საიმპერატორო კარიდან სვანეთის მთებში... - კვირის პალიტრა

საიმპერატორო კარიდან სვანეთის მთებში...

როგორც ევგენიას შვილები იგონებენ, სვანებს ძალიან უყვარდათ მათი დედა. როცა ჩამობნელდებოდა, მასპინძელი რამდენიმე სანთელს ანთებდა, რომ სტუმრებს დაენახათ, რა ლამაზი იყო მათი სტუმარი...

ამ არისტოკრატი ქალის თავგადასავალს იქნებ მისტიკური იერიც დაჰკრავდეს. მას საიმპერატორო კარის დასამშვენებლად ზრდიდნენ, მაგრამ მოულოდნელად სვანეთის მთებში აღმოჩნდა. ასე იქცა იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მრჩევლის, მანჯურიის ელჩის ასული, ევგენია კოჟევნიკოვა მესტიელად, სადაც პირველად 1927 წელს ჩამოვიდა და მას შემდეგ აქაურობას არ მოშორებია. თავისი 12-კილოგრამიანი ფოტოაპარატით დააფიქსირა XX საუკუნის დასაწყისის ისტორია, რომელსაც ნამდვილად აქვს საკრალური იერი, 12 000-ფურცლიანი ნაშრომიც დაწერა სვანების ეთნოლოგიაზე. ევგენიას თავგადასავალსა და მის ფასდაუდებელ ნაშრომს დღემდე სინათლე არ უნახავს. ამ ისტორიის გაცოცხლებაში უდიდესი წვლილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეთნოგრაფ-ისტორიკოს მანანა ხიზანიშვილს და ნინო ტაბუცაძეს მიუძღვით.

როცა მესტიის მუზეუმში ამერიკის საელჩომ და საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ცნობილი ფოტოგრაფის, ედუარდ კურტისის მისტიკურიG ფოტოების გამოფენა გადაწყვიტეს, მანანა ხიზანიშვილმა ამ გამოფენისთვის ევგენია კოჟევნიკოვას ფოტოებიც მოამზადა. ასე დაბრუნდა თანამედროვეობაში განუმეორებელი ისტორიის მონაკვეთი.

მანანა ხიზანიშვილი: - სამწუხაროდ, ამ საოცარი ქალის ამბავი თითო-ოროლამ იცის, მათ შორის შვილებმა, რომლებმაც დედის 12 000-ფურცლიანი ჩანაწერები და სვანეთში 15 წლის მანძილზე გადაღებული ფოტოები დედის გარდაცვალებისთანავე, 1975 წელს, მოიტანეს ეროვნულ მუზეუმში. იმ დღიდანვე დავტრიალებდი ამ მასალას, რომ როგორმე სინათლეზე გამომეტანა, მაგრამ საამისო თანხებს ვერ ვშოულობდი. ევგენია კოჟევნიკოვას XX საუკუნის სვანეთის შესწავლით უდიდესი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ისტორიაში. მას ჩაწერილი და გადაღებული აქვს ამ ეპოქის სვანეთის თითქმის ყველა წეს-ჩვეულება. ახლა გამოფენისთვის მხოლოდ 9 ფოტო მოვამზადე. იმედი მაქვს, დადგება დრო, როცა ევგენიას მოპოვებული მთელი მასალა დამუშავდება და გამოიცემა.

- როგორ მოხვდა ეს ქალი სვანეთში?

- როგორც კი ჩანაწერებზე მუშაობა დავიწყე, მისი შთამომავლების მოძებნაც გადავწყვიტე და თბილისში აღმოვაჩინე. სვანეთსა და საქართველოზე შეყვარებულ ევგენიას არც კი უფიქრია, ქართველის გარდა, ბედი სხვისთვის დაეკავშირებინა. ის იმხანად სვანეთში სამუშაოდ მივლინებულ იურისტ ივანე გუგუშვილს გაჰყვა ცოლად. მათი შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილებიც კი არსად წასულან ამ ქვეყნიდან. ევგენიას დედა პოლონური არისტოკრატიული ოჯახიდან იყო, რომლის წევრები პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისთვის გადაასახლეს, მამა კი, რომელმაც 42 ენა იცოდა, ჯერ იმპერატორის მრჩეველი იყო, მერე კი მანჯურიის ელჩი. თუმცა 40 წლისა გარდაიცვალა გულის შეტევით. ნიკოლოზ II-მ ელჩის დაობლებული შვილები წარჩინებულთა სასწავლებელში გადაიყვანა. ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ კოჟევნიკოვებიც დაემშვიდობნენ იმპერატორის სასახლეს. ევგენიას ძმა ბოლშევიკებმა დახვრიტეს, ევგენიამ შეძლო სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება. სწორედ იქ შეხვდა მას, ვინც საქართველოში წასვლა გადააწყვეტინა - პროფესორ ნიკო მარს. მან ევგენიას უთხრა, თუ ისტორიკოსობა და ეთნოგრაფობა გინდა, სვანეთზე მდიდარსა და საინტერესოს ვერსად იპოვიო. აჩუქა ფოტოაპარატი და სვანეთში გამოამგზავრა. ეს გზა მისთვის სამუდამო აღმოჩნდა, სვანეთში დასახლდა. მართალია, გათხოვების შემდეგ მეუღლეს თბილისში წამოჰყვა, მაგრამ სვანეთში დროდადრო ადიოდა და მუშაობდა - დადიოდა ფეხით, ცხენით, სვანეთის ყველა რიტუალს იღებდა, მის ნამუშევრებში ისეთი სვანეთია ასახული, რომელიც საოცარი საკრალური ძალით გიპყრობს.

როგორც ევგენიას შვილები იგონებენ, სვანებს ძალიან უყვარდათ მათი დედა. როცა ჩამობნელდებოდა, მასპინძელი რამდენიმე სანთელს ანთებდა, რომ სტუმრებს დაენახათ, რა ლამაზი იყო მათი სტუმარი.

ელენე გუგუშვილი, ევგენია კოჟევნიკოვას ქალიშვილი: - დედა ჩამოსვლისთანავე მესტიის ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან სოფელ კალაში, კესა პირველის ოჯახში დასახლდა და იქიდან დადიოდა ყველგან თავისი ფოტოაპარატით და ფანქრით - ყველაფერს იღებდა და იწერდა. რომ წარმოვიდგენ, რამდენად ძნელი იყო ამ აპარატის ტარება, შემეცოდება ხოლმე - აპარატი ხომ მძიმე იყო, ასევე მინის ფირებიც - აპარატიდან გამოსახულება მინაზე უნდა გადასულიყო, საიდანაც ფოტო იბეჭდებოდა. ამდენად, დედას ფოტოებიდან იქნებ ზოგიერთი სათანადო ხარისხის არ იყოს, მაგრამ მათზე ის ისტორიაა ასახული, რომლითაც დედა ცოცხლობდა. 20-იანი წლების დასასრულს საქართველოში ტიფი მძვინვარებდა, მესტიასაც მოედო და დედაც ავად გახდა, სვანებმა კი სასწაული გააკეთეს მის გადასარჩენად - ზამთარში, 2-მეტრიან თოვლში საკაცეზე გონწართმეული დააწვინეს და ფეხით ჩამოიყვანეს ზუგდიდში. კაცები სოფლიდან სოფლამდე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ... დედასაც სულითა და გულით უყვარდა სვანეთი. 70 წლისა გარდაიცვალა და გამუდმებით სვანებზე ლაპარაკობდა. გარდაცვალების წინ ოპერაცია გაუკეთეს, გონზე მოვიდა, ექიმმა ჰკითხა, - აბა, თქვი, სვანურად "ენა" როგორ არისო. პირველი სიტყვა ეს თქვა. სვანური იმდენად კარგად იცოდა, რომ ჩანაწერებსაც სვანურად აკეთებდა, რასაკვირველია, ქართული ასოებით. სვანებთანაც სვანურად ლაპარაკობდა. იმდენად შეუყვარდათ, რომ სახელი ევგენია აღარ მოსწონათ და "დინას" ეძახდნენ - სვანურად "გოგონას" ნიშნავს. ჩვენც ოჯახში ასე ვეძახდით. ვერის სასაფლაოზე დავკრძალეთ... მასთან ახლა მე და ჩემი ძმა შვებით მივალთ - კარგი სათქმელი გვაქვს: ბოლოს და ბოლოს, მისმა ნაშრომმა გზა იპოვა, რაზეც სულ ოცნებობდა...

ეთერ ერაძე