ხასიათის გამოცნობა და გახსნა შეუძლიაო.

- ვიღაც რომ გახსნა, მას სულში უნდა ჩაუძვრე, ეს კი ჯერ საკუთარ თავზე უნდა გქონდეს ნაცადი.

- ამას წინათ ერთ-ერთ საიტზე ჟურნალისტებს სწორედ მაგ სულში ძრომის გამო ლანძღავდნენ, არ რცხვენიათო.

- სირცხვილი ძალიან მეტაფიზიკური რამ არის, რაციონალიზმს არ ემორჩილება.

- სინდისის წინააღმდეგ თუ მიდიხარ ხოლმე?

- გინახავს ვინმე, ვინც ყოველთვის სინდისის კარნახით იქცევა? მე არ ვთამაშობ, არ მჭირდება. რატომ  უნდა ვითამაშო?

- იქნებ ასეთი დამოკიდებულებაც უკვე თამაშია?

- შეიძლება... დანარჩენს "ცენტრიდან" გეტყვი...